ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს სამუშაო გარემო ოფისში? — მთავრობამ კრიტერიუმები დაადგინა

6 ივლისი, 2022 • 1095
როგორი უნდა იყოს სამუშაო გარემო ოფისში? — მთავრობამ კრიტერიუმები დაადგინა

საქართველოს მთავრობამ სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი მიიღო. დოკუმენტში მოცემულია რიგი დათქმები, რომელთა დაცვასაც სახელმწიფო დამსაქმებლებს ავალდებულებს.

სამუშაო სივრცისადმი მთავრობის ზოგადი მოთხოვნების მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია:

ა) არსებობის შემთხვევაში, მუდმივად შეინარჩუნოს საევაკუაციო გასასვლელები და მათკენ მიმავალი გზები, წინაღობებისა და დაბრკოლებების გარეშე;

ბ) უზრუნველყოს სამუშაო სივრცისა და სივრცეში არსებული მოწყობილობებისა და დანადგარების ტექნიკური გამართულობა და დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები იმ გამოვლენილი დარღვევების წინააღმდეგ, რომლებსაც შეუძლიათ, ზიანი მიაყენონ სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა და სხვა პირთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას;

გ) რისკის დონისა და მწარმოებლის მითითებების (ტექნიკური პასპორტი, ტექნიკური მახასიათებლები და სხვა) გათვალისწინებით, უზრუნველყოს უსაფრთხოების მოწყობილობებისა და დამცავი აღჭურვილობის რეგულარული შემოწმება და შეკეთება, მოახდინოს რისკების პრევენცია და გაატაროს საფრთხეების აღმოფხვრისთვის აუცილებელი ღონისძიებები;

დ) რეგულარულად დაასუფთაოს სამუშაო სივრცე, სამუშაო მოწყობილობები და დანადგარები, ასევე, სამუშაო სივრცესთან დაკავშირებული სხვა ადგილები, იმგვარად, რომ დასაქმებულთა სამუშაო ადგილები იყოს მუდმივად სუფთა.

სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნები ეხება შენობის მედეგობასა და კონსტრუქციულ სიმტკიცეს, ასევე, ელექტრომოწყობილობებისა და სახანძრო უსაფრთხოებას, იატაკის, კედლების, ჭერისა და სხვა ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებასა და საევაკუაციო გზებისა და გასასვლელების მოწესრიგებას.

მუხლში, რომელიც დახურულ სამუშაო სივრცეებში მიკროკლიმატს არეგულირებს, ნათქვამია, რომ ხსენებულ სივრცეებში ჰაერის ტემპერატურა სამუშაო სპეციფიკასა და დასაქმებულების თუ სხვა პირების ფიზიკურ დატვირთვას უნდა შეესაბამებოდეს.

დოკუმენტში მითითებულია, რომ სამუშაოს სპეციფიკის, დასაქმებულების ფიზიკური დატვირთვის, ასევე ჰაერის მოძრაობის, ტემპერატურისა და ტენიანობისთვის დადგენილი ნორმების გათვალისწინებით, დახურულ სამუშაო სივრცეში უნდა იყოს საკმარისი ვენტილაცია.

დადგენილებაში მონიტორიან დანადგარებთან დაკავშირებული სამუშაო ადგილები რეგულირდება ცალკე მუხლით, რომელიც არაერთ მოთხოვნას შეიცავს დამსაქმებლისადმი. მათ შორისაა დათქმები, რომ მონიტორის ეკრანზე გამოსახული სიმბოლოები იყოს კარგად გამოკვეთილი, ეკრანი არ ციმციმებდეს, კლავიატურის წინ კი უნდა იყოს საკმარისი ადგილი იმისათვის, რომ დასაქმებულს შეეძლოს ხელებითა და მაჯით სამუშაო ზედაპირზე დაყრდნობა.

მუხლში, რომელიც საპირფარეშოებს ეხება, ვკითხულობთ:

1. სამუშაო ადგილთან, მოსასვენებელ და გამოსაცვლელ ოთახებთან, საშხაპეებთან, ხელსაბანებთან განთავსებული უნდა იყოს საჭირო რაოდენობის საპირფარეშოები;

2. მამაკაცებისა და ქალებისთვის საპირფარეშოები უნდა იყოს გამიჯნული;

3. თითოეულ საპირფარეშოს უნდა ჰქონდეს საკეტიანი კარი, რომელიც უნდა იღებოდეს შიგნიდან გარეთ;

4. საპირფარეშოები აღჭურვილი უნდა იყოს გამწოვით ან სავენტილაციო სისტემითა და ხელსაბანებით.

დადგენილებით ასევე რეგულირდება საშხაპეებისა და გამოსაცვლელი ოთახების მოწყობა, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე.

“საწარმოს სიდიდის, სამუშაოს სპეციფიკის, ავარიული სიტუაციების სიხშირისა და სიმძიმის ხარისხის მიხედვით, სამუშაო სივრცეში უნდა იყოს ერთი ან მეტი პირველადი სამედიცინო დახმარების ოთახი ან შესაბამისი გამოყოფილი ადგილი”, — წერია დოკუმენტში.

დადგენილებით სახელმწიფო დამსაქმებლისგან ითხოვს, შესაბამისი პირობებით უზრუნველყოს ორსული ქალებისა და მეძუძური დედებისთვის განკუთვნილი მოსასვენებელი ადგილები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ამასთან, დოკუმენტის იმ მუხლის თანახმად, რომელიც შშმ დასაქმებულებს ეხება, სამუშაო სივრცე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სპეციალური მოწყობილობებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის (მათ შორის, კარები, გასასვლელები, კიბეები, საშხაპეები, საპირფარეშოები, ხელსაბანები, რომლებიც განკუთვნილია შშმ პირთა სარგებლობისთვის).

პირველი ივლისით დათარიღებული დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა. მის აღსრულებას დაარეგულირებს კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ.

ინსპექტირების პროცესში კონკრეტულ სამუშაო ადგილზე დარღვევის აღმოჩენამ შეიძლება გამოიწვიოს გაფრთხილება, სხვადასხვა ოდენობის ჯარიმა ან სამუშაო პროცესის შეჩერება. სანქციის ზომა დამოკიდებულია დარღვევის სიმძიმეზე, სუბიექტის შემოსავალზე და სხვა ფაქტორებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი