ახალი ამბები

ევროპარლამენტარი შეცდომად მიიჩნევს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას

13 ივლისი, 2022 •
ევროპარლამენტარი შეცდომად მიიჩნევს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას

ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი შეცდომას უწოდებს ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საქართველომ, უკრაინის და მოლდოვისაგან განსხვავებით, ამ ეტაპზე ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

ამორის თანახმად, ზემოხსენებული 3 ქვეყნის ერთმანეთთან დაკავშირება უკრაინაში ომის შედეგია და რომ არა ეს ომი, არცერთ მათგანზე ისაუბრებდნენ, როგორც კანდიდატზე, ვინაიდან არცერთი აკმაყოფილებდა დადგენილ მოთხოვნებს.

“ამას საერთო არაფერი აქვს ქვეყნის შიგნით არსებულ სიტუაციასთან… ეს გეოპოლიტიკური ოპერაციაა”, — დასძენს ამორი

ნაჩო სანჩეს ამორი, რომელიც ევროპარლამენტში “სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის” ჯგუფის წევრია, აღნიშნავს, რომ მისი ჯგუფი “ძალიან გაღიზიანებულია” “ქართული ოცნების” მხრიდან  რეფორმების ნაკლებობით, თუმცა, “რეალურად… ეს [კანდიდატის სტატუსის საკითხი] ეხება ომს”.

“არსებობს გამოსავლის სხვა გზებიც, რომელთა გამოყენებაც შეიძლებოდა. მაგალითად, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ახლა და ფორმალური საუბრების მოგვიანებით  გადადება.

არასწორმა გადაწყვეტილებამ, რომლითაც საქართველო განსხვავებულ სიტუაციაში ჩადგა, პოლარიზაცია გაზარდა. სამწუხაროდ, ისინი, ვინც ეს გააკეთა, არიან პასუხისმგებელნი აღნიშნულზე.

ახლა საუბარია ტექნუკურ მთავრობაზე. საქართველოს ჩაყენებამ განსხვავებულ კატეგორიაში მეტი პოლარიზაცია შექმნა და ქვეყანა სასოწარკვეთაში ჩააგდო, რაც რეალურად ნიშნავს, რომ ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი წამოიჭრა”, — აღნიშნა მან.

მანამდე ამორმა თქვა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა ლეგიტიმურია.

დასასრულს, ევროპარლამენტარმა დასძინა:

“ვფიქრობ, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც დასხდნენ, რათა რეალურად მოაგვარონ პრობლემები და პოლარიზაცია შემცირდეს, გაზრდის ნაცვლად”.

დღეს, 13 ივლისს, ევროპარლამენტში მოუსმინეს ესტონელ ევროპარლამენტარ სვენ მიკსერს (სოციალ-დემოკრატიული პარტია), რომელმაც წარადგინა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებულ ყოველწლიური ანგარიში.

ანგარიშზე დაყრდნობით ევროპარლამენტი საქართველოზე მორიგ რეზოლუციას, სავარაუდოდ, 2022 წლის სექტემბერში მიიღებს.

დოკუმენტის პროექტში საუბარია ყველა იმ საკითხზე, რომლის მოგვარებისკენაც საქართველოს მოუწოდებენ ევროპული ინსტიტუციები ბოლო პერიოდში – პოლიტიკურ დიალოგზე, არჩევნებზე, სასამართლო რეფორმაზე, „დეოლიგარქიზაციაზე“, მედიის უფლებებზე და ა.შ.

დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას — ევროპარლამენტარი

მასალების გადაბეჭდვის წესი