ახალი ამბები

არახამიას თქმით, მაკფოლმა სანქციების ნაწილში ივანიშვილი და მისი გარემოცვა იგულისხმა

7 ივლისი, 2022 • 1586
არახამიას თქმით, მაკფოლმა სანქციების ნაწილში ივანიშვილი და მისი გარემოცვა იგულისხმა

უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი დავით არახამია აცხადებს, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები სანქციების დაწესებას განიხილავენ ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვისთვის და არა “ქართველი ხალხისთვის”. ამ განცხადებას ტელეკომპანია პირველი ავრცელებს.

არახამიას თქმით, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში, უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან არსებული რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორმა მაიკ მაკფოლმა სანქციებზე საუბრისას სწორედ ეს იგულისხმა:

“მაკფოლმა განაცხადა, რომ უახლოესი სანქციების პაკეტებში განიხილება საქართველოს ზოგიერთი მოქალაქის საკითხი. პირველ რიგში, მინდა დავამშვიდო უბრალო ქართველები, ქართველი ხალხი. ბუნებრივია, არავინ დაზარალდება. რა თქმა უნდა, საუბარია ბიძინა ივანიშვილზე და მის უახლოეს გარემოცვაზე. როგორც იცით, ევროკავშირში საქართველოს მიღების ერთ-ერთი პირობა დეოლიგარქიზაციაა.

ბუნებრივია, დახმარებაა საჭირო, რომ შემცირდეს ოლიგარქების გავლენა პოლიტიკასა და საქართველოს სახელმწიფოს ცხოვრებაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილმა და მისმა ჯგუფმა ხელში ჩაიგდო ძალაუფლების ყველა შტო საქართველოში, ბუნებრივია, ამისგან გათავისუფლების და მისი შემცირების პრობლემა არსებობს. ყველა ძალოვანი, პოლიტიკური სტრუქტურა, მთავრობა და საკვანძო სამინისტროები ივანიშვილის წარმომადგენლების მიერ კონტროლდება. ამიტომ საქართველო თავად ვერ გათავისუფლდება ამისგან, რის გამოც ამაში საერთაშორისო პარტნიორები ჩაერევიან”, – განაცხადა არახამიამ.

გუშინ, 6 ივლისს მაიკ მაკფოლმა განაცხადა, რომ ემაკი-მაკფოლის ჯგუფი იწყებს მსჯელობას სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნების, კერძოდ, საქართველოს და ბელარუსის წარმომადგენლებისთვის. თუმცა მაკფოლს არ დაუკონკრეტებია კონკრეტული პირები, ვისი სანქცირება შეიძლება განიხილონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი