ახალი ამბები

სტუდენტებს, რომლებიც აქციის ფლაერებს არიგებდნენ, „ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ

30 ივნისი, 2022 • 873
სტუდენტებს, რომლებიც აქციის ფლაერებს არიგებდნენ, „ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან სტუდენტებს, რომლებიც 3 ივლისის აქციის ფლაერებს არიგებდნენ, აგრესიულად განწყობილი პირები სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ისინი აცხადებენ, რომ სტუდენტები 3 ივლისის აქციაზე არ უნდა მივიდნენ.  ერთ-ერთი მათგანის თქმით, გორიდან „ლამაზი ხედის“ სანახავად ჩამოვიდა. აგრესიულად განწყობილი პირები „ტელეკომპანია პირველთან“ არ მალავენ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან.

„რას აშუქებდით, ესენი რომ ფლაერებს არიგებდნენ?“ – ეკითხება ერთ-ერთი პირი, „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.

პირები, რომლებიც ადასტურებენ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან, სტუდენტებს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ:

„არ არის ეს ნარატივი სწორი. ნორმალური სტაბილური ცხოვრება, ევროპისკენ წინსვლით, მაგრამ არა „ნაცების“ ხელით. გვეზიზღებიან, რეჟიმს აღარ დავაბრუნებთ“ ,- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

„შეყვარებულს ველოდები, გამოცდას წერს და ჩავერიე სიტუაციაში იმიტომ, რომ არ მომწონს, რასაც აკეთებენ, დავალებას რომ ასრულებენ. ქვეყანაში უნდათ დესტაბილიზაცია“, – ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.

მომხდართან დაკავშირებით „ნეტგაზეთი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებისგან პასუხის მიღების შემდეგ სტატია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი