ახალი ამბები

ომბუდსმენმა „ალტ-ინფოს“ პარტიის ასაკრძალად კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა

5 ივლისი, 2022 • 1569
ომბუდსმენმა „ალტ-ინფოს“ პარტიის ასაკრძალად კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა

სახალხო დამცველმა „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ აკრძალვის მიზნით კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა.

როგორც ომბუდსმენი აცხადებს, აღნიშნული პარტია 2021 წლის 5 ივლისის უკანონო ქმედებების და ფართომასშტაბიანი ძალადობის ორგანიზატორებმა შექმნეს, რომელთა მრავალი წინარე და შემდგომი განცხადება კონსტიტუციური წყობილების დამხობის ნიშნებს შეიცავს, აღვივებს სხვადასხვა ტიპის შუღლს, ახალისებს ძალადობას ან თავად შეიცავს ძალადობის ნიშნებს და წარმოადგენს ომის პროპაგანდას.

ვინაიდან სახალხო დამცველს არ აქვს ამ საფუძვლით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მისამართად სარჩელის პროექტი წარუდგინეს რამდენიმე უფლებამოსილ სუბიექტს.

„[5 ივლისის] მძიმე დანაშაულის ჩადენიდან ერთი წლისთავზე, დანაშაულის ორგანიზატორები არ დასჯილან და ახალ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილეობენ. სახალხო დამცველის სამართლებრივი შეფასებით, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ამსახველი, საჯარო ვიდეომასალები თავისუფლად აღწევს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, რათა თუნდაც ზურაბ მახარაძის მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით.

თუმცა 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან ერთი წლის გასვლის შემდგომაც კი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა პროკურატურას არცერთი პირის მიმართ არ დაუწყია. დევნა არ დაიწყო არც სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ, რომელიც ასობით ადამიანს ძალადობისკენ საჯაროდ მოუწოდებდა“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

ამასთან, ომბუდსმენი ხაზს უსვამს იმას, რომ  საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის ეერთ-ერთი წინაპირობა არის სწორედ მოწყვლადი ჯგუფების დაცვა და მოძალადეებისა და ძალადობის ორგანიზატორებისადმი უფრო შედეგიანი მართლმსაჯულების განხორციელება.


2021 წლის 5 ივლისს წინასწარ ორგანიზებულმა ჯგუფებმა თბილისში, სხვადასხვა ადგილზე, უამრავ მშვიდობიან მოქალაქეზე  ჯგუფურად იძალადეს. ჟურნალისტებმა და მოქალაქეებმა სხვადასხვა ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს, ლგბტქ+ თემის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა ვერ ისარგებლეს მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაციის უფლებით, ჟურნალისტებს ხელი შეეშალათ პროფესიულ საქმიანობაში, დაზიანდა და განადგურდა მოქალაქეების ქონებაც.

ამ დროისთვის, 5 ივლისის ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაზარალებულად ცნობილია 53 პირი, სისხლისსამართლებრივი დევნა კი 27 პირის მიმართ დაიწყო. სახალხო დამცველის აპარატი ამჟამად სწავლობს ძალადობაში მონაწილე პირთა მიმართ გამოტანილ რამდენიმე გამამტყუნებელ განაჩენს. სახალხო დამცველმა არაერთხელ მოითხოვა საჯაროდ აღნიშნულ საქმის მასალებზე სრულად დაშვება და გაცნობა, თუმცა, უშედეგოდ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი