ახალი ამბები

რა გამოწვევები აქვთ საჯარო სფეროში დასაქმებულებს – ანგარიში

7 ივლისი, 2022 • 765
რა გამოწვევები აქვთ საჯარო სფეროში დასაქმებულებს – ანგარიში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) „ღია საზოგადოების ფონდთან“ ერთად აქვეყნებს ანგარშს, სადაც აფასებს საქართველოს საჯარო სექტორში – სამინისტროებსა და თვითმმართვველ ქალაქებში დასაქმებულთა შრომით უფლებებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მართალია, იკვეთება დადებითი ტენდენციები, ჯერ კიდევ პრობლემურია ისეთი საკითხები, როგორიცაა ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, პროფესიული განვითარების გამო შვებულების გამოყენების მცირე რაოდენობა.

კვლევის საანგარიშო პერიოდია 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე. როგორც საია ამბობს, დროში სამიზნე საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 4136 (სამინისტროები-1934, თვითმმართველი ქალაქების მერიები-2202) საჯარო მოსამსახურე.

კვლევის მეთოდოლოგია სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: ა) სამაგიდე კვლევა (desk research); ბ) თვისებრივი კვლევა; გ) რაოდენობრივი კვლევა. ავტორები აცხადებენ, რომ მათ საჯარო ინფორმაცია არ მიაწოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ხოლო არასრულყოფილად გამოაგზავნა ქალაქ თბილისის მერიამ.

რა გამოკვეთა კვლევამ

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ შეინიშნება დადებითი ტენდენციები, კერძოდ, ქალი დასაქმებულების მიერ მიერ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების სრულად გამოყენება, ქალი საჯარო მოსამსახურეებისთვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების სრულად ანაზღაურება, თუმცა გამოწვევები ბევრია.

მაგალითად, ავტორების თანახმად, ასეთი პრობლემური საკითხებია: ა) საჯარო დაწესებულებების მიერ პირების შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებისას კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის გადაჭარბება; ბ) ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების მაღალი მაჩვენებელი და ამ მიზნით გაცემული სახელფასო დანამატის მცირე ოდენობა; გ) ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით სრულად სარგებლობის სიმცირე; დ) მამაკაცი საჯარო მოსამსახურეების მიერ ბავშვის მოვლის გამო შვებულების გამოყენების არარსებობა; ე) საჯარო მოსამსახურეებისათვის სხვა ან/და დამატებითი ფუნქციების დაკისრების მაღალი მაჩვენებელი; ვ) ნახევარ განაკვეთზე მუშაობის შემთხვევების არარსებობა; ზ) ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების გამო პროპორციული დასვენების დღეების მოთხოვნის სიმცირე; თ) პროფესიული განვითარების გამო შვებულების გამოყენების მცირე რაოდენობა; ი) საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული გაერთიანების ან/და კავშირის არარსებობა.

კვლვამ გამოკვეთა შემდეგი სტატისტიკური ინფორმაცია:

  • სამიზნე საჯარო დაწესებულებებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების რაოდენობა აღემატება კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას (საშტატო რიცხოვნობის 5%), კერძოდ: სამინისტროებში – 9-დან 85 პროცენტამდე, ხოლო თვითმმართველი ქალაქების მერიებში 7-დან 19 პროცენტამდე (გამონაკლისია თბილისის მერია– 88%) მერყეობს;
  • სამიზნე საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების მაჩვენებელი მაღალია (დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების 47%, 1949 საჯარო მოსამსახურე);
  • თვითმმართველი ქალაქების მერიებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების მაჩვენებელი 3-ჯერ აღემატება სამიზნე სამინისტროებში დასაქმებული პირების მიერ ზეგანაკვეთურად სამუშაოს შესრულების რაოდენობას (სამინისტროები – 481, თვითმმართველი ქალაქების მერიები – 1467);
  • სამიზნე სამინისტროების მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებისათვის გაცემული სახელფასო დანამატის ოდენობა 2-ჯერ აღემატება თვითმმართველი ქალაქების მერიების მიერ დახარჯულ თანხას (სამინისტროები -1 017 646 ლარი; თვითმმართველი ქალაქების მერიები – 404 075 ლარი, სულ -1 421 721);
  • სამიზნე საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების დიდი უმრავლესობა (81%) ვერ ახერხებს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით სრულად სარგებლობას (დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების 56%-მა ისარგებლა ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით, ხოლო მათგან 37%-მა – ნაწილობრივ);
  • სამიზნე საჯარო დაწესებულებებში  ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულებით ისარგებლა 95-მა ქალმა საჯარო მოსამსახურემ (სამინისტროები -63, თვითმმართველი ქალაქები -32);
  • სამიზნე საჯარო დაწესებულებებმა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებები სრულად აანაზღაურეს  (სამინისტროები -476 379 ლარი, თვითმმართველი ქალაქები -66 673 ლარი, სულ – 543 052 ლარი);
  • სამიზნე საჯარო დაწესებულებები ხშირად მიმართავენ საჯარო მოსამსახურეებისთვის სხვა ან/და დამატებითი ფუნქციების დაკისრების პრაქტიკას (499 საჯარო მოსამსახურე). სამიზნე სამინისტროებში საჯარო მოსამსახურის ძირითადი ფუნქციებისგან გათავისუფლების და სხვა ფუნქციების დაკისრების მაჩვენებელი 92%-ია, ხოლო თვითმმართველი ქალაქების მერიებში საჯარო მოსამსახურისათვის დამატებითი ფუნქციების დაკისრების მაჩვებელი – 92%; 
  • სამიზნე საჯარო დაწესებულებებში საჯარო მოხელეების მიერ პროფესიული განვითარების გამო შვებულებით სარგებლობა მნიშვნელოვნად დაბალია (1%, 45 საჯარო მოხელემ (სამინისტროები -29, თვითმმართველი ქალაქები -16).

რაც შნეეხება რეკომენდაციებს, კვლევის ავტორები მოუწოდებენ საჯარო დაწესებულებებს, წაახალისონ ისეთი შრომითი უფლებების აღსრულება, როგორიცაა: ა) საჯარო მოსამსახურეების მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების გამო პროპორციული დასვენების დღეების მოთხოვნა; ბ) მამაკაცი საჯარო მოსამსახურეების მიერ ბავშვის მოვლის გამო შვებულების გამოყენება; გ) პროფესიული განვითარების გამო შვებულების გამოყენება; დ) პროფესიული გაერთიანებების/კავშირების შექმნა, საქმიანობა და მათთან თანამშრომლობა.

„საჯარო დაწესებულებებმა უზრუნველყონ შემდეგი შრომითი უფლებების რეალიზაცია: ა) ზეგანაკვეთური სამუშაოს აღრიცხვა და ანაზღაურება; ბ) ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების სრულად გამოყენება; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შესაბამის თანამდებობაზე გადაყვანის უფლების რეალიზაცია;

საჯარო დაწესებულებებმა გაატარონ შემდეგი ღონისძიებები: ა) საჯარო დაწესებულებების შინაგანაწესების შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან; ბ) საჯარო მოსამსახურეებში ცნობიერების ამაღლება შრომითი უფლებების, მათი დაცვის მექანიზმებისა და პროფესიული გაერთიანების/კავშირების მნიშვნელობის თაობაზე; გ) საქართველოს შრომის ინსპექციის სამსახურთან თანამშრომლობის გაზრდა შრომითი უფლებების ეფექტური იმპლემენტაციისა და მონიტორინგის თვალსაზრისით; დ) შრომითი უფლებების მდგომარეობის ამსახველი სრულყოფილი სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება და ყოველი წლის ბოლოს საჯარო სამსახურის ბიუროსთვის მიწოდება“, – წერენ ავტორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი