ახალი ამბები

სანქცირებული პროდუქტით დატვირთულ გემს საბაჟოს თანხმობა არ მიეცემა — მინისტრი

27 ივნისი, 2022 • 4047
სანქცირებული პროდუქტით დატვირთულ გემს საბაჟოს თანხმობა არ მიეცემა — მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბათუმის პორტში მდგარი გემი, რომელიც სანქცირებული პროდუქტითაა დატვირთული, საბაჟო თანხმობას ვერ მიიღებს და ტვირთს ქვეყანაში ვერ შემოიტანს.

„ბათუმის ნავსადგურში არსებული გემი შემოვიდა სანქცირებულ კომპანიასთან დაკავშირებული ტვირთით, ეს ფაქტია. შესაბამისად, საბაჟო ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებას იმ პასუხისმგებლობით, რომელიც მათ გააჩნიათ.

საქართველოში არცერთი ფაქტი სანქციების გვერდის ავლის ან დარღვევის არ ყოფილა. ამ შემთხვევაშიც ასე იქნება.

სურვილი ერთია, რომ ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს საქართველოში ტვირთის შემოტანის, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო უწყებები მოქმედებენ მაქსიმალური პასუხისმგებლობით და საბაჟო ორგანოებს არ გაუციათ თანხმობა ტვირთის მიღებაზე“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, პორტი, ტვირთის გადამზიდავი და მისი მეპატრონე კერძო სუბიექტები არიან, თუმცა, მათი სურვილის მიუხედავად, საბაჟოს თანხმობის გარეშე ეს ტვირთი ვერ მოხდება საქართველოს საბაჟო სივრცეში.

ბათუმის ნავსადგურში რამდენიმე დღის წინ შემოვიდა თურქული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი „ესენკა“, რომელიც დატვირთულია სანქცირებული რუსული კომპანია „როსნეფტის“ ნავთობპროდუქტით. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.

უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები რუსულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებსაც შეეხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი