ახალი ამბები

სააკაშვილი ბირთვულ სამიტზე

12 აპრილი, 2010 • 1423
სააკაშვილი ბირთვულ სამიტზე

დღეს ვაშინგტონში იწყება ბირთვული უსაფრთხოების სამიტი, რომელშიც 47 ქვეყნის ლიდერთან ერთად საქართველოს პრეზიდენტიც მიიღებს მონაწილეობას. არ შედგება სააკაშვილი-ობამას ორმხრივი შეხვედრა.

 11 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის  პრესსამსახურს არ გაუკეთებია განცხადება სააკაშვილის აშშ-ში სამიტზე გამგზავრების შესახებ (ინფორმაცია არც პრეზიდენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულა) თუმცა სააკაშვილი არის თეთრის სახლის მიერ გამოქვეყნებულ სამიტის მონაწილეთა სიაში.  

თეთრი სახლის პრესამსახურის მიერ 9 აპრილს გამოცხადებულ  ორმხრივი შეხვედრების სიაში სააკაშვილი არ არის. აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტების შესაძლო ორმხრივ შეხვედრაზე განცხადება 23 მარტს სააკაშვილის პრესს სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააკეთა. ”არ არის გამორიცხული” – თქვა მან ამ შეხვედრაზე.

 ობამას ორმხრივი შეხვედრა  12 აპრილს ჩანიშნულია ყაზახეთის პრეზიდენტთან ნურსულთან ნაზარბაევთან. ”ყაზახეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რამდენადაც ის დაკავშირებული ბირთვულ უსაფრთხოებასთან და არის აშშ-ს პარტიორი სხვადასხვა საკითხში” – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა  9 აპრილს.

 სამიტის პირველ დღეს აშშ-ს პრეზიდენტს ორმხრივი შეხვედრები ექნება ასევე ინდოეთის პრემიერ მინისტრთან, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტთან , პაკისტანის პრემიერ მინისტრთან.  

 სამიტის მეორე დღეს კი, 13 აპრილს ობამა შეხვდება იორდანიის მეფეს, მალაიზიის პრემიერ მინისტრს, ჩინეთის პრეზიდენტს და სომხეთის პრეზიდენტს.

სომხეთის პრეზიდენტთან ორმხრივი შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრისას თეთრი სახლის პრესსპიკერმა ხაზი გაუსვა  პროტოკოლს, რომლითაც აშშ ცდილობს წაახალისოს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობის ნორმალიზაცია.

”სამიტი მიზნად ისახავს მაქსიმალურად მოკლე ვადაში უზრუნველყოს ნაკლებად დაცული ბირთვული მასალების უსაფრთხოება, რომ თავიდან იქნას აცილებული ამ მასალების ტერორისტთა ხელში მოხვედრა” – განაცხადა ჰილარი კლინტონმა პრაღაში ობამა-მედვედევის შეხვედრამდე.

ობამას მიზანია მიაღწიოს საერთაშორისო კონსენსს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საკითხზე.

თუმცა სამიტამდე  მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ  ვაშინგტონში დაგეგმილ ბირთვულ სამიტს აღარ დაესწრება. ”ასოშეიტედ პრესს”   ისრაელის ოფიციალური პირებმა განუცხადეს, რომ ამის მიზეზი გახდა ეგვიპტის და თურქეთის გაზრახვა, გამოიყენონ სამიტი ისრაელის საწინააღმდეგო  განცხადებისათვის. 

ნათანიაჰუს მაგივრად საერთაშორისო ბირთვულ სამიტს პრემიერ მინისტრის მოადგილე, ისრაელის ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი დენ მერიდორი დაესწრება.

ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ხამენეიმ კი თავდასხმის მუქარად შეაფასა თეთრი სახლის ახალი ბირთვული სტრატეგია და განაცხადა, რომ 21-ე  საუკუნეში ერთ-ერთი ქვეყნის ლიდერის მიერ ბირთვული თავდასხმით მუქარა მიუღებელია – იუწყება ”ამერიკის ხმა”.

სამშაბათს   პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ამერიკის ახალ ბირთვულ სტრატეგიაზე ისაუბრა.

სტრატეგიის თანახმად შეერთბულ შტატებში საჭიროების დროს არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს იმ ქვეყნების მიმართ, რომელთაც არ გააჩნიათ მსგავსი შეიარაღება, ხოლო  გამონაკლისს ირანი და ჩრდილოეთ კორეა წარმოადგენს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი