ახალი ამბები

სუბარი ზურაბიშვილს ძალაუფლების უზურპაციაში ადანაშაულებს

29 ივნისი, 2022 • 1159
სუბარი ზურაბიშვილს ძალაუფლების უზურპაციაში ადანაშაულებს

სოზარ სუბარის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი ინიციატივით „დანიშნა“ საპარლამენტო სხდომა, რაც, მისი თქმით, არის ძალაუფლების უზურპაცია.

საბოლოოდ, საქართველოს პარლამენტის ბიურომ 5 მარტს პრეზიდენტის პარლამენტში მოსმენას მხარი არ დაუჭირა.

„სალომე ზურაბიშვილი მოდიოდა სწორედ ამ გზავნილით და პარლამენტში უნდა გაეჟღერებინა… თვითმფრინავიდან დაიწყეს რეკვა და თვითმფრინავიდან დანიშნეს სხდომა…

დაურეკეს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელსაც ჰქონდა შეხვედრა და მისწერა, რომ არ შეეძლო ამაზე საუბარი და მოგვიანებით შეეხმიანებოდა, ცოტა ხანში კი პარლამენტის თავმჯდომარე იღებს მეორე წერილს, რომ სხდომა არის დანიშნული.

რა ჰქვია ახლა ამას?! – ეს არის ძალაუფლების ერთგვარი უზურპაციაც, იმიტომ, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება, რომ დანიშნოს მოხსენება პარლამენტის წინაშე. [ეს] მინიმუმ შეთანხმებით ხდება.

თან რაღაცა მაქვს სათქმელი ისეთი, რომელსაც ჩემ გარდა ვერავინ იტყვის, იმიტომ, რომ ევროპაში მქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრებიო.

როცა მოვიდა ერთი კვირის შემდეგ, არცერთი სიტყვა არ უთქვამს იმ ევროპული შეხვედრების შესახებ, რადგან არაფერი ჰქონდა სათქმელი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

როგორც პარლამენტის თავმდჯომარემ, შალვა პაპუაშვილმა მაშინ განაცხადა, პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსნება 9 აპრილს იყო დაგეგმილი. თუმცა ბიუროს სხდომაზევე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა თქვა, რომ 9 აპრილი შეთანხმება არ ყოფილა.

მისივე თქმით, პრეზიდენტს საუბარი სურდა მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, უკრაინაში რუსეთის ომის გამო შექმნილი ვითარებისა და მისი ევროპაში გამართული შეხვედრების შემდეგ.

სოზარ სუბარმა სხვა ორ დეპუტატთან ერთად „ქართული ოცნება“ დატოვა, რადგან, მისი განცხადებით, ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით, საზოგადოებისთვის უფრო მეტი სიმართლის თქმას უჭერს მხარს, ხოლო პარტიაში განსხვავებულად ფიქრობენ.

სუბარის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს არც 6 თვის შემდეგ არ მიანიჭებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი