ევროკავშირი წევრ სახელმწიფოებს სთხოვს, გაზაფხულამდე გაზზე მოთხოვნილება 15%-ით შეამცირონ.
ევროკომისიამ დღეს წარმოადგინა ახალი რეგულაცია გაზზე მოთხოვნის შემცირების კოორდინირებული ღონისძიებების შესახებ, ხელშეკრულების 122-ე მუხლის საფუძველზე.
ახალი რეგულაცია ყველა წევრი სახელმწიფოსთვის ისახავს მიზნად, შეამცირონ გაზის მოთხოვნა 15%-ით 2022 წლის 1 აგვისტოდან 2023 წლის 31 მარტამდე. ახალი რეგულაცია კომისიას შესაძლებლობას მისცემს, წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციის შემდეგ, გამოაცხადოს „კავშირის გაფრთხილება“ გაზის მიწოდების უსაფრთხოებაზე და ყველა წევრი სახელმწიფოსთვის სავალდებულო გახადოს გაზის მოხმარების შემცირება.
გაფრთხილება შეიძლება გააქტიურდეს, როდესაც არსებობს გაზის სერიოზული დეფიციტი ან განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნილების რისკი. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განაახლონ თავიანთი საგანგებო სიტუაციების ეროვნული გეგმები სექტემბრის ბოლოს, რათა აჩვენონ, თუ როგორ აპირებენ შემცირების მიზნის მიღწევას და ყოველ ორ თვეში ერთხელ უნდა მოახსენონ კომისიას პროგრესის შესახებ. წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც ითხოვენ სოლიდარული გაზის მიწოდებას, მოეთხოვებათ წარმოაჩინონ ზომები, რომლებიც მიიღეს შიდა მოთხოვნის შესამცირებლად.
„კრემლის მიერ გაზის ექსპორტის იარაღად გამოყენების გამო, ევროკავშირს ემუქრება რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის რისკი. ახლავე მოქმედებამ შეიძლება შეამციროს ევროპისთვის რისკიც და ხარჯებიც შემდგომი ან სრული შეფერხების შემთხვევაში და გააძლიეროს ევროპის ენერგეტიკული მდგრადობა. ამიტომ, კომისია დღეს სთავაზობს ახალ საკანონმდებლო ინსტრუმენტს და გაზზე მოთხოვნის შემცირების ევროპულ გეგმას, რათა მომავალ გაზაფხულამდე ევროპაში გაზის მოხმარება 15%-ით შემცირდეს. ყველა მომხმარებელს, საჯარო ადმინისტრაციას, შინამეურნეობებს, საჯარო შენობების მფლობელებს, ელექტროენერგიის მიმწოდებლებსა და ინდუსტრიას შეუძლია და უნდა მიიღოს ზომები გაზის დაზოგვის მიზნით. კომისია, ასევე, დააჩქარებს მუშაობას მიწოდების დივერსიფიკაციაზე“, — აცხადებს ევროკომისია.
ევროკომისიის გეგმა ყურადღებას ამახვილებს გაზის სხვა საწვავებით ჩანაცვლებაზე და ენერგიის მთლიან დაზოგვაზე ყველა სექტორში. გეგმა ითვალისწინებს სახელმძღვანელო მითითებებს წევრი სახელმწიფოებისთვის, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ შემცირების დაგეგმვისას.
ევროკომისიის აზრით, ამ ზაფხულს გაზის სხვა საწვავებით ჩანაცვლებით და ენერგიის დაზოგვით შესაძლებელია მეტი გაზის შენახვა ზამთრისთვის.
კომისიის მიერ შეთავაზებული გაზის მოთხოვნის შემცირების გეგმით, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს განახლებად ან უფრო სუფთა, ნაკლებად ინტენსიურ ან დამაბინძურებელ ვარიანტებზე გადასვლას. თუმცა ქვანახშირზე, ნავთობზე ან ბირთვულ სისტემაზე გადასვლა შეიძლება საჭირო გახდეს, როგორც დროებითი ღონისძიება. ენერგიის დაზოგვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საყრდენი, ევროკომისიის ხედვით, არის გათბობისა და გაგრილების შემცირება. კომისია მოუწოდებს ყველა წევრ სახელმწიფოს, წამოიწყონ საზოგადოების ინფორმირებულობის კამპანიები, რათა ხელი შეუწყონ გათბობისა და გაგრილების შემცირებას ფართო მასშტაბით და განახორციელონ ევროკავშირის Energy Save Communication, რომელიც შეიცავს უამრავ ვარიანტს მოკლევადიანი დაზოგვისთვის. მაგალითის მისაცემად წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება მოითხოვონ გათბობისა და გაგრილების მიზნობრივი შემცირება საჯარო ხელისუფლების მიერ მართულ შენობებში.
ევროკომისიის წინადადებას საბჭო განიხილავს 26 ივლისს ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე.
ამ თემაზე გირჩევთ:
ბაქო EU-ს ორჯერ მეტ გაზს მიაწვდის – რას ცვლის ეს ევროპისა და საქართველოსთვის