ახალი ამბები

პარტიის აკრძალვა ადამიანის ძირითად უფლებაში ჩარევაა – კობახიძე ალტ-ინფოზე

6 ივლისი, 2022 • 758
პარტიის აკრძალვა ადამიანის ძირითად უფლებაში ჩარევაა – კობახიძე ალტ-ინფოზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკი კობახიძე აცხადებს, რომ პარტიების თავისუფლება ადამიანის ძირითადი უფლებაა.

ამის შესახებ მან  სახალხო დამცველის მიერ„ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ აკრძალვის მიზნით კონსტიტუციური სარჩელის მომზადებაზე საუბრისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ალტ-ინფოს“ მიმართ სიმპათიები არ აქვს, კონსტიტუციით სახალხო დამცველი არის ადვოკატი და ამ შემთხვევაში თავის თავზე აიღო პროკურორის ფუნქცია, რაც მის მანდატს ეწინააღმდეგება.

„ჩვენ, ბუნებრივია, „ალტ-ინფოს“ მიმართ არავითარი სიმპათიები არ გვაქვს, მით უმეტეს, რამდენიმე დღის წინ ოფისთან იყვნენ მოსული და გვაგინეს. რაც შეეხება თვითონ სახალხო დამცველის ინიციატივას, როგორც იურისტი შევაფასებდი, სახალხო დამცველი თავისი ფუნქციით არის მთავარი ადვოკატი, ეს არის მისი კონსტიტუციური ფუნქცია, ის არის ადვოკატი და ყოველ ჯერზე, მაშნაც კი, როდესაც საქმე ეხება მიუღებელ ადამიანს, მაგალითად, დამნაშავეს, ის უნდა აკვირდებოდეს იმას, თუ რამდენად არის მისი უფლებები დაცული. მაგალითად, ადამიანს აქვს ჩადენილი უმძიმესი დანაშაული, მოკლა 5 კაცი – მისი უფლებების დაცვასაც კი უნდა აკვირდებოდეს სახალხო დამცველი და ადვოკატის პოზიციიდან უნდა უყურებდეს ამას.

ამ შემთხვევაში კომიკური რა არის – როცა საქმე ეხება პარტიის აკრძალვას, ეს არის ადამიანის ძირითად უფლებაში, პარტიების თავისუფლებაში, ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმა. შეიძლება, ლეგიტიმური იყოს, მაგრამ ჩარევის მძიმე ფორმაა. ასეთ დროსაც სახალხო დამცველი უნდა გამოდიოდეს ყველა შემთხვევაში, როგორც ადვოკატი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ ალტ-ინფო „ნაციოანალურ მოძრაობას“ შეადარა და თქვა, რომ როდესაც საქმე ეხება მოძალადე ჯგუფებს, სწორედ ენმ არის ის, ვინც  წლების მანძილზე ძალადობდა ქვეყანაში.

ამასთან, კობახიძის თქმით, „ალტ-ინფოსა“ და ენმ-ს შორის არა ტოლობის, არამედ მეტობის ნიშანს სვამს.

„მეტობის ნიშანს ვსვამ „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ. არავითარი ტოლობის ნიშანი. „ნაცმოძრაობაზე“ მეტი რუსი არავინ არის საქართველოში, იმიტომ, რომ 20% რუსეთს ჩააბარა არა „ალტ-ინფომ“, არამედ „ნაცმოძრაობამ“. სტრატეგიული ობიექტები რუსეთს ჩააბარა არა „ალტ-ინფომ“, არამედ „ნაცმოძრაობამ“. შესაბამისად, „ნაცმოძრაობაზე“ მეტი რუსეთი საქართველოში, ბუნებრივია, არავინ არის“, – განაცხადა კობახიძემ.

ომბუდსმენმა „ალტ-ინფოს“ პარტიის ასაკრძალად კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა

მასალების გადაბეჭდვის წესი