ახალი ამბები

„ოცნება“ პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევისთვის აკრიტიკებს

15 ივლისი, 2022 •
„ოცნება“ პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევისთვის აკრიტიკებს

„ქართული ოცნება“ არ ეთანხმება პრეზიდენტის ინიციატივას და არ აპირებს ჩაერთოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის პროცესში.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მმართველი გუნდის წევრმა ანრი ოხანაშვილმა პრეზიდენტი პირიქით დაადანაშაულა პოლარიზაციის გაღრმავებაში.

„პრეზიდენტი, რომელიც თვითონ საუბრობს ხოლმე შერიგებასა და დეპოლარიზაციაზე, უწყობს ხელს, რომ პოლიტიკური სახე მიიღოს ამ ყველაფერმა და პოლიტიკური ტრიბუნა მიეცეს მხარეებს, რომ შეფასებები გაკეთდეს. არის ინსტრუმენტი, რომ ეს საკითხები ჯერ ჩვენ განგვეხილა, გვემსჯელა და შემდეგ გაგვეტანა სესიაზე“, — უთხრა ანრი ოხანაშვილმა მედიას დღეს, 15 ივლისს.


პრეზიდენტმა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნა გაითვალისწინა და რიგგარეშე სესია მოიწვია.

რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 46-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიმართა.

ოპოზიციის ნაწილის განცხადებით, რიგგარეშე სესიის დღის წესრიგი, რომელიც  18 ივლისიდან უნდა დაიწყოს,  ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო 12- პუნქტიანი რეკომენდაციიდან რამდენიმე მიმართულებას შეეხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი