ახალი ამბები

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ჭიათურაში კაცი მოკლა და ავარიის ინსცენირება მოაწყო

18 ივლისი, 2022 •
შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ჭიათურაში კაცი მოკლა და ავარიის ინსცენირება მოაწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის განადგურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიების ვერსიით, მიმდინარე წლის 15 ივლისს ჭიათურის მუნიციპალიტეტში  ბრალდებულმა, ვალთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ნაცნობს – 1982 წელს დაბადებულ ბ.ა.-ს, რომელიც თავის კუთვნილ ავტომანქანაში იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. უწყების თქმით, დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციის ინფორმაციით, ვ.ც.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება მოაწყო. კერძოდ, შსს-ს განცხადებით, ბრალდებულმა გარდაცვლილი მძღოლი მგზავრის სავარძელზე გადაიყვანა, მისი ავტომანქანის საჭესთან თავად დაჯდა, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ავტომობილი ხევში გადააგდო, შემდეგ სალონში ცეცხლი გააჩინა და მიიმალა.

„სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს და ვ.ც. ბრალდებულის სახით ჭიათურის მუნიციპალიტეტში დააკავეს“, – აცხადებენ უწყებაში.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის განადგურების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი