ახალი ამბები

ხოშტარია საქართველოში რუსული ნავთობის იმპორტის ზრდას „ომის მანქანის დაფინანსებად“ აფასებს

14 ივლისი, 2022 •
ხოშტარია საქართველოში რუსული ნავთობის იმპორტის ზრდას „ომის მანქანის დაფინანსებად“ აფასებს

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია საქართველოში რუსული ნავთობის იმპორტის ზრდას რუსეთის „ომის მანქანის დაფინანსებად“ აფასებს.

„2021 წელს საქართველოში ნავთობის იმპორტით რუსეთი იყო მესამე ადგილზე, ომის პერიოდში გახდა პირველი. მაისში აპრილთან შედარებით რუსული ნავთობის იმპორტი გაიზარდა 70%-ით. რაც მთავარია, საქართველოში საწვავის ფასი არ გაიაფებულა. ჩვენ პირდაპირ ვაწვდით ფულს სისხლის მანქანას. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თემა — რუსული ომის მანქანის დაფინანსება — საქართველოს მთავრობისთვის არის მოსკოვთან ღია კავშირების თემა, რის გამოც, დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი და მინიოლიგარქები დასანქცირდებიან“, — განაცხადა ხოშტარიამ დღეს, 14 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.

საქსტატის მონაცემებით, ნავთობპროდუქტების იმპორტში პირველ ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს, საიდანაც იანვარ-მაისში საქართველომ $124.3 მილიონის ღირებულების 138,663 ტონა საწვავი შეიძინა. წინა წელთან შედარებით იმპორტის ღირებულება 148%-ით, იმპორტის მოცულობა კი 45%-ით არის გაზრდილი. ამ მაჩვენებლით რუსეთი #1 ადგილს იკავებს საწვავის იმპორტში.

BMG-მა საქსტატისგან გამოითხოვა იმ კომპანიების სია, რომლებიც რუსეთიდან ყველაზე მეტ ნავთობს ყიდულობენ. სიაში შემავალი კომპანიების ნაწილი ქვეყნის მასშტაბით ბენზინგასამართი სადგურების ფართო ქსელს ფლობს, ნაწილი კი ძირითადად საწვავით საბითუმო ვაჭრობით არის დაკავებული. ეს კომპანიებია:

  • ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია
  • “ლაგუნა”
  • არაგვი იმპექსი
  • იბეროილი
  • ლუქს ოილი
  • პორტალ პეტროლეუმ ჯორჯია
  • სან პეტროლიუმ ჯორჯია
  • სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
  • ქეი ვოშ
  • ჯეორჯიან როუტ

„ჩვენ ვართ ბიზნესმენები და ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ნებისმიერ ქვეყანასთან, სადაც იქნება იაფი  საწვავი თუ ნებისმიერი სერვისი თუ პროდუქტი, იქიდან შემოვიტანთ“, – ამბობს კომპანია „ვისოლის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

სადაც ვნახავთ ყველაზე იაფ საწვავს, იქიდან შემოვიტანთ, მათ შორის რუსეთიდან – ფხაკაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი