ახალი ამბები

როგორ ირჩევენ და ვინ შეიძლება გახდეს ბრიტანეთის ახალი პრემიერი

9 ივლისი, 2022 • 1446
როგორ ირჩევენ და ვინ შეიძლება გახდეს ბრიტანეთის ახალი პრემიერი

გაერთიანებულ სამეფოში მალე ახალ პრემიერ-მინისტრს აირჩევენ.

ბორის ჯონსონმა, რომელსაც მანამდე ეს თანამდებობა ეკავა, უკვე გააკეთა განცხადება პარტიისა და მთავრობის მეთაურის პოსტების დატოვების შესახებ.

ახლა კი კონსერვატორების პარტიაში ერთგვარი რბოლა იწყება პირველობის მოსაპოვებლად, ხოლო ისინი, ვინც მანამდე ჯონსონის წინააღმდეგ ერთ ბანაკში განიხილებოდნენ, ახლა შესაძლოა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

როგორ ირჩევენ პრემიერ-მინისტრს ბრიტანეთში 

როგორც უმეტეს წარმომადგენლობით დემოკრატიაში, გაერთიანებულ სამეფოშიც პრემიერ-მინისტრი მმართველი პარტიის, ან კოალიციაში შემავალი უდიდესი პარტიის ლიდერი ხდება.

დღევანდელი მოცემულობით ასეთი ძალა გაერთიანებული სამეფოს კონსერვატიული პარტიაა.

პარტიის ლიდერად და შესაბამისად პრემიერ-მინისტრად გასახდომად, კანდიდატი ჯერ პარლამენტის სულ მცირე 8 დეპუტატმა უნდა წარადგინოს.

მოგვიანებით, იმართება კენჭისყრის პირველი რაუნდი, რა დროსაც კონსერვატორები ხმას აძლევენ საკუთარ კანდიდატებს. ის კანდიდატები, რომლებიც 18 ხმაზე ნაკლებს მოიპოვებენ, რბოლას ეთიშებიან.

ამის შემდეგ, კენჭისყრის მეორე რაუნდში კანდიდატებმა მინიმუმ 36 ხმა უნდა მოიპოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ დროსაც კარგავენ ლიდერად გახდომის შანსს. იმ შემთხვევაში, თუ ყველა კანდიდატმა შეძლო 36 ხმის მოპოვება, კენჭისყრას გამოეთიშება ყველა კანდიდატი.

პროცესი გრძელდება მანამ სანამ მხოლოდ ორი კანდიდატი არ დარჩება.

მოგვიანებით, ორ კანდიდატს შორის საფოსტო ხმის მიცემით ლიდერს ირჩევენ პარტიის წევრების დიდი კოლეგია, რომლებიც, ცხადია არ არიან მხოლოდ პარლამენტის წევრები.

გამარჯვებული კანდიდატი ხდება როგორც პარტიის ლიდერი, ისე ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც.

ვინ შეიძლება შეცვალოს ჯონსონი

იმ შემთხვევაში, თუ ახალი არჩევნები არ დაინიშნება და ახალ მთავრობას კვლავ კონსერვატორთა პარტია და მათი მოკავშირეები დააკომპლექტებენ, პრემიერ-მინისტრობის შანსი რამდენიმე კანდიდატს აქვს:

რიში სუნაკი – ბრიტანული მედიის თანახმად, ერთ-ერთი, ვისაც ყველაზე მეტი შანსი აქვს პრემიერი გახდეს, სწორედ რიში სუნაკია, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ჯონსონს დაუპირისპირდა. იგი მანამდე კორონავირუსის პანდემიისგან შექმნილი ფინანსური გამოწვევების გამკლავებაში მონაწილეობდა, რაც მას ბიზნესის წარმომადგენლებისთვის შედარებით სასურველ კანდიდატად წარმოაჩენს, თუმცა საბინაო კრიზისის დროს გაზრდილი ფასების გამო კრიტიკის ობიექტურიცაა.

პენი მორდონტი – ამჟამად საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრი. იგი პარტიის წევრებს შორის პოპულარობით სარგებლობს. წარსულში აკრიტიკებდა ჯონსონს კორონავირუსის პანდემიის დროს წვეულების მოწყობის გამო.

საჯიდ ჰავიდი – სუნაკთან ერთად ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ჯონსონის წინააღმდეგ კოალიციას შეუერთდა. ითვლება ტეტჩერის მიმდევრად, თავისუფალი ბაზრის, დერეგულაციისა და მცირე მთავრობის იდეის მხარდამჭერად. მთავრობაში 2021 წელს ჯანდაცვის მინისტრად დაბრუნდა, მანამდე ეკავა ფინანსთა მინისტრის თანამდებობა, თუმცა გადადგა, რადგან უარი განაცხადა საკუთარი მრჩევლების გათავისუფლებაზე.

ლიზ ტრასი – გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც აქტიურადაა ჩართული უკრაინის ომში ბრიტანეთის პოზიციების წარმოდგენაში. მხარს უჭერდა ბრექსიტს.

ბენ ვოლასი – სამეფოს თავდაცვის მინისტრი. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებისა და უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების გამო.

ჯერემი ჰანტი – ბორის ჯონსონის კონკურენტი კანდიდატი კონსერვატორთა პარტიაში. ითვლება ცენტრისტად. წარსულში, ბრექსიტის დროს, მხარს უჭერდა გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირში დარჩენას, თუმცა მაშინ მისი პოზიციები პარტიის წევრების უმეტესობამ არ გაიზიარა.

ნადჰიმ ზაჰავი – პოპულარული გახდა კორონავირუსის პანდემიის დროს, როგორც ვაქცინების მინისტრი. იგი ერაყელი ლტოლვილების ვაჟია და პოპულარობით სარგებლობს ქვეყნის მუსლიმ და იმიგრანტ მოსახლეობაში. მის წინააღმდეგ არსებობს ოფშორებში დარეგისტრირებულ კომპანიებთან კავშირის ბრალდებებიც.

პრიტი პატელი – შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც იმიგრაციის გამკაცრების მოთხოვნებით გამოდის. თავად ინდოელი იმიგრანტების ქალიშვილმა, 2020 წელს აღიარა, რომ მისი მშობლები გაერთიანებულ სამეფოში ვერ დასახლდებოდნენ, თუ იმ დროს მისივე შემუშავებული საიმიგრაციო პოლიტიკა იარსებებდა.

რატომ დაიშალა ჯონსონის მთავრობა 

თანამდებობაზე ყოფნის დროს ბორის ჯონსონი არაერთხელ გაეხვა სკანდალში. იგი პოლიციამაც კი დააჯარიმა კორონავირუსის რეგულაციების დარღვევისა და პანდემიის დროს წვეულებების გამართვის გამო, რასაც წინ უძღოდა მისი მთავრობის კრიტიკა.

თუმცა ბოლოდროინდელი განხეთქილება ყველაზე მასშტაბურია.

ამ შემთხვევაში, განხეთქილება ჯონსონსა და მისი მთავრობისა და პარტიის წევრებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ უკანასკნელმა კრის პინჩერი პარტიის დისციპლინური ორგანოს ხელმძღვანელად დააწინაურა ისე, რომ არ გაითვალისწინა პინჩერის წინააღმდეგ არსებული სექსუალური შევიწროების ბრალდებები.

მოწინააღმდეგეების თანახმად, ჯონსონმა შევიწროებაში ბრალდებულის შესახებ იხუმრა კიდეც, „პინჩერი (ინგლისურად მჩქმეტავი Pincher) გვარად, პინჩერია ბუნებითაც“.

ჯონსონის მოწინააღმდეგეების თანახმად, ამ ბრალდებების შესახებ მან წინასწარვე იცოდა, თუმცა არაფერი იღონა. შედეგად, 50-ზე მეტმა მაღალი თანამდებობის პირმა თანამდებობა დატოვა, რომელთა განცხადებითაც, არ სურთ ჯონსონისთვის ხელის დაფარება.

საბოლოოდ, ჯონსონმა მოიბოდიშა პინჩერის დანიშვნისთვის და აღიარა, რომ ბრალდებები მისთვის ცნობილი იყო.

საქმე ეხება კრის პინჩერის მიერ ბრიტანელი პოლიტიკოსის, ალექს სთორის შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტს 2001 წელს, რა დროსაც, სთორის თანახმად, პინჩერმა საკუთარ სახლში მიიწვია, მასაჟის გაკეთება სცადა და ეუბნებოდა, რომ მასთან კავშირი პარტიაში სთორის წინსვლას შეუწყობდა ხელს.

2022 წლის ივლისში ცნობილი გახდა კიდევ ექვსი ბრალდების შესახებ, რა დროსაც პინჩერმა პარლამენტის წევრი სხვა კაცი დეპუტატებიც შეავიწროვა.

ლეიბორისტული პარტიის წევრების განცხადებით, კონსერვატორების გემი იძირება და იქიდან ვირთხები გაქცევას ცდილობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი