ახალი ამბები

EU რუსეთისთვის სანქციების ვადას აგრძელებს და ოქროს იმპორტს კრძალავს

15 ივლისი, 2022 •
EU რუსეთისთვის სანქციების ვადას აგრძელებს და ოქროს იმპორტს კრძალავს

ევროკომისიამ დღეს მიიღო დამატებითი ზომები, რათა რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული „სანქციების ექვსი, უპრეცედენტო პაკეტი გაძლიერდეს“.

ევროკომისიის განმარტებით, ახალი პაკეტი კრძალავს რუსული ოქროს იმპორტს. ამასთან, სანქციების მოქმედების ვადა 2023 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა. მოგვიანებით ევროკომისია კვლავ იმსჯელებს ამ საკითხზე.

ევროკომისიის პრესცენტრის თანახმად, სანქციების დღევანდელი, „შენარჩუნებისა და გასწორების“ პაკეტი აწესებს ცვლილებებს ოპერატორებისთვის სამართლებრივი უსაფრთხოების გასაძლიერებლად და წევრი სახელმწიფოების მიერ აღსრულების მიზნით.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 15 ივლისს განაცხადა:

„რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება. ამიტომ, ჩვენ დღეს გამოვდივართ ინიციატივით, გამკაცრდეს ევროკავშირის მძიმე სანქციები კრემლის წინააღმდეგ, უფრო ეფექტურად აღსრულდეს ისინი და გახანგრძლივდეს 2023 წლის იანვრამდე. მოსკოვს ძვირად უნდა უჯდებოდეს აგრესიის გაგრძელება“.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა კი განაცხადა:

„დღევანდელი პაკეტი ასახავს ჩვენს კოორდინირებულ მიდგომას საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, დიდ შვიდეულთან“.

ევროკომისია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ევროკავშირის სანქციები არ ეხება სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობას მესამე ქვეყნებსა და რუსეთს შორის.

მასალების გადაბეჭდვის წესი