საზოგადოება

რა წერია საქართველოზე ნატოს მადრიდის სამიტის დეკლარაციაში

29 ივნისი, 2022 • 2067
რა წერია საქართველოზე ნატოს მადრიდის სამიტის დეკლარაციაში

ნატომ მადრიდის სამიტის დეკლარაცია მიიღო, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭო მადრიდში შეხვდა ნატო-ს ბევრ პარტნიორს: ავსტრალიის, ფინეთის, საქართველოს, იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, ახალი ზელანდიის, შვედეთისა და უკრაინის სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურების, ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტების ჩათვლით.

„ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს ფონზე, ჩვენ გადავწყვიტეთ ახალი ზომების მიღება, რათა გავაძლიეროთ პარტნიორებზე მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, მათ შორის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ მათთან, რათა ავაშენოთ მათი მთლიანობა და მედეგობა, განვავითაროთ შესაძლებლობები და დავიცვათ მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ჩვენ ასევე გავაძლიერებთ ჩვენი შესაძლებლობების ამაღლების მხარდაჭერას სამხრეთის პარტნიორებისთვის“, — ნათქვამია მადრიდის სამიტის დეკლარაციაში.

2008 წლის შემდეგ ეს არის ნატოს სამიტის პირველი დეკლარაცია, რომელიც არ იმეორებს ბუქარესტის სამიტის ჩანაწერს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. თუმცა საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას ადასტურებს ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც მადრიდის სამიტზე დაამტკიცეს. ნატოს ახალი კონცეფცია პირველად ასახელებს რუსეთს საფრთხედ. ალიანსის ბოლო სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2010 წელს არის მიღებული, ამბობდა, რომ ნატოსა და რუსეთის თანამშრომლობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ხელს უწყობს მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების საერთო სივრცის შექმნას და ნატო არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი