ახალი ამბები

ფარულ მოსმენებზე ევროსასამართლოში 10 ჟურნალისტის საჩივარი გაიგზავნა

13 ივლისი, 2022 • 1082
ფარულ მოსმენებზე ევროსასამართლოში 10 ჟურნალისტის საჩივარი გაიგზავნა

2022 წლის 12 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენმა“ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე ათი ჟურნალისტის საჩივარი წარადგინა.

მომჩივან ჟურნალისტებს შორის არიან: ნეტგაზეთის რეპორტიორი ნინო ბიძინაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტები — გიორგი მგელაძე და გელა ბოჩიკაშვილი, ტვ „ფორმულას“ ჟურნალისტები — ნინო ჟიჟილაშვილი, სოფო მაისურაძე, გიორგი დარჩაშვილი და თამუნა ჩიხლაძე, ტვ „პირველის“ ჟურნალისტები — ნოდარ მელაძე, ინგა გრიგოლია და თამთა დოლენჯაშვილი.

საქმე ეხება 2021 წლის 1 აგვისტოს და 13 სექტემბერს გავრცელებულ ე.წ. კრებსებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, სავარაუდოდ, უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ. დაახლოებით 58 000-მდე ფაილში ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატების და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებული ინფორმაციაა. ჩანაწერების ავთენტურობა ბევრმა ადამიანმა, მათ შორის, ჟურნალისტებმაც დაადასტურეს

მოთხოვნის მიუხედავად, თბილისის პროკურატურამ ჟურნალისტებს არ მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი, ხოლო გენერალური პროკურატურა არასამთავრობო ორგანიზაციების 2022 წლის 18 მაისს გავრცელებული ერთობლივი მიმართვის[1] მიუხედავად, ამ დრომდე უმოქმედოა

როგორც „მედიაომბიდსმენი“ აცხადებს, „სამწუხაროდ, საქართველოში სასამართლო ხელისუფლებამაც უარი თქვა ჟურნალისტების უფლებების დაცვის გარანტიების შექმნაზე – დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარით მედიის წარმომადგენლებს საგამოძიებო პროცესში უფრო ეფექტიანად ჩართვის შესაძლებლობა არ მისცა”.

„საჩივრის საფუძვლები ევროპარლამენტის 2022 წლის 09 ივნისის რეზოლუციაშიც არის მითითებული, სადაც სხვა მოთხოვნათა შორის პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება მოსმენების საქმესთან დაკავშირებით, დანერგოს სათანადო საკანონმდებლო მექანიზმები სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ თვალთვალისა და მონაცემთა შეგროვების პროცესის გაუმჯობესებისთვის.

საქმის წარმატებული წარმოება მედიის უფლებების დაცვის საქმეში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს და გახდება წინაპირობა, შეიქმნას ძლიერი გარანტიები ფარული მოსმენა-მიყურადებისგან დაცვის კუთხით, გამყარდეს ჟურნალისტების პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვის ხარისხი და ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციალობის სტანდარტი“, — აცხადებს „მედიაომბუდსმენი“, რომლის დამფუძნებელია იურისტი ნათია კაპანაძე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი.

ორგანიზაციის ცნობით, მალე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნება კიდევ ერთი ჟურნალისტის, ხატია შამანაურის სარჩელი.

მედიის წარმომადგენლების დაცვა შესაძლებელი გახდა  ფონდ „ღია საზოგადოება — საქართველოს“ მხარდაჭერით.

მასალების გადაბეჭდვის წესი