ახალი ამბები

კრემლის თანახმად, თუ გადახდილი ფული მიმღებამდე არ მივიდა, ეს მისი პრობლემა აღარაა

27 ივნისი, 2022 • 956
კრემლის თანახმად, თუ გადახდილი ფული მიმღებამდე არ მივიდა, ეს მისი პრობლემა აღარაა

კრემლის წარმომადგენლის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ბრალდებები, რომ რუსეთი დეფოლტს განიცდის, არალეგიტიმურია, რადგან ქვეყანამ უცხოური ობლიგაციების მომსახურების თანხა ჯერ კიდევ მაისში გადაიხადა.

„ბრალდებები დეფოლტის შესახებ აბსოლუტურად დაუსაბუთებელია, რადგან ჯერ კიდევ მაისში განხორციელდა გადახდა უცხოურ ვალუტაში, ხოლო ფაქტი, რომ Euroclear-მა მოხსნა ეს თანხა, ან რომ ამ თანხამ ვერ მიაღწია მიმღებ მხარეებამდე, ჩვენი პრობლემა აღარაა“, — განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისი განცხადებით, შექმნილ ვითარებაში დეფოლტზე ხაზგასმის მიზეზი არ არსებობს, როგორც ეს Bloomberg-ის სტატიაშია ნათვქამი.

Euroclear არის ბელგიური კომპანია, რომელიც საფინანსო მომსახურებებს ახორციელებს. კომპანიის მთავარი სპეციალიზაცია გადარიცხვების განხორციელება, აქტივების მართვა და დაბანდებაა. კომპანიის მომსახურებას ქვეყნები გადარიცხვების განხორციელებისას იყენებენ.

Euroclear-მა რუსეთის კუთვნილი რუსული აქტივები დაბლოკა, რომელთა ღირებულება დაახლოებით 27 მილიარდი აშშ დოლარი იყო.

რუსეთს საერთაშორისო კრედიტორებისთვის გადასახდელი ჰქონდა დაახლოებით 100 მილიონი, თუმცა სანქციების გამო ეს ვერ შეძლო.

რუსეთის შემთხვევაში დეფოლტი სიმბოლური დარტყმაა, მაგრამ ჩვეულებრივ ვითარებაში პრაქტიკულ უსიამოვნებებსაც ნიშნავს. მაგალითად, დეფოლტის ქვეშ მყოფი ქვეყანა საგარეო ვალს ვერ აიღებს, თუმცა, სანქციებიდან გამომდინარე, ისედაც გამორიცხულია რუსეთის მიერ დასავლური ბაზრებისგან სესხების აღება.

დეფოლტი ნიშნავს აღებული ვალების გადაუხდელობას – დადგენილ ვადებში ვალის  არდაბრუნებას ან ვერ დაბრუნებას.

ეს სიტყვა, ფართო გაგებით, ეხება ყველას: ფიზიკურ პირებს (ანუ ადამიანებს), სხვადასხვა სახის კომპანიასა და მთავრობებს/სახელმწიფოებს.

ფიზიკური პირებისა და კომპანიების მიმართ დეფოლტის ნაცვლად ხშირად იყენებენ ტერმინ „გაკოტრებას“.

ამ შემთხვევაში, რადგან რუსეთის მთავრობას განვიხილავთ, გამოვიყენებთ სიტყვა „დეფოლტს“.

ამავე დროს, „დეფოლტი“ განსხვავდება მონათესავე ტერმინებისგან, როგორებიცაა:

  • არალიკვიდურობა (როდესაც მოვალეს არასაკმარისი თანხა [ან სხვა ლიკვიდური ქონება] აქვს და ამიტომ ვერ იხდის ვალს);
  • გადახდისუუნარობა (როდესაც მოვალე ამა თუ იმ მიზეზის გამო ვერ იხდის ვალს).

შესაძლოა, ტერმინი დეფოლტი გამოყენებული იქნას ვალის ნაწილობრივ გადაუხდელობის შემთხვევაშიც.

„შეიძლება დადგეს ტექნიკური დეფოლტი, ფინანსური დეფოლტი და ა.შ. მთავარი განსხვავება ისაა, რომ თუკი ერთ შემთხვევაში მხარე, სახელმიწფო, უბრალოდ ვერ იხდის ვალს იმიტომ, რომ საკმარისი შესაძლებლობები არ აქვს, მეორე შემთხვევა დგება მაშინ, როდესაც მხარე ვალის დაბრუნებას ფიზიკურად ვერ ახერხებს იმის გამო, რომ კონტრაქტი ითვალისწინებს გარკვეულ ფინანსურ პირობას“, – ეუბნება „ნეტგაზეთს“ ეკონომისტი დავით კეშელავა, ISET-ის კვლევითი ინსიტუტიტის უფროსი მკვლევარი.

მისი განმარტებით, როდესაც ესა თუ ის ქვეყანა ვერ ან არ მოემსახურება საგარეო ვალს, ავტომატურად ცხადდება დეფოლტი:

„ამ დროს ამბობენ ხოლმე, რომ ქვეყანამ გამოაცხადა დეფოლტი, რადგან ვერ ან არ გადაიხადა, უარი განაცხადა გარკვეული მიზეზების გამო თავისი ვალდებულებების შესრულებაზე“, – ამბობს იგი.

საგარეო ვალი არის ამა თუ იმ მთავრობის მიერ აღებული ვალი სხვა სახელმწიფოებისგან, უცხოური ბანკებისგან ან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან, ჩვეულებრივ, დაბალ პროცენტში და ხანგრძლივი ვადით.

რუსეთის ფედერაციას, სხვა ქვეყნების მსგავსაცდ, აღებული აქვს საგარეო ვალი. 2021 წელს რუსეთის საგარეო ვალის მოცულობა მშპ-ს მიმართ 26.9% იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი