ახალი ამბები

საბერძნეთში უკრაინული სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა

17 ივლისი, 2022 •
საბერძნეთში უკრაინული სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა

საბერძნეთში უკრაინული სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელსაც სავარაუდოდ, 12 ტონა საბრძოლო მასალა სერბეთიდან იორდანიაში გადაჰქონდა. როგორც BBC წერს, საბერძნეთში შიშობენ, რომ კატასტროფის შედეგად ატმოსფეროში ტოქსიკური ნივთიერებები გაიფრქვა რის გამოც, ინციდენტის მიმდებარედ მცხოვრებ პირებს შინ დარჩენისკენ მოუწოდებენ.

Antonov-12-ის მარკის თვითმფრინავი, რომელსაც ოპერირებას უკრაინული კომპანია უწევდა, სერბეთიდან იორდანიის მიმართულებით მიფრინავდა, როცა ქალაქ კავალასთან კატასტროფა განიცადა. ბერძნული მედიის განცხადებით, ხომალდზე 12 ტონა ტვირთი იყო, მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერებები და საბრძოლო მასალა.

გამოცემა წერს, რომ პილოტმა საავარიო დაშვება მოითხოვა კავალას აეროპორტში და ძრავის პრობლემის შესახებ განაცხადა, თუმცა დასაფრენ ბილიკამდე მისვლა ვეღარ მოახერხა.

ადგილობრივების ცნობით, სამაშველო სამსახურები ადგილზე მალევე მივიდნენ, თუმცა ცეცხლში გახვეულ თვითმფრინავთან მიახლოებას ვერ ახერხებდნენ, რამდენადაც აფეთქებები გრძელდებოდა. მათი განცხადებით, თვითმფრინავს ხმელეთზე დაცემამდე უკვე ცეცხლი ეკიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი