ახალი ამბები

ქუთაისიში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა გაიხსნა

5 ივლისი, 2022 • 1161
ქუთაისიში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა გაიხსნა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა დაიწყო. ადრონული თერაპია  არის ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის მკურნალობის თანამედროვე მეთოდი, რომელიც არასასურველი დასხივებისგან იცავს ჯანსაღ ქსოვილებს.

ადრონული თერაპიის ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.

ღარიბაშვილის თქმით, ცენტრი “საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება იქნება” როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე, რეგიონში მცხოვრები სხვა პაციენტებისთვისაც. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პროექტს სრულად აფინანსებს ფონდი “ქართუ”, ამასთან,  პროექტი წარიმართება სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით:

“კომპანიამ უკვე ააწყო ორი ულტრათანამედროვე ციკლოტრონი ადრონული თერაპიის ცენტრისთვის.

ერთი მთლიანად მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე თერაპიის მეთოდებით, რაც განსაკუთრებით ეფექტურია სიმსივნით დაავადებულთა და განსაკუთრებით ბავშვთა მკურნალობისთვის; ეს იქნება რეგიონში უპრეცედენტო და უნიკალური მნიშვნელობის პროექტი, საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება, როგორც ჩვენი მოქალაქეებისათვის, ასევე რეგიონის მცხოვრებთათვის.

მეორე ციკლოტრონი დაეთმობა პროტონული თერაპიის ცენტრისა და სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის ჩამოყალიბებას, რომელიც უმნიშვნელოვანეს კვლევებს წარმართავს სამედიცინო, ბირთვულ და რადიაციულ ფიზიკასა და ბიოფიზიკაში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ცენტრი მომავალ თაობას მისცემს შესაძლებლობას, რომ საქართველოშივე მიიღონ თანამედროვე, ევროპული დონის განათლება აღნიშნულ დარგში.

მასალების გადაბეჭდვის წესი