ახალი ამბები

ექიმებმა შეძლეს მარნეულში ნგრევისას დაღუპული ორსულის ნაყოფის გადარჩენა

27 ივნისი, 2022 • 1074
ექიმებმა შეძლეს მარნეულში ნგრევისას დაღუპული ორსულის ნაყოფის გადარჩენა

მარნეულში 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე აივნის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული ორსული ქალის ნაყოფის გადარჩენა ექიმებმა შეძლეს.

მარნეულის „ავერსის“ კლინიკის ექიმის განცხადებით, 26 წლის ქალი, რომელიც 38 კვირის ორსული იყო, კლინიკაში უკვე გარდაცვლილი შეიყვანეს, თუმცა ექოსკოპიისას დაფიქსირდა ნაყოფის გულისცემა და რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად ბავშვის გადარჩენა ექიმებმა შეძლეს:

„შემოყვანილ იქნა 26 წლის, 38 კვირის ორსული ქალი. კლინიკაში შემოყვანისას პაციენტი გარდაცვლილი იყო . როდესაც ჩატარდა ექოსკოპია, დაფიქსირდა ნაყოფის გულისცემა. ნაყოფის გადარჩენის მიზნით, სასწრაფოდ შეყვანილ იქნა საოპერაციოში. ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, ბავშვი გადარჩა“, – აცხადებს „ავერსის“ კლინიკის ექიმი ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, სტაბილურია დაღუპული ქალის მეორე, 7 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც ასევე აივნის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა. რაც შეეხება კიდევ ერთ დაშავებულ ბავშვს, ექიმების განცხადებით, 8 წლის გოგო  მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ტრავმულ-ჰემორაგიული შოკი აქვს და ბარძაყის არეში დამატებით ოპერაციას საჭიროებს.

შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გამოძიება სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით) დაიწყო. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი