ახალი ამბები

ღარიბაშვილმა ჯონსონი და მაკრონი საქართველოში მოიწვია – მთავრობა

29 ივნისი, 2022 • 1044
ღარიბაშვილმა ჯონსონი და მაკრონი საქართველოში მოიწვია – მთავრობა

საქართველოს მთავრობის პრესცენტრი იუწყება, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ბორის ჯონსონსა და ემანეულ მაკრონს მადრიდში შეხვდა, მათთვის „ხელსაყრელ დროს“ საქართველოში მოიწვია.

29 ივნისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ჯონსონსა და ემანუელ მაკრონს მადრიდში ნატოს სამიტზე ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

მთავრობის ცნობით, პრემიერ-მინისტრების, ღარიბაშვილისა და ჯონსონის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები იყო „საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები“.

„პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება დემოკრატიზაციისა და რეფორმების კვალდაკვალ.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე და აღინიშნა, რომ სტრატეგიული დიალოგის ფორმატმა და არაერთი მიმართულებით თანამშრომლობამ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადაიყვანა“, – წერს მთავრობის ფეისბუკის გვერდი.

რაც შეეხება შეხვედრას მაკრონთან, მთავრობის ცნობით, მასთან შეხვედრის მთავარი საკითხები იყო საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, როლს და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას“, – წერია გავრცელებულ ცნობებში.

პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ასევე შეხვდრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, შეხვედრაზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველო აქტიურად იმუშავებს კანდიდატის სტატუსის მონიჭებისთვის ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად“.

„შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის მადრიდში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ევროპული პერსპექტივის განხილვას დაეთმო. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილება იყო. ამით ევროპულმა საბჭომ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“, – აცხადებენ მთავრობაში.

მთავრობის პრესცენტრის ცნობითვე, ირაკლი ღარიბაშვილმა მაკრონთან შეხვედრისას თქვა, რომ ქვეყნის „ევროინტეგრაცია არა მხოლოდ რომელიმე მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია“.

„ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გაწეული პირადი ძალისხმევისთვის და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და შედეგად, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა უკრაინის მიმართ საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სოლიდარობა და ურყევი მხარდაჭერა“, – წერს მთავრობა.

ნახეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი