ახალი ამბები

სააკაშვილს სასწრაფოდ სჭირდება თანამედროვე კლინიკაში გადაყვანა – PACE-ს წევრები

28 ივნისი, 2022 • 776
სააკაშვილს სასწრაფოდ სჭირდება თანამედროვე კლინიკაში გადაყვანა – PACE-ს წევრები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 20 წევრი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საერთო დეკლარაციით ეხმიანება.

დეკლარაციაზე ხელმომწერები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ არ შესრულდა საქართველოსა და უკრაინის სახალხო დამცველების რეკომენდაციები.

მათი თქმით, რამდენიმე დამოუკიდებელმა ექიმმა სააკაშვილის ციხეში გასინჯვის შემდეგ დაადასტურა მთელი რიგი დაავადებები და მძიმე ნევროლოგიური მდგომარეობა.

როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები აცხადებენ, სააკაშვილს სასწრაფოდ სჭირდება თანამედროვე კლინიკაში გადაყვანა და სტრესისგაგან თავისუფალ გარემოში მკურნალობა. მათი თქმით, ამის შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს დემენცია, მრავალი ორგანოს უკმარისობა და სიკვდილი.

„სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შეშფოთებას იზიარებს უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გააკეთოს ყველაფერი მისი შესაძლებლობების ფარგლებში იმისთვის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდეს“, – ნათქვამია PACE-ს წევრების დეკლარაციაში

მათივე თქმით, მნიშვნელოვანია მკურნალობა ევროპის სპეციალიზირებულ კლინიკაში, რომელსაც უკვე აქვს მსგავსი შემთხვევების მართვის გამოცდილება. მათი თქმით, ეს უპირველეს ყოვლისა ჰუმანიტარული საზრუნავია.

ამასთან, PACE-ს წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ ქართული დემოკრატიის სტაბილურობასთან დაკავშირებით და შიშობენ, რომ შესაძლოა, საზოგადოებაში არსებილი ისედაც ღრმა განხეთქილება შემდგომში კიდევ უფრო გაღრმავდეს.

„საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება პოლიტიკური შერიგების პროცესი. თუ თავისუფლების აღკვეთის გამო სააკაშვილის მძიმედ დაავადდება ან გარდაიცვლება, შეიძლება ამ პროცესს საფრთხე დაემუქროს“, – აღნიშნულია PACE-ს წევრების დეკლარაციაში.

დეკლარაციას ხელს აწერენ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები, მათ შორის „ევროპის სახალხო პარტიის“(EPP), სოციალ-დემოკრატებისა და მწვანეთა ჯგუფის(SOC) ლიბერალების და დემოკრატების ალიანსის (ALDE), ევროპის კონსერვატორთა ჯგუფისა და დემოკრატიული ალიანსის (EC/DA) წევრები.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა, პირველ ოქტომბერს კი დააკავეს, რის შემდეგაც მას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარედგინა. ეს არის მე-5 სისხლის სამართლის საქმე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში.

10 მაისს მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა.

ოჯახი და ადვოკატები სააკაშვილის გადაყვანას სამკურნალოდ საზღვარგარეთ ითხოვენ, რადგან,  მათი თქმით, მისი მდგომარეობის მართვა საქართველოში „შეუძლებელია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი