ახალი ამბები

განაჩენის აღსრულების გადავადების შესახებ შალვა ხაჭაპურიძემ საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირა

19 ივლისი, 2022 •
განაჩენის აღსრულების გადავადების შესახებ შალვა ხაჭაპურიძემ საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ და იურისტმა ზურაბ ვანიშვილმა პარლამენტში დაარეგისტრირეს განაჩენის გადავადების მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ საკანონმდებლო წინადადება.

ცვლილების მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულს არ აქვს ერთი კონკრეტული “მძიმე” დაავადება, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღენიშნება რამდენიმე დაავადება, რაც ერთობლიობაში მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას პატიმრობასთან შეუსაბამოს ხდის, უნდა გადაიდოსთავისუფლების აღკვეთა გამოჯანმრთელებამდე ან მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.

განაჩენის აღსრულების გადავადება გულისხმობს მსჯავრდებულისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დროებით გათავისუფლებას, მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ კი მსჯავრდებული კვლავ საპატიმროს უბრუნდება.

ამჟამინდელი რედაქციით, მსჯავრდებულის განაჩენის გადავადება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დაავადებულია “მძიმე” ავადმყოფობით. შალვა ხაჭაპურიძის განმარტებით, არსებული პრაქტიკის თანახმად, კანონში არსებულ ამ ჩანაწერს მოსამართლეების ნაწილი არასწორად იყენებს. კერძოდ, მისი თქმით, არსებობს შემთხვევები, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა თქვეს, რომ გადავადებისთვის საჭირო იყო გათავისუფლების ჩამონათვალში არსებული დაავადებიდან ერთ-ერთი.

“შეიძლება მსჯავრდებულს აწუხებს ღვიძლი, გული და ერთობლიობაში მძიმე ავადმყოფის შემადგენლობას იძლეოდეს, თუმცა არ იყოს კონკრეტული ერთი მძიმე დაავადება.

კანონში დარჩენილია ისეთი საკანონმდებლო ხარვეზები, რომელსაც ზოგიერთი მოსამართლე ბოროტად იყენებს. ამის გამოყენება რომ არ მოხდეს ბოროტად, ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ საკანონმდებლო წინადადებით მივმართოთ პარლამენტს”, – უთხრა ნეთგაზეთს ხაჭაპურიძემ.

საკანონმდებლო წინადადების თანახმად კი, ცვლილება მოსამართლეს შესაძლებლობას მისცემს, გადაწყვეტილება კონკრეტული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე მიიღოს. ეს კრიტერიუმებია:

  • მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი
  • მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლები
  • სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი ქცევა

ამასთან, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით არ უნდა არსებობდეს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს სასამართლოს მიერ აღსრულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილების ზეპირი მოსმენის გარეშე მიღების აკრძალვასაც.

განმარტებითი ბარათის თანახმად, აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მაქსიმალურად დაცული იყოს და სასამართლოსთვის საკუთარი პოზიციის ზეპირად დასაბუთების საშუალება მიეცეს.

საკანონმდებლო ცვლილება ასევე ითვალისწინებს განაჩენის გადავადების შემთხვევაში მსჯავრდებულის მიერ ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის პერიოდულობის შესახებ საკანონმდებლო შეზღუდვის გაუქმებასაც.

კერძოდ, ამჟამად ექსპერტიზის ჩატარება მსჯავრდებულისთვის წელიწადში მინიმუმ ერთხელ სავალდებულოა. ცვლილებების თანახმად კი, მოსამართლე თავად, საკანონმდებლო მოთხოვნის გარეშე, უფლებამოსილი იქნება, განსაზღვროს ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის პერიოდულობა.

საკანონმდებლო წინადადების ერთ-ერთი ავტორის, შალვა ხაჭაპურიძის განმარტებით, მათ მიერ გამოთხოვილი სტატისტიკის თანახმად, სასჯელის გადავადების და გათავისუფლების მაჩვენებელი ძალიან დაბალია, პარალელურად კი, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში “ძალიან ბევრი პატიმარი იღუპება”, რაც აღნიშნული ინიციატივის დარეგისტრირების საფუძველი გახდა.

მისი თქმით, ინიციატივა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს “ცალსახად არ უკავშირდება”, რადგან ამ დროისთვის არ აქვთ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ უახლესი ექსპერტიზის დასკვნა.

“ეს სააკაშვილს არ უკავშირდება ცალსახად, უბრალოდ, სააკაშვილის საქმეზე მუშაობის პროცესში შევისწავლეთ და უცნაური პრაქტიკა გამოიკვეთა.

ჯერ მის საქმეზე ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას და დასკვნის მიხედვით გავარკვევთ, გადავადებაზეა საუბარი, გათავისუფლებაზე თუ საერთოდ არ არის არცერთზე. სანამ დასკვნა არ დაიდება, რაიმე სასამართლო პერსპექტივაზე და პროცედურებზე საუბარი ნაადრევია”, – უთხრა ნეტგაზეთს ხაჭაპურიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი