ახალი ამბები

ოკუპანტებმა სევეროდონეცკი სრულად დაიკავეს – ქალაქის მერი

25 ივნისი, 2022 • 1324
ოკუპანტებმა სევეროდონეცკი სრულად დაიკავეს – ქალაქის მერი

სევეროდონეცკის მერის განცხადებით, რუსეთის ჯარებმა სრულად დაიკავეს სევეროდონეცკი და ქალაქში საკუთარი მეთაურიც დანიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა UNIAN ავრცელებს.

“ქალაქი იმდენად განადგურებულია, რომ გულწრფელად გითხრათ ადამიანებს ამ ვითარებასთან გამკლავება გაუჭირდებათ. ვიმედოვნებთ, რომ ქალაქი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდება უკრაინული მხარის კონტროლს”, – განაცხადა ალექსანდრ სტრიუკმა.

მისი განცხადებით, უკრაინის ჯარი თავდაცვით პოზიციებზეა, ადგილობრივებს კი ქალაქის დატოვება მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების მხრიდან შეუძლიათ.

ამასთან, სტრიუკის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებამ ადგილობრივ საავადმყოფოებში საკმარისი რაოდენობის მედიკამენტები მანამდე მოიმარაგა.


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმდინარე თვეში განაცხადა, რომ ლუგანსკის ოლქში მდებარე ქალაქ სევეროდონეცკში მიმდინარე ბრძოლას, შესაძლოა, აღმოსავლეთ უკრაინაში ომის ბედი გადაეწყვიტა.

„ბევრი მიმართულებით დონბასის ბედი ახლა აქ წყდება“, — აცხადებდა ის.

სევეროდონეცკი აღმოსავლეთ უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის იმ მცირე დასახლებებს შორის იყო, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ აკონტროლებდა რუსეთის საოკუპაციო ძალები.

ომის მეორე ფაზის მიზნის გათვალისწინებით, რაც გულისხმობს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ოკუპაციას, ქალაქის დაკავება კრემლისთვის დიდ სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი