ახალი ამბებიეკონომიკა

ფინანსთა მინისტრის თქმით, საქართველოში მიკრობანკები შეიქმნება

4 ივლისი, 2022 • 1466
ფინანსთა მინისტრის თქმით, საქართველოში მიკრობანკები შეიქმნება

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ შეიუმაშავეს კანონპროექი, რომელიც აანონსებს საქართველოში ახალი ფინანსური ინსტიტუციის, მიკრობანკების შექმნას.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტი ფინანსთა სამინისტრომ ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა.

ხუციშვილის განმარტებით, მიკრობანკები საბანკო სფეროს შემადგენელი ნაწილი იქნება, რომელსაც ზედამხედველობას სრულად გაუწევს ეროვნული ბანკი.

“მათ [მიკრობანკებს] ექნებათ შედარებით განსხვავებული რეგულირების ჩარჩო და ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. თუ ბანკების შემთხვევაში საწესდებო-საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა 50 მილიონი ლარია, ხოლო მიკროსაფინანსო კომპანიების შემთხვევაში – 1 მილიონი, მიკრობანკის შემთხვევაში ეს 10 მილიონი ლარი იქნება. ასევე, სხვადასხვა საზედამხედველო ფუნქციები ბანკებთან შედარებით გამარტივებული იქნება.

ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, იქიდან გამომდინარე, რომ დაფინანსების ძირითადი სეგმენტი არის მცირე მეწარმეები და სოფლის მეურნეობა. შესაბამისად, არსებულ მიკროსაფინანსო კომპანიებს, ან ვისაც მომავალში აქვს ამის სურვილი, რომ დარეგისტრირდეს, შესაძლებლობა აქვთ, რომ მიიღონ მიკრობანკის სტატუსი და უფრო გაზრდილი შესაძლებლობებით დააფინანსონ მცირე მეწარმეები და სოფლის მეურნეობის მიმართულებით გამოყონ დაკრედიტების ახალი შესაძლებლობები”, – განმარტა ხუციშვილმა.

მინისტრის თქმით, მიკრობანკები სექტორში კონკურენციის გაზრდას შეუწყობს ხელს, რადგან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც მიკრობანკის სტატუსის მიღებას შეძლებენ, ძირითადად რეგიონებს მოიცავს. ხუციშვილის განცხადებით, ეს საპროცენტო განაკვეთზე იქონიებს გავლენას, რადგან “ერთი მხრივ, მათ უფრო იაფიანი რესურსი გაუჩნდებათ, ხოლო მეორე მხრივ, კონკურენცია უზრუნველყოფს იმას, რომ საპროცენტო განაკვეთები ამ მიმართულებით შემცირდეს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი