ახალი ამბები

თბილისში მოწყობილი პერფორმანსის გამო რუსეთმა Pussy Riot-ის აქტივისტზე საქმე აღძრა — მედია

13 მაისი, 2022 • 2667
თბილისში მოწყობილი პერფორმანსის გამო რუსეთმა Pussy Riot-ის აქტივისტზე საქმე აღძრა — მედია

რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ფემინისტური Pussy Riot-ის წევრის წინააღმდეგ, რომელიც  მონაწილეობდა თბილისში მოწყობილ ანტიპუტინურ პერფორმანსში. ინფორმაციას ტელეგრამ არხი “Осторожно, новости” ავრცელებს.

პერფორმანსი, რომლის გამოც საქმე აღძრეს, საქართველოში მცხოვრებმა რუსმა აქტივისტებმა და სხვა ადამიანებმა მარტის ბოლოს თბილისის ზღვაზე მოაწყვეს. აქტივისტები პუტინის ნიღბებით მღეროდნენ და ცეკვავდნენ, შემდეგ კი რუსეთის პრეზიდენტის ფიტული დაწვეს.

“Осторожно, новости”-ის თანახმად, რომელსაც რუსი ოპოზიციონერის, ქსენია სობჩაკის გუნდი მართავს, რამდენიმე დღის შემდეგ უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცრებმა პერფორმანსის ამსახველი ვიდეო ნახეს Pussy Riot-ის წევრის, ანნა კუზმინიხის გვერდზე.

როგორც ტელეგრამ არხი წერს, აქტივისტის წინააღმდეგ საქმე გუშინწინ აღიძრა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 329-ე მუხლით, რაც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფას გულისხმობს. საქმე ისაა, რომ ფიტულს, რომელიც დაწვეს, რუსეთის დროშაც ჰქონდა მიმაგრებული.

ფოტო: Telegram/Avtozak Live

რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, დროშის შეურაცხყოფისთვის მაქსიმალური სასჯელი 1-წლიანი პატიმრობაა.

კიდევ ერთი ოპოზიციური ტელეგრამ არხის, Avtozak LIVE-ის თანახმად, ანნა კუზმინიხმა მათ კორესპონდენტს უთხრა, რომ არ ფლობდა ინფორმაციას საქმის აღძვრის ფაქტზე.

საქართველოში არაერთი რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი ცხოვრობს.

მათი ნაწილი ქვეყანაში გასულ წლებში ჩამოვიდა, ნაწილი კი მას შემდეგ, რაც პუტინის ხელისუფლებამ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ, პარალელურად კი გაძლიერდა კრემლის ოპონენტების დევნა რუსეთის შიგნით.

რატომ სურთ აქტივისტებს რუსეთის დროშიდან წითელი ფერის წაშლა

მასალების გადაბეჭდვის წესი