ახალი ამბები

ტეხასში, მექსიკის საზღვართან, ტრაილერში 46 მიგრანტის ცხედარი იპოვეს

28 ივნისი, 2022 • 921
ტეხასში, მექსიკის საზღვართან, ტრაილერში 46 მიგრანტის ცხედარი იპოვეს

ორშაბათს, 27 ივნისს, ტეხასში, ქალაქ სან ანტონიოში, აშშ-მექსიკის საზღვართან, მისაბმელიან სატვირთო ავტომობილში 46 დაღუპული ადამიანის ცხედარი იპოვეს.

იქვე იპოვეს 16 ადამიანი, რომლებიც უკიდურესად სუსტად იყვნენ სიცხისა და უწყლობის გამო. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სან ანტონიოს სახანძრო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტრაილერში წყლის ნატამალი არ ყოფილა – „ეს, წესით, მაცივარი-ტრაილერი იყო, მაგრამ გაგრილების სისტემა არ მუშაობდა“.

ქალაქის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ პირმა, რომელიც ახლომდებარე შენობაში მუშაობს, გაიგონა, როგორ ითხოვდა ხალხი დახმარებას და ხმას გაჰყვა – იპოვა ტრაილერი, ნახა, რომ კარი ნაწილობრივ ღია იყო, შეიხედა და გარდაცვლილები დაინახა.

პოლიციის უფროსის თქმითვე, ეს არის „ადამიანების ტრეფინგის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შემთხვევა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა“.

„როიტერსის“ ცნობით, სამი ადამიანი დაკავებულია, თუმცა მათი ბრალეულობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არის დაზუსტებული.

ფედერალური, შტატისა და ადგილობრივი მთავრობების თანახმად, დაღუპულები მიგრანტები არიან.

ადგილობრივი გამოცემის, „ტეხას ტრიბუნის“ ცნობით, სავარაუდოდ, ტრაილერში გამოკეტილი ადამიანები იქიდან თავის დაღწევას და გადმოხტომას ცდილობდნენ.

ამავე გამოცემის ცნობით, პოლიციაში ამბობენ, რომ ტრაილერს, სავარაუდოდ, ხორცის სანელებლები მოაყარეს, რათა ცხედრების უსიამოვნო სუნი შეენიღბათ.

„როიტერსის“ ცნობით, ადგილის მოსანახულებლად ჩავიდა მექსიკის კონსული სან ანტონიოში. ვარაუდობენ, რომ მექსიკის მოქალაქეების გარდა, შესაძლოა, დაღუპულთა შორის ჰონდურასის მოქალაქეებიც იყვნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი