ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში სარკინიგზო ინციდენტებმა მკვეთრად იმატა, სამხედრო კომისარიატები კი თავდასხმების სამიზნედ იქცა.

ფაქტები, რომლებზეც მედია რამდენიმე თვეა წერს, რუსულმა დამოუკიდებელმა გამოცემამ The Insider შეკრიბა და ესაუბრა ზოგიერთ “პარტიზანულ ჯგუფსაც”, რომლებიც პროცესში არიან ჩართულნი.

გამოცემის თანახმად, მატარებლების რელსებიდან გადასვლაზე პასუხისმგებლობას იღებენ უკრაინასთან ომის მოწინააღმდეგე იატაკქვეშა ჯგუფები. ისინი ასევე არაერთგზის ავრცელებენ ვიდეოებს, რომლებშიც ჩანს სამხედრო კომისარიატებზე მოლოტოვის კოქტეილებით თავდასხმები.

მოლოტოვის კოქტეილებით სამხედრო კომისარიატების წინააღმდეგ

მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოდან დღემდე, The Insider-მა რუსეთის მასშტაბით სამხედრო კომისარიატებზე თავდასხმის 23 შემთხვევა დათვალა, რომელთა დიდი ნაწილიც — 20 თავდასხმა — შენობებზე ცეცხლის წაკიდების გზით განხორციელდა.

უმრავლეს შემთხვევაში პროცესში ჩართული პირები მოლოტოვის კოქტეილებს იყენებენ, კოქტეილების მომზადების ინსტრუქციები კი სოციალურ ქსელში ვრცელდება.

მსგავსი თავდასხმების ამსახველი კადრები ინტერნეტ სივრცეში საკმაოდ მოიპოვება. ვიდეოებიდან ნათელი ხდება, რომ პროცესს, არაერთ შემთხვევაში, თავად თავდამსხმელები იღებენ.

“ეს ხანძრები არ ყოფილა ერთი კოორდინირებული კამპანიის ნაწილი. მათ უკან იდგნენ სხვადასხვა ჯგუფები, მემარცხენე ანარქისტებით დაწყებული უკრაინის მომხრე აქტივისტებითა და ულტრამემარჯვენეებით დამთავრებული”, — წერს The Insider.

გამოცემა აღნიშნავს იმასაც, რომ ზოგიერთ შემთხვევაში თავდასხმების განმახორციელებლები არცერთ კონკრეტულ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან. ასეთია 48 წლის მხატვარი და სოფლის ყოფილი მასწავლებელი ილია ფარბერი, რომელიც მაისის ბოლოს უდმურტეში დააკავეს სამხედრო კომისარიატის ორ შენობაში ცეცხლის გაჩენისთვის.

“მინდოდა, გამერკვია, რა შემიძლია… შემიძლია თუ არა ამის გაკეთება”, — თქვა მან დაკითხვის დროს, როცა თავის ქმედებას აღწერდა.

“სარკინიგზო ომები”

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, რომელშიც ბელარუსმა მოსკოვის მხარე დაიჭირა, არაერთი ცნობა გავრცელდა ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთ-უკრაინის დამაკავშირებელ სარკინიგზო ხაზზე მომხდარი დივერსიული აქტების შესახებ.

როგორც შემდგომ გაირკვა, ბელარუსელთა მცდელობებმა, მოსკოვის წინსვლის ხელშეშლისათვის სხვადასხვა ფორმით მოეშალათ სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, როგორც მინიმუმ, წვლილი შეიტანა რუსეთის არმიის ლოჯისტიკურ პრობლემებში.

ამავე პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სარკინიგზო ხაზებზე მომხდარი ინციდენტების შესახებაც. მაგალითად, 1 მაისს უკრაინის მოსაზღვრე კურსკის ოლქში, ხიდი, რომელზეც სატვირთო მატარებლები გადაადგილდებიან, ნაწილობრივ ჩაინგრა. გუბერნატორმა “საბოტაჟზე” ისაუბრა.

მანამდე, 12 აპრილს, ასევე უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქის სოფელ ტიტოვკაში მომხდარი აფეთქების შედეგად სარკინიგზო ლიანდაგი დაზიანდა. ბელგოროდის გუბერნატორმა თქვა, რომ მიზეზებს “მოგვიანებით” ახსნიდა, შემდეგ კი დაწერა, რომ მომხდარის მიზეზს გამოძიება დაადგენდა.

The Insider მხოლოდ მედიის მიერ გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ 2022 წლის მარტიდან მაისამდე რუსეთში 63 სატვირთო მატარებელი გადავიდა რელსებიდან, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემზე 1.5-ჯერ მეტია. ინციდენტები ძირითადად რუსეთის დასავლეთში ხდება, ზოგ შემთხვევაში კი — სამხედრო ნაწილებთან ახლოს.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს შესაბამისი ორგანო 2022 წლის 4 თვეში მომხდარი ავარიების უმეტესობას (55.3%) სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გაუმართაობას მიაწერს. მეორე მხრივ, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა(FSB) მინიმუმ ერთხელ გაავრცელა ინფორმაცია იმ ადამიანების დაკავების შესახებ, რომლებიც, სავარაუდოდ, დივერსიულ აქტებს ამზადებდნენ  “სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტში”, ბელგოროდის ოლქში.

The Insider-ის მიხედვით, ფოტო ასახავს ერთ-ერთ სარკინიგზო ავარიას, რომელიც ბელგოროდის ოლქში მოხდა 

24 თებერვალს, ომის პირველ დღეს, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ სამხრეთ რეგიონების სარკინიგზო ხაზებზე უსაფრთხოების გაძლიერების ბრძანება გასცა.

“თუმცა ყველა ამ ღონისძიებას ჯერჯერობით მცირე ეფექტი აქვს: ინციდენტები კვლავ ხდება, განსაკუთრებით, საზღვრისპირა რეგიონებში”, — წერს The Insider სახელმწიფოს მიერ მიღებული უსაფრთხოების ზომების შეფასებისას.

გამოცემა ახსენებს FSB-ს 27 აპრილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, დააკავეს ორი რუსი, რომლებიც, სავარაუდოდ, ახალ საბოტაჟის ამზადებდნენ ბელგოროდის ოლქში. FSB-ს სიტყვებით, დაკავებულები “უკრაინული ნაციზმის მხარდამჭერები” იყვნენ და “რუსი სამხედრო მოსამსახურეების შესახებ ინფორმაციას გადასცემდნენ” უკრაინულ ვებსაიტს Mirotvorets (მშვიდობისმყოფელი).

ამასთან, მიმდინარე წლის მაისში “Осторожно, Новости” წყაროების დაკონკრეტების გარეშე იუწყებოდა, რომ FSB ეძებდა “ანარქო-კომუნისტების საბრძოლო ორგანიზაციის” წევრებს, რომელმაც ტელეგრამის მეშვეობით გაავრცელა ცნობა მოსკოვის რკინიგზაზე მომხდარი დივერსიის შესახებ.

The Insider-მა ხსენებულ ორგანიზაციასთან დაკავშირება შეძლო. ანარქისტების თქმით, მათი აქტივობები, დიდწილად, სწორედ ბელარუსელი პარტიზანების მოქმედებებით იყო შთაგონებული.

“პუტინი რუსეთს მომავალს ჰპარავს”

გამოცემის თანახმად, ანარქო-კომუნისტები რუსეთში ყველაზე “მეამბოხე” ძალად ჩამოყალიბდნენ: ომის დაწყების შემდეგ ტელეგრამზე გამოჩნდა არაერთი არხი, რომლებიც მატარებლების შეყოვნებისა თუ რკინიგზაზე ავარიების მოწყობის ინსტრუქციებს ავრცელებდნენ.

ხსენებული პუბლიკაციების ავტორები “მებრძოლი ანარქო-კომუნისტების ორგანიზაციად” მოიხსენიებენ თავს. გარდა ინსტრუქციებისა, ისინი სოციალურ ქსელებს თავიანთი წარმატებული “ოპერაციების” შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებენ.

“ამრიგად, “ანარქო-კომუნისტებმა” პასუხისმგებლობა აიღეს არა მხოლოდ სარკინიგზო ლიანდაგების დაშლასა და დივერსიაზე, არამედ მობილური ტელეფონების ანძებზე ცეცხლის წაკიდებაზე (მაგალითად, ბელგოროდის რაიონის სოფელ ბელომესტნოიეში) და რეჟიმის მოკავშირეების მანქანების დაწვაზე” ,— წერს The Insider.

კოორდინაციისა და ახალი წევრების მიღებისთვის ანარქისტებმა ბოტიც შექმნეს, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, ანონიმურად შეუერთდნენ მათ ქალაქებში მოქმედ ადგილობრივ ორგანიზაციულ ერთეულებს.

“სარკინიგზო დივერსია არის შედარებით მარტივი და ძალიან ეფექტური გზა მტრის არმიისთვის ზიანის მისაყენებლად”, — ამბობენ ანარქო-კომუნისტები და დასძენენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის რისკი მინიმალურია, თუ დივერსია სათანადოდ შესრულდება.

მათი თქმით, მიწოდებისა და კომუნიკაციების ნებისმიერი სახით შეფერხება ხელს უშლის სამხედრო სისტემის მუშაობას:

“ეს ნიშნავს, რომ გადამწყვეტ მომენტში ბრძოლის ველზე ნაკლები ტანკი ან ჭურვი იქნება.

და თუ ჩვენ მოვახერხეთ მატარებლის რელსებიდან გამოყვანა, რასაც ვიმედოვნებთ, ტექნიკა უბრალოდ კი არ შეფერხდება, ის დაზიანდება. ასევე დაზიანდება მატარებლები, რკინიგზის ლიანდაგები და ა.შ.

ამ ყველაფერმა შეიძლება სერიოზულად შეასუსტოს რუსეთის შეიარაღებული ძალები და იქონიოს გავლენა იმაზე, თუ რამდენად მალე დასრულდება ომი”.

ბელგოროდის ოლქში 12 აპრილს მომხდარი აფეთქების შედეგად სარკინიგზო ლიანდაგი დაზიანდა. ფოტო: Twitter

ანარქისტები აცხადებენ, რომ შეიმუშავეს საკუთარი მეთოდები სამგზავრო მატარებლების ავარიების თავიდან ასაცილებლად, რათა მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაზარალდეს.

ანარქისტული მოძრაობა დეცენტრზლიზებულია. მოძრაობის წევრი, რომელსაც The Insider მოიხსენიებს, როგორც ივანი, დასძენს, რომ მოქმედებენ როგორც ორგანიზებული ერთეულები, ისე ცალკეული პირები. მისი ინფორმაციით, აპრილის მდგომარეობით რუსეთში “20-დან 40-მდე ასეთი ერთეული” მოქმედებს.

გამოცემა ხაზს უსვამს იმასაც, რომ ხსენებულ მოძრაობაში მხოლოდ კონკრეტული იდეოლოგიის მქონე აქტივისტები არ არიან ჩაბმულნი. ეგორმა(სახელი შეცვლილია) — იმ ჯგუფის წევრმა, რომელმაც ნიჟნი-ნოვგოროდში მცხოვრები, ომის მხარდამჭერი აქტივისტის მანქანის დაწვაზე აიღო პასუხისმგებლობა — ჟურნალისტს უთხრა, რომ მის თანამებრძოლებს რუსეთის ხელისუფლებისადმი წინააღმდეგობა აერთიანებთ.

“ჩვენ შორის არიან ანარქისტებიც და ნაციონალისტებიც (მაგრამ ამ უკანასკნელთა [რაოდენობა] ნაკლებია). თითოეულ ჩვენგანს აქვს საკუთარი ისტორია… პუტინი რუსეთს მომავალს ჰპარავს და თუ ჩვენ დღეს პოლიტიკურ კამათში ჩავიძირებით, ხვალ აღარ ვიქნებით.

პუტინი მსოფლიოს ემუქრება ბირთვული ომით, მთელ მსოფლიოს მომართავს რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენი თანამემამულეები კიდევ უფრო ღარიბდებიან, ხალხს ეშინია, ხმამაღლა ისაუბროს იმაზე, რასაც ფიქრობს მთავრობაზე.

არაფრის კეთება ნიშნავს დათანხმებას, ვიცხოვროთ საზიზღარი არსებების მმართველობის ქვეშ სიცოცხლის ბოლომდე. ეს არის მომავალი, რომელიც გვინდა?” — დასძინა მან.