ახალი ამბები

მარნეულის მერიის თანამშრომლებმა სამირა ბაირამოვასთვის ხელშეშლა სცადეს

2 ივლისი, 2022 • 1383
მარნეულის მერიის თანამშრომლებმა სამირა ბაირამოვასთვის ხელშეშლა სცადეს

სამოქალაქო აქტივისტ სამირა ბაირამოვას, რომელიც კამპანიის — „შინ ევროპისკენ!“ — ფარგლებში მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს ხვდებოდა, მარნეულის მერიის თანამშრომლებმა ხელშეშლა სცადეს.

მარნეულის მერიის თანამშრომლები, ირმა ზარქუა და რიმა ოთარაშვილი, სამირა ბაირამოვას ფეხდაფეხ დასდევდნენ, უყვიროდნენ, ლანძღავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ის ვერ გააგრძელებდა კამპანიას მარნეულში.

„დატოვე ტერიტორია და სხვა ქალაქში გააგრძელე შეხვედრა, აქ შენ ვერ გააგრძელებ“, — უყვიროდა ირმა ზარქუა სამირა ბაირამოვას. ინციდენტს პირდაპირ ეთერში ფეისბუკზე გადასცემდა რადიო „მარნეული“.

ზარქუა ასევე ყვიროდა, რომ ბაირამოვამ „გადახაზა ქრისტიანული ჯვარი“, რაც სიმართლე არ არის.

რამდენიმე კვირის წინ სამირა ბაირამოვამ ძალადობრივი, პრორუსული „ალტ-ინფოს“ დაფუძნებული პარტიის ოფისს მარნეულში წითელი საღებავი შეასხა. აღნიშნული პარტიის ლოგოს ნაწილია ჯვრის მსგავსი გამოსახულება.

სამირა ბაირამოვა შეეცადა ზარქუასთვის აეხსნა, რომ მან საღებავი შეასხა არა ჯვარს, არამედ „რუსეთიდან დაფინანსებულ პარტიას“.

„რას ამბობ, შენც ხომ გაფინანსებს ვიღაც?“, — უპასუხა ზარქუამ ბაირამოვას და გააგრძელა მისთვის ყვირილი.

ზარქუასთან ერთად ბაირამოვას მოსახლეობასთან შეხვედრაში ხელს უშლიდა მარნეულის მერიის კიდევ ერთი თანამშრომელი რიმა ოთარაშვილი, რომელმაც ბაირამოვას მიმართა:

„ჩვენ ევროპაში წავალთ თუ სად წავალთ, ჩვენ გადავწყვეტთ“.

ოთარაშვილის თქმით, დღეს „დასვენების დღეა“ და ის ადგილზე როგორც მოქალაქე ისე მივიდა პროტესტის გამოსახატად.

სამირა ბაირამოვას თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მარნეულში ორგანიზება გაუწია პროვოკაციას, რათა „შინ ევროპისკენ!“ კამპანიის მონაწილეებმა ვერ შეძლონ მოქალაქეებთან გასაუბრება და მათთვის ინფორმაციის მიწოდება 3 ივლისს, 20 საათზე, თბილისში დაგეგმილი აქციის შესახებ.

ადგილზე ათეულობით პოლიციელი იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, სამირა ბაირამოვამ თავისუფლად მაინც ვერ მოახერხა მოსახლეობასთან კომუნიკაცია, რადგან მერიის თანამშრომლები მას ყვირილით დასდევდნენ.

რამდენიმე დღეა, სამოქალაქო აქტივისტებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს საქართველოს რეგიონებსა და თბილისში ადამიანები ლანძღვა-გინებითა და ზოგ შემთხვევაში ფიზიკური ძალადობით ხელს უშლიან მოსახლეობასთან შეხვედრაში. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნულში ჩართულები არიან „ქართული ოცნების“ აქტივისტები, ასევე, მერიისა და მასზე დაქვემდებარებული სტრუქტურების თანამშრომლები.

ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ: ირმა ზარქუა, რიმა ოთარაშვილი და სამირა ბაირამოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი