ახალი ამბები

რატომ სურთ ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს „გვარის დაბრუნება“

27 სექტემბერი, 2021 • 2599
რატომ სურთ ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს „გვარის დაბრუნება“

საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ საკანონმდებლო ცვლილებას, რაც მათ „გვარების დაბრუნების“, „გვარების ოკუპაციისგან გათავისუფლების“ შესაძლებლობას მისცემს.

პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენიდან თითქმის 2 თვის შემდეგ, საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფმა პარლამენტს 27 000-მდე ხელმოწერა წარუდგინა.

აქტივისტების თანახმად, ახლა ჯერი პარლამენტზეა — რამდენად მოუსმენს საკანონმდებლო ორგანო საკუთარი მოქალაქეების ინიციატივას.

რა ხდება?

საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების ნაწილი უკვე დიდი ხანია, ამბობს, რომ სურთ, მათ გვარებს რუსული დაბოლოება ჩამოშორდეს, რადგან ამას საბჭოთა/რუსული ოკუპაციის არასასურველ ანდერძად მიიჩნევენ.

ეთნიკური აზერბაიჯანელებით დაკომპლექტებული სათემო ორგანიზაციის, „სალამის“ აქტივისტს, 22 წლის აიჰან კასანლის საკუთარი თავი მოჰყავს მაგალითად და განმარტავს:

„მე პირადად საქართველოს მოქალაქე ვარ, ეთნიკურად აზერბაიჯანელი ვარ, მაგრამ ოფიციალურად მაქვს რუსული გვარი – კასანოვი. ეს არ არის ჩემი გვარის ავთენტური დასახელება, მე კი მინდა, რომ პირადობის მოწმობაშიც მეწეროს ჩემი ნამდვილი, ავთენტური გვარი – კასანლი“.

საინიციატივო ჯგუფის წევრები, მათ შორის აისან კასანლი, პარლამენტთან. 27.09.2021

ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების გვარები, – ისევე, როგორც აზერბაიჯანში მცხოვრებლებისა, – ხშირად ბოლოვდება რუსული, ოვ-ევ სუფიქსით. თუმცა ისტორიული დასახელება ხშირად სხვანაირია ხოლმე. ასე, მაგალითად:

  • ხალილოვი – ხალილლი
  • მამედოვი – მამადლი
  • ისმაილოვა – ისმაილი
  • ალიევი – ალისოი
  • გულმამედოვა – გულმამედლი და ა.შ..

„სალამის“ თანახმად, ეს მოცემულობა საბჭოთა იმპერიალიზმის კვალია: „[ეს არის] საბჭოთა კავშირის დროს, კონკრეტულად 1930-იან წლებში არსებული რეპრესიული პოლიტიკის შედეგი“.

საქართველოში გვარების შეცვლის ისტორიაც საბჭოთა პერიოდში არსებულ პოლიტიკას უკავშირდება, როდესაც მოსახლეობის აღრიცხვისთვის სავალდებულო გახდა რუსული სუფიქსების დართვა.

„სალამის“ წარმომადგენლის, ქამრან მამედლის თანახმად, ეს პრაქტიკა რუსეთის იმპერიის პირობებში იღებს სათავეს:

„რუსეთის იმპერიის პირობებში, იმპერიამ მაშინდელ ელიტასთან დაახლოებულ აზერბაიჯანელებს მიანიჭა რუსული გვარები; მოგვიანებით, ბოლშევიზმის, საბჭოთა კავშირის პირობებში, ამან მასობრივი ხასიათი მიიღო და დღეს გვარების 99%-ის დაბოლოება არის რუსული… ჩვენ კი არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ეს გვარები შევიცვალოთ და დავუბრუნდეთ ისეთ გვარებს, რომელიც ჩვენი ეთნიკური კუთვნილებისთვის უფრო დამახასიათებელია“.

საკანონმდებლო ჩარჩო

ამ იდეის შესაბამისი კამპანია, სახელწოდებით „გვარი დამიბრუნე“, 2020 წლის დასაწყისში წამოიწყო სამოქალაქო პლატფორმა „სალამმა“.

როგორც თავდაპირველ განცხადებებში მოძრაობა განმარტავდა, გვარის რედაქტირება მათი ტრადიციული გვარის დაბოლოებების დამატებით, ან უბრალოდ რუსული გვარის დაბოლოებების წაშლის გზით, პრაქტიკულად შეუძლებელია:

„რაიმე კანონი, ბრძანება და რეგულაციები ამას არ ითვალისწინებს. განცხადებების წერის, გათვალისწინებული საფასურების გადახდის, 3-თვიანი უშედეგო ლოდინის მერე სასამართლოში გვიწევს პოზიციისა და მოთხოვნის დაცვა, რომელიც დაკმაყოფილდება თუ არა, გარანტი არაა. და თუ დაკმაყოფილდება, მაშინ საგვარეულოს ყველა წევრს იგივე ბრძოლის გავლა მოუწევთ“, – აცხადებდნენ „სალამში“.

არასამთავრობო ორგანიზაციის, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განმარტებით, გვარის ცვლილებისა და აღდგენის არსებული საკანონმდებლო ჩარჩო ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების უმრავლესობას არ აძლევს ტრადიციული გვარების აღდგენის შესაძლებლობას.

კერძოდ, ორგანიზაციის თანახმად, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის 64-ე და 65-ე მუხლები, რომლებიც ამ საკითხებს მიემართება, ართულებს ავთენტური გვარების დაბრუნების პროცესს და მოქალაქეზე მტკიცების გადაჭარბებულ ტვირთს აწესებს. მაგალითად:

„კანონის 65-ე მუხლის თანახმად, პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი ისტორიული გვარის აღდგენა, თუ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ მისი გვარი წარმოიშვა სხვა გვარის გარდაქმნის ან მისი ისტორიული გვარის წარმომადგენლის მიერ სხვა გვარის მიღების შედეგად.

სხვა მტკიცებულებებთან ერთად ისტორიული გვარის აღდგენას საფუძვლად აგრეთვე შეიძლება დაედოს დასაბუთებული მეცნიერული ვარაუდი, რომლითაც დასტურდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარემოებების არსებობა“.

თუმცა, როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აღნიშნავს, სამოქალაქო რეესტრის საარქივო დოკუმენტებში აღმავალი შტოს ნათესავების დოკუმენტაცია მეტწილად არ იძებნება, რაც იძებნება, იმ დოკუმენტებში მხოლოდ რუსული სუფიქსით გადაკეთებული გვარები ფიქსირდება, ხოლო დასაბუთებული მეცნიერული ვარაუდის შესაქმნელად ამ მოცემულობით მზა დოკუმენტი/კვლევა არ არსებობს და ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში მოქალაქეს მოუწევს შესაბამისი მეცნიერის/ისტორიკოსის მოძიება, ფინანსური და სხვა რესურსების გაღება და კვლევის დაკვეთა, რაც შესაძლოა არც პასუხობდეს ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

„საჭიროა საკითხის სპეციალური რეგულირება, რომელიც სუფიქსების დამატებით გადაკეთებული გვარების შეცვლის წესს ცალკე მოაწესრიგებს და მას გვარის შეცვლის კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევებისგან გამიჯნავს“, – მიიჩნევენ ორგანიზაციაში.

ამ რეალობის შეცვლის და პროცედურის გამარტივებისა და გასაყოველთაოობის მიზნით, დაიწყო კამპანია ფეისბუკზე, რომლის ფარგლებშიც არაერთმა მოქალაქემ ფეისბუკის პროფილზე ისტორიული გვარი დაიწერა.

#გვარიდამიბრუნე

2021 წლის ზაფხულში კი ინიციატივა მომდევნო ეტაპზე გადავიდა და „სალამმაც“ საკანონმდებლო ცვლილებაზე დაიწყო მუშაობა.

2021 წლის 2 აგვისტოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა საინიციატივო ჯგუფის ოფიციალურად რეგისტრაციის საკითხს.

ამის შემდეგ, საინიციატივო ჯგუფს 45 დღე ჰქონდა, სულ მცირე, 25 000 ხელმოწერის შესაგროვებლად, რათა ინიციატივას ამ რაოდენობის მოქალაქე უმაგრებდეს ზურგს.

„2 აგვისტოდან, – ზუსტად მას შემდეგ, რაც კომიტეტში დავრეგისტრირდით, – დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება თბილისში, კახეთში, გარდაბანში, ბოლნისში, დმანისში, მარნეულში… თითქმის ყველგან, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. და აღსანიშნავია, რომ ეთნიკურად ქართველების მხრიდან იყო დიდი მხარდაჭერა, სოლიდარობით განმსჭვალულები იყვნენ ამ პროცესის მიმართ“, – ამბობს „ნეტგაზეთთან“ აიჰან კასანლი.

„სალამის“ კიდევ ერთი აქტივისტის, 25 წლის აითაჯ ხალილლის თქმით, მუშაობის პროცესში საინიციატივო ჯგუფის წევრებმა უფრო ნათლად დაინახეს, რომ გვარის დაბრუნების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული საკითხი ყოფილა ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობისთვის:

აითაჯ ხალილლი, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

„უბრალოდ, ამდენი ხნის განმავლობაში ეს ვერ მოხერხდა, რადგან თემს არ ჰქონდა თვითორგანიზების გამოცდილება, ასევე, არ ჰქონდა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, საჯარო პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენის მექანიზმებზე ინფორმაცია. ამიტომ ხმის ამაღლება ამ საკითხზე უჭირდათ“, – ეუბნება აითაჯ ხალილლი „ნეტგაზეთს“.

ახლა კი ინიციატივა იმაზე ახლოს დგას საკანონმდებლო ცვლილებასთან, ვიდრე ოდესმე.

„არ არის ერთი ეთნიკური ჯგუფის პრობლემა“

„სალამის“ თანახმად, ინიციატივას ევროკავშირის დაფინანსებით უჭერს მხარს ორგანიზაცია People in Need, ხოლო საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებაში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია იღებდა მონაწილეობას.

ამ პროცესის მონაწილე, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) წარმომადგენელი მარი კაპანაძე აცხადებს:

„კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ერთი კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის პრობლემასთან, – ის გაცილებით მასშტაბურია და ეხება ყველა იმ ადამიანს, რომლის გვარის დაბოლოებაშიც ხელოვნურად არის შემოსული რუსული დაბოლოებები“.

კაპანაძის თქმით, კანონპროექტი „ნებისმიერ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, მიმართოს შესაბამის უწყებებს, კერძოდ კი იუსტიციის სახლს, და მოითხოვოს საკუთარ გვარში დაბოლოების შეცვლა, თუკი ცვლილება წარსულში მოხდა ასეთი ხელოვნური გზით; თუ მათ არაავთენტური გვარი აქვთ ამ ეტაპზე და უნდათ, დაუბრუნდნენ ისტორიულ გვარს“, – ამბობს იგი.

GDI-ს წარმომადგენლის თანახმად, ამ კანონპროექტით სარგებლობა, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების გარდა, შეეძლებათ, მაგალითად, ეთნიკურად სომეხ მოსახლეობასა, სადაც ასევე გვხვდება მსგავსი მაგალითები.

„ეს იყო ინკლუზიური პროცესი და ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები ვიყავით ჩართულები, რათა კანონპროექტი ყოფილიყო მორგებული აბსოლუტურად ყველა ადამიანზე. ამ კანონპროექტის შემუშავებისას აქტიურად ვითანამშრომლეთ ისტორიკოსებთან და გავეცანით სხვა ქვეყნების გამოცდილებას“, – ამბობს იგი.

„ჯერი პარლამენტზეა“

როგორც „სალამის“ წარმომადგენელი აითაჯ ხალილლი ამბობს „ნეტგაზეთთან“ საუბარში, მისი ინფორმაციით, პარლამენტში ხელმოწერების წარდგენიდან 2 კვირის ვადაში ხელმოწერების ავთენტურობა გადამოწმდება, შემდეგ კი საკითხი უკვე პლენარულ სესიებზე გავა კენჭისყრისთვის.

„დღეს უკვე გადაწყვეტილების მიღების ლოდინის რეჟიმში გადავდივართ. არაერთ პარლამენტართან გვქონდა კონსულტაციები ამ საკითხზე. დავინახეთ, რომ მხარდაჭერა იყო ძალიან მაღალი, შესაბამისად, იმედები უფრო გვაქვს, რომ როდესაც გადავა პლენარულ სესიაზე, შედეგი იქნება პროდუქტიული“, – ამბობს აითაჯ ხალილლი.

„ეს, ფაქტობრივად, ისტორიული, ჩვენი თემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია… ჩვენი კანონპროექტი თუ დამტკიცდება პარლამენტის მიერ, ეს იქნება დემოკრატიული, სამოქალაქო ჩართულობის ძალიან კარგი მაგალითი, როდესაც ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლების მიერ შეტანილი კანონი დამტკიცდა“, – მიიჩნევს აიჰან კასანლი.

მასალების გადაბეჭდვის წესი