ახალი ამბები

საბერძნეთში ქართველები, მათ შორის “კანონიერი ქურდი” აკაკი ბილანიშვილი დააკავეს – მედია

6 ივლისი, 2022 • 1055
საბერძნეთში ქართველები, მათ შორის “კანონიერი ქურდი” აკაკი ბილანიშვილი დააკავეს – მედია

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში “კრიმინალური დაჯგუფების” 13 წევრი დააკავეს, რომელთა შორის 12 ქართველი, მათ შორის ე.წ. კანონიერი ქურდი აკაკი ბილანიშვილია.

ადგილობრივი მედიის განცხადებით, დაკავებულებს ბრალი ედებათ 47 სახლის გაძარცვაში, ნაძარცვის ღირებულება კი 434 ათას ევროს აჭარბებს. ბერძნული მედიის ცნობით, კრიმინალურ დაჯგუფებას ბილანიშვილი ხელმძღვანელობდა.

გამოცემა წერს, რომ ჯგუფის წევრები “სამსახურებრივი მანქანებით” თავდაპირველად ტერიტორიას ათვალიერებდნენ, აკვირდებოდნენ მაცხოვრებლების გადაადგილებას, შემდეგ კი, როდესაც ბინის მესაკუთრეები სახლში არ იმყოფებოდნენ, მათ ქონებას ძარცვავდნენ, დაჯგუფების ერთ წევრს კი სახლების სიახლოვეს გარე პერიმეტრის კონტროლისთვის ტოვებდნენ.

ბერძნული მედია აღნიშნავს, რომ ჯგუფის წევრებმა იცოდნენ, როგორ გაეღოთ სხვადასხვა ტიპის საკეტი, ერთმანეთთან კი დაშიფრული სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდათ. იმისათვის, რომ შეუმჩნევლად დარჩენილიყვნენ, ჯგუფის წევრები 8 სხვადასხვა ავტომობილს იყენებდნენ, რომლებიც სხვადასხვა პირზე იყო რეგისტრირებული.

გამოცემის ცნობით, გამოძიების ფარგლებში საბერძნეთის პროკურატურამ გაჩხრიკა 10 სახლი და 2 მაღაზია, სადაც სხვა ნაძარცვ ნივთებთან ერთად 4 პისტოლეტი, 2 რევოლვერი, 259 მჭიდი, დანები, ხმალი, დიდი ოდენობით ძვირფასეულობა, საათები, ელექტრონული მოწყობილობები, მზის სათვალეები პარფიუმერია, სხვადასხვა ტიპის საკეტები და მათი გასატეხი მოწყობილობები აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი