ახალი ამბები

კუბილიუსის თქმით, ერთადერთი ოლიგარქი საქართველოში ივანიშვილია

13 ივლისი, 2022 • 1429
კუბილიუსის თქმით, ერთადერთი ოლიგარქი საქართველოში ივანიშვილია

ლიეტუველი ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი (ქრისტიან-დემოკრატები, EPP) ამბობს, რომ ერთადერთი ოლიგაქრი საქართველოში ბიძინა ივანიშვილია.

ამის შესახებ კუბილიუსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშის განხილვისას განაცხადა. კუბილიუსის თქმით, საქართველოს მთავრობა თავს აჩვენებს ან მართლა არ ესმის, რას გულისხმობს ევროკომისიის რეკომენდაცია დეპოლარიზაციისა და დეოლოგარქიზაციის შესახებ და ევროპარლამენტმა უნდა გამოიყენოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის ანგარიში და თანმდევი რეზოლუცია აღნიშნულის ასახსნელად.

„მაგალითად, პირველი პუნქტი მოუწოდებს ქართულ პოლიტიკურ საზოგადოებას დეპოლარიზაციისკენ და შარლ მიშელის შეთანხმებასთან თანხვედრისკენ. ჩანს, რომ მთავრობა საპირისპიროს აკეთებს. მათ შემქნეს დეპოლარიზაციის სპეციალური კომისია პარლამენტში, მაგრამ თუ მოუსმენთ მათ განცხადებებს, ჩანს, რომ ისინი ცდილობენ პოლარიზაციის ტემპერატურა აწიონ.

ადანაშაულებენ ყველას ირგვლივ — არა მარტო ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ აშშ-ის ელჩს, ევროკავშირს, რომ ჩვენ ვუბიძგებთ საქართველოს ომისკენ, რაც სრული აბსურდია. ეს კრემლის პროპაგანდას ჰგავს. კრემლი ამბობს, რომ დასავლეთია დამნაშავე ყველაფერში, ახლა საქართველოს მმართველი პარტია ამბობს მსგავს რამეს. შეიძლება, უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობა და ავუხსნათ, რას ნიშნავს დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია. როგორც ჩანს, არ ესმით.

ოლიგარქი არის პერსონა, რომელსაც აქვს ბევრი ფული და რომელიც იტაცებს სახელმწიფოს და ვისაც შეუძლია დანიშნოს თავისი დაცვა, ყოფილი დაცვა, ყოფილი მრჩევლები და ასისტენტები მინისტრებად და პრემიერ-მინისტრად. ასეთი ერთადერთი პერსონაა საქართველში ბიძინა ივანიშვილი“, — განაცხადა კუბილიუსმა.

ევროპარლამენტი განიხილავს ესტონელი ევროპარლამენტარ სვენ მიკსერის (სოციალ-დემოკრატიული პარტია) საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშს. ანგარიშზე დაყრდნობით ევროპარლამენტი საქართველოზე მორიგ რეზოლუციას, სავარაუდოდ, 2022 წლის სექტემბერში მიიღებს.

დოკუმენტის პროექტში საუბარია ყველა იმ საკითხზე, რომლის მოგვარებისკენაც საქართველოს მოუწოდებენ ევროპული ინსტიტუციები ბოლო პერიოდში – პოლიტიკურ დიალოგზე, არჩევნებზე, სასამართლო რეფორმაზე, „დეოლიგარქიზაციაზე“, მედიის უფლებებზე და ა.შ. დოკუმენტის ტექსტი საბოლოო არაა და შეიძლება შეიცვალოს.

ამ თემაზე:

ევროპარლამენტის მორიგი კრიტიკული რეზოლუციის პროექტი საქართველოზე

მასალების გადაბეჭდვის წესი