ახალი ამბები

იწყება პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია — კალაძე

28 ივნისი, 2022 • 1780
იწყება პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია — კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დღეს, 28 ივნისს, თბილისის მერია იწყებს თავისუფლების მოედანთან მდებარე პუშკინის სკვერის რეაბილიტაციას.

მერის განცხადებით, რეაბილიტაცია, რაც დაახლოებით 800 000 ლარი დაჯდება, ოქტომბერში უნდა დასრულდეს.

პუშკინის სკვერთან „პანორამა თბილისის“ ქვედა სადგური მდებარეობს.

კალაძის თანახმად, პუშკინის სკვერი ამჟამად „ძალიან მძიმე მდგომარეობაშია — ფილები დაზიანებული და განადგურებულია, მწვანე თარგები არ არის შესაბამის მდგომარეობაში“. მერიის სურვილია, მთლიანად მოაწესრიგოს არსებული ტერიტორია.

რეაბილიტაციის ფარგლებში, დედაქალაქის მერის თანახმად:

  • „მოეწყობა დამატებით გამწვანებული სივრცეები,
  • დამატებით მოხდება გამწვანებული თარგების დაგეგმარება,
  • განახლდება საფეხმავლო ბილიკები,
  • განთავსდება საპარკო ინვენტარი,
  • მოეწყობა გარე განათების სისტემა,
  • დამატებით დამონტაჟდება ვიდეომეთვალყურეობის სისტემა,
  • ტერიტორიაზე შევა ნოყიერი მიწის ნაზავი,
  • დაირგვება მწვანე ნარგავები,
  • მოეწყობა სარწყავი სისტემა
  • დაიგება ბალახის საფარი“.

ამჟამად თბილისში მიმდინარეობს მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, რის შემდეგაც ეს ქუჩა ავტობუსებისთვის ორმხრივი გახდება.

ასევე, მიმდინარეობს ქეთევან დედოფლის გამზირისა და ავლაბრის მოედნის რეაბილიტაცია.

კახა კალაძემ ასევე განაცხადა, რომ მომავალ წელს რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი