ახალი ამბები

“შეშფოთების საგანია” – დეგნანი ჟურნალისტების ჩანაწერზე

15 ივლისი, 2022 •
“შეშფოთების საგანია” – დეგნანი ჟურნალისტების ჩანაწერზე

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ჟურნალისტების შესაძლო ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ შეშფოთებას, რომელიც მოდის საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან.

დეგნანი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, პროფესიული მოვალეობა დაშინების გარეშე შეასრულონ და საკუთარი საქმიანობით საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, რაც ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია.

ელჩის თქმით, სწორედ ამის გამო მოუწოდებდნენ საქართველოს პარლამენტს, მოსმენების შესახებ კანონმდებლობის მიღება გადაედოთ, რადგანააც, დეგნანის თქმით, კანონპროექტის წარმოდგენილი მოდელი არ შეესაბამებოდა ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკას. დეგნანი ასევე ხაზს უსვამს, რომ ამ დრომდე გამოუძიებელია სუს-იდან შესაძლო გაჟონილი ფაილების საქმეც:

„ეს ფაქტი არის კიდევ ერთი შეხსენება ჩვენი შეშფოთებისა მოსმენებთან დაკავშირებით და არამხოლოდ ჟურნალისტებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ ვურჩევდით საკანონმდებლო ორგანოს, შეეყოვნებინა მოსმენების კანონმდებლობის მიღება, რადგან ის არ შეესაბამებოდა ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკას. სწორედ ამიტომ, ასევე მოვუწოდებდით ხელისუფლებას, გამოეძიებინა ის ფაქტები, როცა პრესაში გავიდა ინფორმაცია სასულიერო პირების და სამოქალაქო საზოგადოების მოსმენების შესახებ.

რა თქმა უნდა, ეს არის შეშფოთების საგანი ყველასათვის. იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა საქართველოში ვიხილოთ თავისუფალი საზოგადოება, რომელიც არ იფიქრებს იმაზე, რომ მას უსმენენ არაკანონიერად.

ზოგადად, მედიათავისუფლებას შევეხები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის პოლიტიკისთვის. სწორედ ამ კვირაში მქონდა შეხება ჟურნალისტური ქარტიის წარმომადგენელ ჟურნალისტებთან და გვქონდა კარგი დისკუსია. ისინი საუბრობდნენ იმ პრობლემებზე, რაც შეეხებოდა ზეწოლას, მათზე თავდასხმებს, და ამ მიმართულებას ვხედავთ ჟურნალისტებთან ურთიერთობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეასრულონ პროფესიული მოვალეობა დაშინების და შიშის გარეშე, რათა შეძლონ საზოგადოების ინფორმირება თავიანთი საქმიანობით. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიისთვის“ ,- აცხადებს აშში-ის ელჩი საქართველოში.


13 ივლისს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ტელეწამყვანმა, „აი უცნობის“ დამფუძნებელმა, გიორგი გაჩეჩილაძემ (სასცენო სახელით „უცნობმა“) გაავრცელა ჩანაწერი, რომელიც ასახავს„მთავარი არხის“ ერთ-ერთი გადაცემის სარედაქციო ჯგუფის საუბარს.

ჩანაწერში ასახულია გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ დაგეგმვის პროცესი, სადაც მედიის ოთხი წარმომადგენელია ჩართული.

კერძოდ, აუდიოჩანაწერი ასახავს თათბირს ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას, გადაცემის პროდიუსერ ეკა სარიასა და ჟურნალისტებს, ლაშა კვესელაძესა და გიორგი გვიშიანს შორის.

საუბარი შეეხება გადაცემის ერთ-ერთ სიუჟეტს, რომელიც საუბრის დროისთვის ეთერში არ გასულა და მომზადების პროცესშია, ჟურნალისტები კი ერთმანეთში ასახელებენ კონფიდენციალურ წყაროს, საიდანაც აქვთ ის ინფორმაცია, რაზე დაყრდნობითაც იკვრება სიუჟეტი.

სიუჟეტი „მთავარი არხის“ ეთერში 2021 წლის 7 ნოემბერს გავიდა შემდეგი სათაურით: „როგორ იყენებს „ოცნება“ ადამიანებს და რა გზებით აგროვებს ხმებს“.

ეთერში გასულ სიუჟეტში წყარო იდენტიფიცირებული არ ყოფილა, მხოლოდ ნახსენები იყო, რომ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან“ იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი