ახალი ამბები

„შინ ევროპისკენ“ შეხვედრის დროს „ოცნების“ წევრები დაგვიპირისპირდნენ – ლევან სამუშია

30 ივნისი, 2022 • 697
„შინ ევროპისკენ“ შეხვედრის დროს „ოცნების“ წევრები დაგვიპირისპირდნენ – ლევან სამუშია

გორში „ლელოს“ წევრებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც გორის ბაზრობის ტერიტორიაზე ბადრი ჯაფარიძე და ლევან სამუშია მივიდნენ კამპანიაზე „შინ ევროპისკენ“ სასაუბროდ.

როგორც შემდგომ სამუშია ნეტგაზეთთან განმარტავს, უცნობი პირები „ქართული ოცნების“ წევრები და მხარდამჭერები იყვნენ.

„ჩვეულებრივად, როგორც სჩვევია „ქართულ ოცნებას“, საბიუჯეტო სამსახურის თანამშრომლები და რამდენიმე პარტიის წევრი დაგვახვედრეს, ცდილობდნენ ხელი შეეშალათ შეხვედრისთვის, მაგრამ ჩვენ შეხვედრა მაინც ჩავატარეთ.

მოსახლეობამ ძალიან თბილად მიგვიღო და სწორედ ეს აშინებს „ქართულ ოცნებას“. ორგანიზებულად ცდილობდნენ ამ შეხვედრის ჩაშლას, რაზეც მეტყველებს ის, რომ როგორც კი შევედით ბაზრის ტერიტორიაზე, შესვლა და მათი „შემოგეგებება“ ერთი იყო“, – ამბობს სამუშია ნეტგაზეთთან და ამატებს, რომ პირები მათ ედავებოდნენ, რომ „ომი გვინდა თითქოს“.


3 ივლისს თბილისში დაანონსებული აქციის წინ, პარტიები და სამოქალაქო მოძრაობები მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ ევროკავშირში საქართველოს წევრობის მნიშვნელობასა და ამ მიზნით რეფორმების იმ 12 პუნქტის შესრულების აუცილებლობაზე.

კამპანიის ფარგლებში ჩასულ აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს რამდენიმე ქალაქში სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და შეხვედრების ჩაშლა სცადეს.

6 ქალაქში ჩვენი შეხვედრების ჩაშლა საჯარო მოხელეებმა და „ოცნების“ მხარდამჭერებმა სცადეს – „შინ ევროპისკენ“

 

მასალების გადაბეჭდვის წესი