ახალი ამბები

რუსეთმა ძებნა გამოაცხადა Pussy Riot-ის აქტივისტზე, რომელიც თბილისში ანტიპუტინურ პერფორმანსში მონაწილეობდა

15 ივლისი, 2022 •
რუსეთმა ძებნა გამოაცხადა Pussy Riot-ის აქტივისტზე, რომელიც თბილისში ანტიპუტინურ პერფორმანსში მონაწილეობდა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა გამოაცხადა ფემინისტური პანკ-ჯგუფის Pussy Riot-ის წევრ ანა კუზმინიხზე. აღნიშნულის შესახებ სააგენტო “ინტერფაქსი”იუწყება და იქვე წერს, რომ კუზმინიხის მონაცემები სამინისტროს მიერ ძებნილთა სიაში 14 ივლისს აისახა.

“ის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში იძებნება. რა მუხლით აღიძრა საქმე, დაუზუსტებელია”, — წერს სააგენტო.

მიმდინარე წლის მაისში ტელეგრამ არხი “Осторожно, новости” წერდა, რომ კუზმინიხის წინააღმდეგ რუსეთმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა თბილისში მოწყობილი ანტიპუტინური პერფორმანსის გამო.

ხსენებული პერფორმანსი საქართველოში მცხოვრებმა რუსმა აქტივისტებმა და სხვა ადამიანებმა მარტის ბოლოს თბილისის ზღვაზე მოაწყვეს. აქტივისტები პუტინის ნიღბებით მღეროდნენ და ცეკვავდნენ, შემდეგ კი რუსეთის პრეზიდენტის ფიტული დაწვეს.

ფოტო: Telegram/Avtozak Live

როგორც ტელეგრამ არხი წერდა, აქტივისტის წინააღმდეგ საქმე აღიძრა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 329-ე მუხლით, რაც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფას გულისხმობს. საქმე ისაა, რომ ფიტულს, რომელიც დაწვეს, რუსეთის დროშაც ჰქონდა მიმაგრებული.

გამოცემა “მედუზას” თანახმად, აპრილში რუსეთის შსს-მ ძებნა გამოაცხადა Pussy Riot-ის კიდევ ერთ წევრზე, მარია ალიოხინაზე, მაისში კი — მოსკოვის მუნიციპალიტეტის დეპუტატზე, ლუსი სტეინზე, რომელიც ასევე ერთიანდება ხსენებულ პანკ-ჯგუფში.

საქართველოში არაერთი რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი ცხოვრობს.

მათი ნაწილი ქვეყანაში გასულ წლებში ჩამოვიდა, ნაწილი კი მას შემდეგ, რაც პუტინის ხელისუფლებამ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ, პარალელურად კი, გაძლიერდა კრემლის ოპონენტების დევნა რუსეთის შიგნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი