ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ჩვენ ევროკავშირის წევრობა არ გვინდა”- აზერბაიჯანელი დეპუტატი

27 ივნისი, 2022 • 2303
“ჩვენ ევროკავშირის წევრობა არ გვინდა”- აზერბაიჯანელი დეპუტატი

აზერბაიჯანულ გამოცემა turan.az-თან ინტერვიუში აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატი, საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის წევრი ელმან ნასიროვი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის არ ისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ.

“ჩვენ ვართ “არმიერთების მოძრაობის” [NAM] წევრები. აზერბაიჯანი ევროპაში ინტეგრაციისთვის ნაბიჯებს დგამს, თუმცა ინტეგრაცია წევრობას არ მოიაზრებს. ჩვენ ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებას და სტრატეგიულ პარტნიორობას ვუჭერთ მხარს. პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის ავტორიც აზერბაიჯანია. შეთანხმების პროექტი 95%-ით მზადაა. ამჟამად რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ, რათა 100%-ით შევათანხმოთ მხარეებმა ეს დოკუმენტი”.

გამოცემასთან საუბარში აზერბაიჯანის კვლევითი ცენტრის, Atlas -ის ხელმძღვანელი ელგან შაინოღლუ ასევე აცხადებს, რომ აზერბაიჯანი არც NATO-ს და არც ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფის.

“ამ საკითხზე ჩვენს საზოგადოებაში დისკუსია არც კი მიმდინარეობს. ჩვენ ასეთი მიზანი არ გვაქვს. NATO ამ გაგებით უფრო პრობლემატურია, რადგან NATO-ს წევრობა ნიშნავს იმას, რომ აზერბაიჯანის ურთიერთობები რუსეთთან და ირანთან იქნება დაძაბული. დამატებითი პრობლემები არ გვჭირდება. თუკი აზერბაიჯანი NATO-ს წევრობას მოინდომებს, ჩვენ იქ არავინ მიგვიღებს, ამავე დროს კი, გაიზრდება ჩვენზე ზეწოლა. ამის მიუხედავად, ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს NATO-ს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სახელმწიფოსთან – თურქეთთან, და ჩვენი არმიაც თურქული სტანდარტებისაა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი