ახალი ამბები

უკრაინა სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს და ემბარგოს აწესებს

30 ივნისი, 2022 • 1290
უკრაინა სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს და ემბარგოს აწესებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყანა წყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობებს სირიასთან და უწესებს მას სავაჭრო ემბარგოს, ხოლო იურიდიულ და ფიზიკურ პირებს –  სანქციებს.

როგორც უწყების ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, ამის მიზეზია რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების – ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. უწყება ასევე აცხადებს, რომ სირია ამას აკეთებს კრემლში მყოფი კურატორების მითითებით.

„ჩვენი პოზიცია ნათელია – ჩვენ მკაცრად ვუპასუხებთ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მიმართული იქნება უკრაინის ტერიტორიული ერთიანობისა და სუვერენტიტეტის წინააღმდეგ და ჩვენ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესს ყველა შესაძლო გზით, მათ შორის, დიპლომატიურ ასპარეზზე“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

საგარო უწყება ასევე ხაზს უსვამს, რომ სირიელი ხალხის წინააღმდეგ ბაშარ ალ-ასადის ქმედებების გამო უკრაინამ საელჩო დამასკოში 2016 წელს გააუქმა, ხოლო უკრაინაში სირიის საელჩო 2018 წელს დახურა.

სირიას ასევე აღიარებული აქვს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი