Interviewsახალი ამბებისაზოგადოება

ქართველებმა ის კი არ უნდა იფიქრონ, „რა გაუკეთონ ბრიუსელს“, არამედ – რა გაუკეთონ საქართველოს I ინტერვიუ NED-ის პრეზიდენტთან

1 ივლისი, 2022 • 2545
ქართველებმა ის კი არ უნდა იფიქრონ, „რა გაუკეთონ ბრიუსელს“, არამედ – რა გაუკეთონ საქართველოს I ინტერვიუ NED-ის პრეზიდენტთან
თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდამჭერი ამერიკული ფონდის – ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED)  პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, დეიმონ ვილსონი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ვილსონმა Civil.ge-სთან ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა საქართველოში NED-ის საქმიანობასა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ის NED-ის პრეზიდენტად 2021 წელს დანიშნეს, მანამდე კი „ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი იყო. ვილსონი ასევე მსახურობდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ ასისტენტად და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროპის საკითხების უფროს დირექტორად. ამ პოზიციაზე მის მოვალეობებში შედიოდა ევროპისა და ნატოს გაფართოების, რუსეთის აგრესიის შეკავებისა და შეწინააღმდეგების, ასევე, სხვა საკითხები.

დეიმონ ვილსონს აქვს ერაყში აშშ-ის საელჩოს აღმასრულებელ მდივნად მუშაობის გამოცდილება.

  • ბატონო დეიმონ, დიდი მადლობა ინტერვიუსათვის. პირველ რიგში გკითხავთ, რას და რატომ საქმიანობს „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED) საქართველოში? 

მოხარული ვარ, რომ საქართველოში დავბრუნდი. რაც NED-ის პრეზიდენტი გავხდი, ეს პანდემიის დაწყების შემდეგ ჩემი პირველი სტუმრობაა ქვეყანაში. დიდი ხანია, საქართველოსა და ქართველი ხალხის მეგობარი ვარ და მსურდა, საქართველოში NED-ის პრეზიდენტად მუშაობის ადრეულ ეტაპზევე ჩამოვსულიყავი – რაც აქ ხდება, მნიშვნელოვანია თავისუფლებისა დემოკრატიის მომავლისთვის. NED ამერიკის ფონდია თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის, რომელსაც კონგრესი ხალხის ფულით აფინანსებს, თუმცა ის კერძო ინსტიტუციაა, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოში თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერას.

ჩვენი დახმარება მიმართულია სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისკენ, ისევე, როგორც საქართველოში მომუშავე NED-ის ოჯახის წევრი ძირითადი ინსტიტუტებისკენ, იქნება ეს „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“, „სოლიდარობის ცენტრი“ და  „კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრი“. NED-ის ამ შრომას საფუძვლად უდევს ჩვენი, ამერიკის და მისი დემოკრატიის მრავალფეროვნების აღიარებაც, რომ სხვადასხვა ძალები – დემოკრატები, რესპუბლიკელები, ბიზნესი თუ პროფკავშირები – ერთად ვმუშაობთ მსოფლიოში დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, იქნება ეს ფართო მასებთან დაკავშირებული ჯგუფების (grassroots), სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიული ინსტიტუტებისა თუ ღირებულებების მხარდაჭერა.

NED სწორედ ამის გამოხატულებაა და ვამაყობთ, რომ ქართველი ხალხისა და მისი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერის ხანგრძლივი ისტორია გვაქვს. აქ იმისთვის ვარ, რომ მოვუსმინო ჩვენს პარტნიორებს, გავიგო მათი წუხილი; გავიგო, როგორ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის ამ მისწრაფებებს. ამასთან, ვიაზრებთ, რომ ახლა მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის გამოწვევების ხანა დგას – უკვე მე-16 წელია, რაც დემოკრატიის უკან დახევის მოწმენი ვართ. ეს კიდევ უფრო გაამწვავა ავტორიტარული რეჟიმების რეპრესიებმა, რომლებსაც მოსკოვი და პეკინი ტექნოლოგიების დახმარებით მიმართავენ. ცხადია, აქ უნდა ვახსენოთ ომი უკრაინაში და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხიც. საქართველოს დემოკრატიას ახლა მშფოთვარე ხანა უდგას და გვსურს, ჩვენი აქ ყოფნით მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს, მათ მისწრაფებებს, საქართველოს გზას, მიმართულს საკუთარი დემოკრატიის გაძლიერებისაკენ ამ რეგიონში.

  • ევროპულმა კავშირმა ახლახან განაცხადა, რომ საქართველოს ადგილი მის რიგებშია, თუმცა ქვეყანას მისცა რიგი დავალებები, რომელთა შესრულებაც კანდიდატის სტატუსის მიღებამდე იქნება საჭირო. ამასთან, მოლდოვამ და უკრაინამ უკვე მიიღეს კანდიდატის სტატუსი – ერთი ნაბიჯით უსწრებენ საქართველოს. როგორ აღიქვამენ ამერიკაში ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომლითაც საქართველომ ამ ეტაპზე სტატუსი ვერ მიიღო? რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება საქართველოს მეგობრებისთვის ვაშინგტონში?    

ეს მნიშვნელოვანი ამბავია. დიდი ხანია ტრანსატლანტიკური ინსტიტუტებისკენ საქართველოს სწრაფვის გულშემატკივარი ვარ, რადგანაც შთაგონებული ვარ ქართველი ხალხით და მჯერა მისი მიზანსწრაფვის, რომ ქვეყნის ადგილი დასავლეთის დემოკრატიათა რიგებშია. ეს ფრიად შთამბეჭდავი და გასაოცარი ამბავია. ერთი მხრივ, დიდი ხანია მსურს ვიხილო ევროკავშირი, რომელსაც გაფართოებაზე უჭირავს თვალი და კეთილმოსურნედ უყურებს ევროპის აღმოსავლეთში მცხოვრები ხალხების [ევროპულ] მისწრაფებებს. მნიშვნელოვანია, რომ ევროპელმა ლიდერებმა უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროპული მომავალი აღიარეს. ეს უკრაინის შემაძრწუნებელი ომის ფონზე მომხდარი დადებითი ნაბიჯია. ამ ომმა გამოაფხიზლა ევროპელები, რომლებიც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი საქართველოს, როგორც ევროპულ ქვეყნად წარმოსახვითაც კი. ამ მხრივ, რასაც ევროპაში მიმდინარე დებატებიც მოწმობს, მნიშვნელოვანი პროგრესია.

მეორე მხრივ, დიდი ხანია საქართველო ამ სამეულში რეფორმების კუთხით მოწინავე ქვეყნად განიხილებოდა. ეს [გადაწყვეტილება კი] ნიშანია, რომ წინ კიდევ მეტი გასაკეთებელი საქმეა, ამ მხრივ საწუხარი არსებობს. თქვენ ახსენეთ, რომ ევროკავშირმა საქართველოს დავალება მისცა. მე ამ საკითხს ცოტა სხვაგვარად მივუდგებოდი: ხომ არ აჯობებს, ქართველები მოწოდებული იყვნენ საქმის ერთობლივად კეთებისკენ, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ?

დემოკრატიული რეფორმების გაღრმავების, ევროკავშირში გაწევრების თუ ნატოსკენ სვლის მთელი ეს პროცესი ვერ იმუშავებს, თუ მიდგომა ისაა, რომ ეს ყველაფერი ბრიუსელის დასაკმაყოფილებლად კეთდება. ამ პროცესის მთავარი სიძლიერე ხალხის მიერ იმის გაცნობიერებაა, რასაც ამერიკის მთავრობისთვის მუშაობისას ბალტიისპირეთის თუ სხვა ქვეყნების მიდგომებში ვხედავდი – რასაც ვაკეთებთ, ჩვენი თავისა და ხალხის დასახმარებლად, ჩვენი პირადი თავისუფლებების, ქვეყნის დასაცავად, მისი უსაფრთხოებისათვის. მნიშვნელოვანია იმის დანახვა, რომ ამ ყველაფერს, რეფორმების დღის წესრიგს, ბრიუსელისთვის, შარლ მიშელის ან [საფრანგეთის] პრეზიდენტ მაკრონისთვის კი არ მივყვებით, არამედ საკუთარი თავისთვის…

ეს რეფორმები ქართველი ხალხის ერთმანეთისადმი პასუხისმგებლობიდან უნდა გამომდინარეობდეს, რომ მას ჰქონდეს უკეთესი მომავალი, ქართველმა მშობლებმა თავიანთი შვილების მომავალი ამ ქვეყანას რომ დაუკავშირონ; არ მოუწიოთ იმაზე ფიქრი, რომ მათი შვილები საზღვარგარეთ უნდა წავიდნენ სამუშაოს თუ თავისუფლების საძიებლად; რომ აქაც შეიძლება ეს ყველაფერი გამოვიდეს; რომ აქაურობაც შეიძლება იყოს ევროპა. ეს ტრანზიციის პერიოდი მნიშვნელოვანია და მაფიქრებს იგი. მივესალმები ევროკავშირის განაცხადს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი აქვს. [ამერიკის] მთავრობაში მუშაობისას, ევროპელი პოლიტიკოსები ამის აღიარებისგან თავს იკავებდნენ. ამდენად, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია.

ამასთან, გვხვდება აშკარა ნიშანიც, რომ არსებობს გარკვეული შეშფოთება და იმედგაცრუება პროგრესის ნაკლებობასა და სწრაფვაზე იმისკენ, რასაც დემოკრატიის ეფუძნება. ამდენად, ქართველებმა არ უნდა იფიქრონ „რა უნდა გავუკეთო ბრიუსელს“, არამედ იფიქრონ, რა გააკეთოს საქართველომ თავისი მოქალაქეებისა და მათი მისწრაფებებისათვის? ესაა მნიშვნელოვანი განსხვავება, როდესაც ნატოსა თუ ევროკავშირში გაწევრებაზე ვსაუბრობთ. ეს ალიანსები არჩევანს ეფუძნება. საქართველოს არავინ აიძულებს რამე გააკეთოს. უნდა საქართველოს დემოკრატიული მომავალი? თუკი უნდა, თუკი სურს ამ ინსტიტუტების წევრი იყოს, უნდა [გააცნობიეროს], რომ ამ მხრივ გარკვეული ტიპის მოლოდინებიც იქნება, თუმცა ეს მოლოდინები ქართულ მოლოდინებად უნდა იქნას აღქმული.

ახლა [ამ მხრივ] გარკვეული კითხვა არსებობს,  თუმცა კი ნათელია ქართველი ხალხის წადილი, თუ სად ხედავს იგი თავის ადგილს მომავალში. ეს ეჭვმიუტანელი საკითხია, რასაც გამოკითხვების მონაცემებიც მოწმობს, მოწმობს ის, რასაც მთელ ქვეყანაში, სოფლად თუ ქალაქად მცხოვრები ქართველებისაგან ვისმენთ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია უწყვეტი ერთგულება იმ ნაკისრი ვალდებულებებისადმი, რომელთაც რეფორმების ჯეროვანი შესრულება უნდა მოჰყვეს.

წინა საკითხს რომ დავუბრუნდეთ, ამიტომაცაა მნიშვნელოვანი რას აკეთებს NED საქართველოში. აქ არ ვგულისხმობ, რომ ამერიკელებმა ქართველებს უთხრან, რა უნდა გააკეთონ, არამედ იკითხონ: „რის გაკეთება შეგვიძლია საქართველოს დასახმარებლად?“ ამიტომაცაა, ერთგულად რომ ვუჭერთ მხარს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, რომ ხალხს ჰქონდეს წვდომა ინფორმაციაზე, რომ დავეხმაროთ მათ სახიფათო და მანიპულაციური დეზინფორმაციით სავსე საინფორმაციო სივრცეში ორიენტირებაში. სწორედ ამიტომ, გვერდში ვუდგავართ სათემო (grassroots) ორგანიზაციებს, რითაც ჩვენი წვლილის შეტანას ვცდილობთ სამოქალაქო ჩართულობის გაზრდაში, იქნება ეს ახალგაზრდების მონაწილეობის მხრივ, ლგბტ თემის ჩართულობის მხრივ, თუ პოლიტიკური დისკუსიის წახალისების თვალსაზრისით.

მართალი გითხრათ, ყოველივე ეს საკუთარი ძალების რწმენის გაღრმავებას უკავშირდება: როგორ მოვახერხოთ, რომ მოქალაქეებს სჯეროდეთ დემოკრატიულ საზოგადოებაში საკუთარი ძალისხმევის შედეგიანობის? ამიტომაცაა, ასევე, მხარს რომ ვუჭერთ ქართველებს, შეინარჩუნონ კავშირები ოკუპირებულ ტერიტორიებთან, რადგანაც გვესმის, რომ ამ მხრივაც უნდა არსებობდეს მომავალი; საქართველო მიმზიდველი უნდა იყოს აფხაზებისათვის, რომლებიც თავიანთ მომავალზე ფიქრობენ. ამ დახმარებას ევროკავშირისთვის კი არ ვწევთ, არამედ ქართველებისთვის, ხალხის მისწრაფებებისთვის, მათი დემოკრატიისთვის. თუმცა კი ვიმედოვნებთ, რომ ამ წვლილით საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის დღის წესრიგის დაჩქარებაში ვეხმარებით.

საქართველომ აშკარად აიღო ვალდებულებები და ვფიქრობ, თქვენც გაიგებდით, რომ ევროპელი ლიდერები სვამენ კითხვას – შეგიძლიათ კი აღებული ვალდებულებების შესრულება? თუ კი, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ამ შეშფოთებას, რომელსაც პასუხი თავისით არ გაეცემა. ამას მუყაითი შრომა სჭირდება. და კვლავაც ისმევა შეკითხვა: აქვს საქართველოს პოლიტიკური ნება და პოლიტიკური შესაძლებლობა ასეთ გარემოში შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები ამ პროცესის გასაღრმავებლად?

  • ხშირად სერიოზული შეშფოთება გამოითქმის საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობის გამო. ზოგი ამბობს, რომ მთავრობა ოპოზიციის გავლენის შესამცირებლად იყენებს დესტაბილიზაციის შიშს. სხვათა აზრით, ოპოზიციაც სცოდავს კონფლიქტურობით. როგორ მოჩანს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები ვაშინგტონიდან, როგორ უყურებენ სამოქალაქო აქტივისტების როლის ზრდას ქართულ პოლიტიკაში? 

მტკიცედ შეკრული პოლიტიკური სივრცე, რომელშიც პარტიებსა და პოლიტიკოსებს საგნობრივი დებატების წარმართვა შეუძლიათ, დემოკრატიული საზოგადოების ქსოვილის ნაწილია, ჯანსაღი ნაწილი. თუმცა დებატები სიჯანსაღეს კარგავს, თუკი დემოკრატიული დისკუსიის წესები ირღვევა. სწორედ ამისთვისაა საჭირო, მეტიც, აუცილებელი სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია.

უნდა გითხრათ, რომ სწორედ მათი უსაფრთხოების საკითხი გვაშფოთებს. ჩვენ გვესმის ჟურნალისტებისგან, რომ ისინი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ. ჩვენ ვნახეთ, რომ შარშან, 5 ივლისს, ჟურნალისტი მოკლეს, რომ იმ ადამიანების სიცოცხლე, რომლებიც ლგბტ თემის დასაცავად დადგნენ, საფრთხეში იყო. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ქართველი ხალხისადმი ჩვენს სოლიდარობას ახლა ღიად გამოვხატავთ – ჟურნალისტები იქნებიან ეს, ლგბტ თემი, თუ სხვები.

როცა მთავრობაში ხარ, შენი პასუხისმგებლობა იზრდება – ეს ყველა მთავრობაზე ვრცელდება. დემოკრატიულ სისტემაში არსებობს აგრეთვე დამატებითი პასუხისმგებლობაც, რომ შეიქმნას ისეთი პოლიტიკური ველი, როცა [პოლიტიკური პროცესის] ყველა მონაწილეს თანაბარ პირობებში შეეძლება ასპარეზობა. [ამგვარი ველის არსებობის] საკითხი ბევრს გვაღელვებს: უსაფრთხოების თვალსაზრისით, გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით, მედიის თავისუფალი მუშაობის თვალსაზრისით – პოლიტიკური დებატების წესები უნდა იძლეოდეს ამ ყველაფრის საშუალებას. კვლავაც საკითხავია, რამდენად შეუძლიათ პოლიტიკური პროცესის მონაწილეებს თამაშის წესების ერთგული დარჩნენ და ამ გზით მისცენ ხელშესახები ფორმა საქართველოს მომავალს.

[წესების პატივისცემა] ავტომატურად არ მოდის და ამ საქმეში სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის როლი შეუცვლელია – ისინი წარმოადგენენ საპირწონეებისა და ბალანსის ნაწილს. დღეს ამ მხრივ დაძაბულობა იგრძნობა და როცა ასეთი დაძაბულობაა, ეს გარკვეულწილად შემაშფოთებელია. მეორე მხრივ, ხშირად სწორედ ამ წნეხის, დაძაბულობის არსებობა უბიძგებს საზოგადოებას გადაწყვეტილების პოვნისაკენ და იძლევა წინსვლის საშუალებას.

იმედი მაქვს, ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები ხედავენ „დიდ სურათს“ – სტრატეგიულად უცქერენ საკუთარი უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესების საკითხს, რომელიც სინამდვილეში საქართველოს უსაფრთხოების, მისი თავისუფლების, სუვერენიტეტის საკითხია. ეს სუვერენიტეტი და თავისუფლება, მოცემულ ვითარებაში გარანტირებულად ვერ ჩაითვლება და ის მჭიდროდაა გადაჯაჭვული ქართული დემოკრატიის ხარისხთან და მის ბუნებასთან.

რაც უფრო გაღრმავდება ქართული დემოკრატია, რაც უფრო სანდო გახდება ის, რაც უფრო მედეგი იქნება ქართული საზოგადოება, მით უფრო ნაკლებად იქნება ის დამოკიდებული ერთ ან ორ პიროვნებაზე, ერთ ან ორ პოლიტიკურ ძალაზე. როცა ქართველ ხალხს შესწევს ძალა, დაიცვას საკუთარი თავი, ის ანგარიშგასაწევი ფაქტორი ხდება. სწორედ დემოკრატიის გაღრმავება მისცემს საშუალებას ამერიკელ ხალხს, ბევრ ევროპელს, თქვას – საქართველო მართლაც არის დასავლეთის ნაწილი, ის იმსახურებს [დასავლური] ინსტიტუტების წევრობას.

საჭიროა შორსმხედველობა იმის დასანახად, რომ დიახ, რეფორმები შეიძლება მტკივნეული იყოს, პოლიტიკური კომპრომისები ნაკლებად სასიამოვნო, ძალაუფლების შეზღუდვაც იყოს საჭირო – მაგრამ ყოველივე ამას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. თუნდაც იმიტომ, ქართული დემოკრატიის ხარისხზე პირდაპირ იქნება დამოკიდებული ამერიკის [თქვენი] ქვეყნისადმი მხარდაჭერის ხარისხი, ის, თუ რამდენად ენთუზიაზმით მოეკიდება ამერიკელი ხალხი საქართველოს შესვლას ტრანსატლანტიკურ ოჯახში.

დარწმუნებული ვარ, გრძელვადიან პერსპექტივაში ასეც მოხდება. ოპტიმისტურად ვუყურებ საქართველოს, მისი არაჩვეულებრივი შემოქმედებითობის, გულწრფელობის, ქართველი ხალხის ამ საერთო მიზნებისადმი ერთგულების გამო. თუმცა საკმაოდ მაშფოთებს მოკლევადიანი პერსპექტივა და სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ აქ, რომ ნათლად წარმოვაჩინოთ ჩვენი მხარდაჭერა თქვენი მიზნებისადმი, მშვიდობიანი კომპრომისისკენ მისწრაფებისადმი, რათა რეფორმების პროცესი გაღრმავდეს. პოლიტიკურ მოთამაშეებს აქვთ თავიანთ როლი, სამოქალაქო საზოგადოებას აქვს თავისი როლი და ამ როლებს პატივისცემა სჭირდება იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად გამოვიდეს. ეკლესიის მხრიდან კონსტრუქციული როლის თამაშიც, როგორც მშვიდობისა და არაძალადობის მხარდამჭერი ძალისა,  შეუცვლელია დღევანდელ დაძაბულ გარემოში.

  • ბოლო კითხვა: მადრიდში ნატოს სამიტის მიმდინარეობის ფონზე ვსაუბრობთ. ნატომ განაახლა თავისი სტრატეგიული დოქტრინა და მოკავშირე სახელმწიფოთა თითოეული გოჯის დაცვის პირობა დადო. გადაწყდა, მნიშვნელოვნად გაიზარდოს სწრაფი რეაგირების ძალების რიცხვიც ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე. რას ნიშნავს ეს საქართველოსა და უფრო ფართოდ, შავიზღვისპირეთისთვის? 

დიდი ხანია ნატოში საქართველოს წევრობას ვუჭერ მხარს. მქონდა აშშ მთავრობაში მუშაობის პატივი, მათ შორის ბუქარესტის სამიტის დროსაც, სადაც მტკიცედ ვუჭერდი მხარს ცხადი პროცედურის მიღებას საქართველოს გაწევრებისა და მოკავშირედ ქცევისთვის. მივიჩნევდი, რომ საქართველოს წინსვლის გათვალისწინებით ქვეყანა ნატოს წევრობას იმსახურებდა. ავღანეთში ყოფნისას, თუ როცა ბაღდადში აშშ საელჩოს ადმინისტრაციის უფროსად ვმუშაობდი, ამაში საკუთარი თვალით დავრწმუნდი, რადგან სწორედ ქართველი ჯარისკაცები უზრუნველყოფდნენ ჩვენს უსაფრთხოებას.

მათ ყოველ დილას ვხედავდი, როცა კი საელჩოს ჭიშკარს გავცდებოდი. ჩემი თვალით მაქვს ნანახი ის წვლილი, რაც საქართველომ შეიტანა ნატოს უსაფრთხოების საქმეში. მტკიცედ მწამს, რომ ახალ რუსეთთან, ვლადიმირ პუტინის რუსეთთან დაპირისპირებისას,  ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევის ნაწილია უსაფრთხოება და თუ ეს გვინდა, ყველაფერი ცხადი უნდა იყოს. ბალტიის ქვეყნები იქნება, შვედეთი, თუ ფინეთი – მშვიდობა მაშინ გვექნება, როცა არ იარსებს ორაზროვნება, არ იარსებებს „ნაცრისფერი ზონები“.

საქართველოს მიერ ნატოს ალიანსში საკუთარი ადგილის მოპოვება ამ რეგიონში მყარი მშვიდობის მშენებლობის ნაწილია, ამიტომ უნდა შევებრძოლოთ ორაზროვნების ცდუნებას და თან გავითვალისწინოთ ის ობიექტური სირთულეც, რომ ქვეყნის 20% ამჟამად ოკუპირებულია. ეს ნიშნავს, რომ ისეთივე შემოქმედებითი მიდგომა გვჭირდება, რომელიც გაყოფილი გერმანიის შემთხვევაში გამოვიყენეთ. ეს ნიშნავს, რომ გვჭირდება დემოკრატიული საქართველო ისეთი ხარისხის დემოკრატიით, რომელიც შეძლებს გახდეს თავისუფალი ერების კავშირის ნაწილი ისე, რომ არ დათმოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სუვერენიტეტი, მაგრამ გაგებით მოეკიდება ნატოს მეხუთე მუხლის გავრცელებასთან დაწესებულ შეზღუდვებს.

რას გვიჩვენებს მადრიდის [სამიტი]? მართალია, საქართველო არ ყოფილა განსახილველ საკითხთა ცენტრში, მაგრამ მართლაც, ევროპული უსაფრთხოებისადმი ამერიკის მხარდაჭერის ხელახალი დადასტურება, შავი ზღვის რეგიონისადმი ნატოს მხარდაჭერის გამოხატვა ფრიად მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ნატოს გაფართოებისადმი მხარდაჭერა კვლავაც არსებობს, როგორც შვედეთისა და ფინეთის მაგალითზე კარგად ვხედავთ.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს დიდი ნაბიჯი წინ [ამ სამიტზე] თავად არ გადაუდგამს, თუმცა შეიქმნა შესაძლებლობების ფანჯარა, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები იმისათვის, რომ თუკი საქართველო კარგად იმუშავებს, თუკი ის დემოკრატიის ხარისხს გააუმჯობესებს, თუკი ის შეიარაღებული ჯარების რეფორმირებას განაგრძობს, თუკი დემოკრატიულ ქვეყნებთან თანამშრომლობას კვლავაც გააღრმავებს, ჩემი აზრით, ნათლადაა მონიშნული ის ბილიკი, რომელიც საქართველოს აშშ-ს ახლო პარტნიორად და, საბოლოოდ, ნატოს ფარგლებში მოკავშირედ აქცევს.

ეს დღეს-ხვალ არ მოხდება, ეს უკავშირდება დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობისა და მათი გამძლეობის საკითხს. ამიტომაა, რომ შვედეთისა და ფინეთის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღება მადრიდში ასე ადვილი იყო. დიახ, მნიშვნელოვანია, რომ ორივე ამ ქვეყნის ძალები თავსებადია ალიანსის უსაფრთხოების ძალებთან, მაგრამ მთავარი მათი დემოკრატიული სისტემებისა და კანონის უზენაესობის მცველი ინსტიტუტების სტაბილურობაა.

იმედი მაქვს, ეს ქართველ ლიდერებს, პოლიტიკოსებს შთააგონებს, მარტო საკუთარი კერძო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე კი არ იმოქმედონ, არამედ მიხვდნენ, რომ დემოკრატიული რეფორმები ეროვნულ უსაფრთხოებას აძლიერებს, რომ ეს ორი რამ ერთმანეთთანაა კავშირში და რომ ყველაფერი კარგად მაშინ გამოვა, თუკი პოლიტიკურ პარტიებს შორის აზრთა სხვადასხვაობის, სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ფრაქციების უთანხმოების მიუხედავად, იარსებებს მსოფლიოში საქართველოს ადგილის ერთიანი ხედვა.

პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, ამ მიზნისაკენ მიმავალ გზაზე ერთად მუშაობა ბევრ რამედ ღირს. ფინეთმა და შვედეთმა დღეს ამას მიაღწიეს, რადგან დავინახეთ ერთსულოვნება პოლიტიკურ სპექტრში, სამოქალაქო საზოგადოებაში და ამით შესაძლებელი გახადეს საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილების განხორციელება. ვფიქრობ, მათი გამოცდილება საქართველოს კარნახობს რა გზას უნდა დაადგეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი