საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელიც რუსული ნავთობითაა დატვირთული, ბათუმის პორტს ტოვებს.
ის ბათუმის ნავსადგურში შევიდა მიმდინარე წლის 26 ივნისს.
„კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოწმებისას დადგინდა, რომ არც გემი და არც მისი მფლობელი არ იყვნენ შეყვანილი საერთაშორისო სანქცირებულთა სიაში. შესაბამისად, გემს მიეცა უფლება შემოსულიყო საქართველოს ნავსადგურში, რის თაობაზეც გაკეთდა შესაბამისი განმარტება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ.
რაც შეეხება გემზე განთავსებულ საქონელს – კანონმდებლობის სრული დაცვით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა ადგილზე გამოითხოვა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომლის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გემზე განთავსებული საქონელი წარმოადგენდა თურქეთში გასაგზავნ ტვირთს, რომელიც, ამავდროულად, იყო საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უარი ეთქვათ ტვირთის დაცლასა და შემდგომი საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე. ამ დროისთვის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ტვირთთან ერთად ტოვებს ბათუმის ნავსადგურს“, – წერია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემოსავლების სამსახურის განცხადებაბმდე, გემის შესახებ ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ გემი საქართველოს საბაჟო კონტროლს ვერ გაივლიდა.