სამოქალაქო პლატფორმა “სალამის” ორგანიზებით თბილისში გაიმართა აქცია-პერფორმანსი, რომლითაც კიდევ ერთხელ მოითხოვეს ეთნიკური უმცირესობებისთვის პროგრამა 1+4-ის ფარგლებში ქართული ენის უფასოდ სწავლება.
სამოქალაქო აქტივისტები მთავრობის ადმინისტრაციასთან 14 ივლისის საღამოს შეიკრიბნენ და სანთლებით გამოსახეს კამპანიის სლოგანი “მასწავლე ქართული უფასოდ!”
“ჩვენ ძალიან ხშირად და ამ შენობაში [მთავრობის ადმინისტრაციაში] მყოფ ადამიანებს ან თუნდაც საქართველოს პარლამენტში, მაღალი თანამდებობის პირებს ვესაუბრებოდით ამ საკითხზე.
რეაგირება, სამწუხაროდ, არ ყოფილა და არც იგრძნობა, რომ ამის მზაობა არის. ამიტომ ვიფიქრეთ, რომ სათქმელის სხვადასხვანაირად გადაცემა იქნებოდა ამ შემთხვევაში კარგი”, — უთხრა “ნეტგაზეთს” კამპანიის მონაწილემ აითაჯ ხალილლიმ.
აქცია-პერფორმანსი მთავრობის ადმინისტრაციასთან. ფოტო: აითაჯ ხალილლი
აქცია-პერფორმანსი მთავრობის ადმინისტრაციასთან. ფოტო: აითაჯ ხალილლი
პროგრამა 1+4 2010 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ჰქონდეთ საშუალება, უმაღლესი განათლება მიიღონ საქართველოში გამარტივებული წესით.
პროგრამა ითვალისწინებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ ენებზე და სათანადო ქულების დაგროვების შემთხვევაში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. ახალგაზრდები გადიან მომზადების 1-წლიან კურსს ქართულ ენაში და 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში აგრძელებენ სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე.
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები პროტესტს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ყველას არ აქვს შესაძლებლობა, 1+4 პროგრამით გათვალისწინებული ქართული ენის ერთწლიანი კურსი გაიაროს უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ.
უფასოდ მხოლოდ ის სწავლობს, ვინც ბარიერს გადალახავს. სხვებისთვის სახელმწიფო ენის შემსწავლელი ეს კურსი ფასიანია და ღირს 2250 ლარი.
“მოთხოვნები, სანამ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან მივა, გზაში იკარგება რაღაც ფორმით. ჩვენ არ გვინდა, ჩვენი მოთხოვნა დაიკარგოს. ამიტომ ნებისმიერ სხვა მექანიზმსაც გამოვიყენებთ ამისთვის”, — დასძენს აითაჯ ხალილლი.
ვრცლად ამ თემაზე:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/399752/