ახალი ამბები

TI: „ოცნებასთან“ დაკავშირებულმა პირებმა 2021 წელს 320 მილიონის ტენდერი მოიგეს

8 ივლისი, 2022 • 573
TI: „ოცნებასთან“ დაკავშირებულმა პირებმა 2021 წელს 320 მილიონის ტენდერი მოიგეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, „ქართული ოცნების“შემომწირველმა იურიდიულმა პირებმა და ფიზიკურ პირ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2021 წელს, ჯამში, დაახლოებით 320 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს და 19 მლნ ლარის გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს.

ანგარიშის მიხედვით, ამ კომპანიებმა და მათთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა შემომწირველებმა იგივე პერიოდში დაახლოებით 4.5 მლნ ლარი გაიღეს „ქართული ოცნების” სასარგებლოდ:

  • ყოფილ პრემიერ-მინისტრთან და მმართველი პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული შპს „ზიმო”, ასევე, მოხვდა მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტორებს შორის. ამ კომპანიამ წლის განმავლობაში დაახლოებით 13 მლნ ლარის სახელმწიფო ტენდერი მოიგო, ხოლო ივანიშვილთან და ამ ბიზნესჯგუფთან სხვადასხვა გზით დაკავშირებულმა პირებმა „ქართულ ოცნებას” წლის განმავლობაში, ჯამში, 1 მლნ ლარზე მეტი შესწირეს;
  • შპს „არალმა” 2021 წელს 62 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, მისმა მფლობელმა, დემეტრე თათეშვილმა კი მმართველი პარტიის ყულაბაში 50,000 ლარი შეიტანა. თათეშვილთან დაკავშირებულ კორუფციულ რისკებზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ადრეც საუბრობდა;
  • მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტორებს შორის იყვნენ შპს „ბონდი-2009″ და შპს „მონოლითი – 2005”, ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ნუკრი დოლიძის ორი კომპანია, რომლებმაც 2021 წელს ჯამურად 33 მლნ ლარის სახელმწიფო ტენდერები მოიგეს.  დოლიძემ და მისმა ბიზნესპარტნიორმა, ოთარ ფუტკარაძემ „ქართულ ოცნებას” ერთობლივად 120,000 ლარი შესწირეს. ნუკრი დოლიძეც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინტერესის საგანი პირველად არ გამხდარა;
  • აღსანიშნავია შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1″ და შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №2″, რომლებმაც წლის განმავლობაში. ჯამში, 23 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს, ამ კომპანიების მფლობელმა, ნუგზარ აბალაკმა და მისმა ბიზნესპარტნიორმა, ავთანდილ კაჭკაჭიშვილმა  „ქართულ ოცნებას”, ჯამში, 45,000 ლარი შესწირეს;
  • ყურადღებას ასევე იქცევს შპს „ანაგი”, რომელიც არაერთი მსხვილი სახელმწიფო ტენდერის გამარჯვებულია. ამ კომპანიამ 2021 წელს ჯამურად 22 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები მოიგო. „ანაგთან” დაკავშირებულმა პირმა, დავით ანდღულაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორმა გიორგი ჩიტაშვილმა მმართველ პარტიას, ჯამში, 110,000 ლარი შესწირეს.

ანგარიშის თანახმად, წლების განმავლობაში მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომელიც თითქმის ყოველ წელს პარტიას დიდი თანხებით აფინანსებს.

„ყველა ასეთ ჯგუფს ის ახასიათებს, რომ მასში შემავალი პირების დიდი ნაწილი ერთსა და იმავე დღეს ან რამდენიმე დღის შუალედში სწირავს მმართველ პარტიას თანხას. ასეთ ჯგუფებს შორის პირველ რიგში აღსანიშნავია ბიძინა ივანიშვილთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული პირები“, – წერია ანგარიშში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს თანახმად, 17-მა პარტიამ მთლიანობაში დაახლოებით 43 მლნ ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, ამ თანხის 60% – დაახლოებით 26 მლნ ლარი, მმართველ პარტიაზე – „ქართული ოცნება“ მოდიოდა. 5.1 მლნ ლარით მეორე ადგილზე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, მესამეზე კი – „ლელო“ 3.3 მლნ  ლარით.

ანგარიშში წერია, რომ პარტიების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 68% (27.3 მლნ ლარი) კერძო დაფინანსებაზე (შემოწირულებები და სხვა ტიპის კერძო შემოსავალი) მოდიოდა და მხოლოდ 32% (13.8 მლნ  ლარი) იყო სახელმწიფო დაფინანსება.

17 პარტიიდან შემოწირულება მხოლოდ 13-მა მიიღო, ჯამში, 27.4 მლნ ლარის ოდენობით, საიდანაც 19.8 მლნ ლარი (ყველა შემოწირულების 72%) „ქართულ ოცნებაზე” მოდიოდა, 2.9 მლნ ლარით მეორე ადგილზე -„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ხოლო მესამეზე – 2.5 მლნ ლარით „ლელო საქართველოსთვის” იყო.

ანგარიშში ასევე წარმოდგენილია ორგანიზაციის რეკომენდაციები:

  • ვინაიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოლიტიკური კორუფციის სავარაუდო შემთხვევებზე რეაგირების კუთხით არაეფექტიანია, სასურველია, შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო. ეს უწყება აღჭურვილი უნდა იყოს საგამოძიებო უფლებამოსილებებით და სხვა საკითხებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხებსაც უნდა გაუწიოს ზედამხედველობა.
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დეტალურად უნდა შეისწავლოს პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ და დაადგინოს, რატომ აქვს ზოგიერთ პარტიას დეკლარირებული არარეალისტურად მცირე თანხა.
  • საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რათა პოლიტიკურმა პარტიამ არ დაკარგოს კუთვნილი სახელმწიფო დაფინანსება, იმისდა მიუხედავად საპარლამენტო მანდატებს გამოიყენებს თუ არა, ვინაიდან პარტიის დაფინანსება მის მიერ არჩევნებზე მიღებულ შედეგებზე უნდა იყოს დამოკიდებული და არა საპარლამენტო საქმიანობაზე.
  • სასურველია, პოლიტიკურმა პარტიებმა სხვადასხვა ღონისძიებებისა თუ კამპანიების მეშვეობით უფრო მეტი აქცენტი გააკეთონ შემოწირულებების მოზიდვაზე. როგორც წესი, ასეთ დროს პარტიები რამდენიმე მსხვილ დონორზე არ არიან დამოკიდებული და ნაკლებად არიან გახვეული დაფინანსების კორუფციულ სქემებში.

დოკუმენტი სრულად წაიკთხეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი