ახალი ამბები

ზელენსკიმ გენპროკურორი და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დაითხოვა

18 ივლისი, 2022 •
ზელენსკიმ გენპროკურორი და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დაითხოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გადააყენა გენერალური პროკურორი და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

როგორც უკრაინული მედია წერს, ირინა ვენედიკტოვა პირველი ქალია, რომელიც უკრაინაში გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა. ის 2020 წლის გაზაფხულზე დაინიშნა და Kyiv Independent-ის ცნობით, მალევე მედიის კრიტიკის სამიზნეც გახდა.

გამოცემა წერს, რომ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გენპროკურორი ვერ ახერხებდა ზელენსკისთან აფილირებული პირების წინააღმდეგ კორუფციის საქმეებზე სათანადო გამოძიების უზრუნველყოფას.

რაც შეეხება უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, გამოცემის ცნობით, ივან ბაკანოვი ვოლოდიმირ ზელენსკის ბავშვობის მეგობარი და დიდი ხნის საქმიანი პარტნიორია, რომელიც ამ თანამდებობაზე 2019 წლის აგვისტოში დაინიშნა, მანამდე კი ზელენსკის კომპანიის, „კვარტალი 95-ის“ ტოპ მენეჯერი იყო.

უკრაინული მედიის ცნობით, ჯერ კიდევ შესაბამისი დადგენილების გამოცემამდე კვირებით ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის პირობებში არასათანადო ქმედებების გამო ზელენსკის  განზრახული ჰქონდა ბაკანოვის გადაყენება.

დადგენილებაში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა გამოსცა, წერია, რომ ბაკანოვმა უგულებელყო საკუთარი უფლებამოსილებები, რამაც გამოიევია ადამიანების დაღუპვა და სერიოზული შედეგები.

რაც შეეხება ირინა ვენედიკტოვას, მასთან დაკავშირებით ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიმდინარეობს 651 საქმეზე გამოძიება ღალატისა და კოლაბორაციონისტული მოქმედებების გამო გენერალური პროკურატურის თანამშრომლების წინააღმდეგ. ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პროკურატურის 60-ზე მეტი თანამშრომელი დარჩა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მათთან კოლაბორაციაში იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი