ახალი ამბები

ეს არ არის ავანსი და წახალისება — კასიანოვი კანდიდატის სტატუსზე

24 ივნისი, 2022 • 993
ეს არ არის ავანსი და წახალისება — კასიანოვი კანდიდატის სტატუსზე

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისთვის არის არა ავანსი, არამედ 30-წლიანი ბრძოლის შედეგი.

კასიანოვმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლების ყველა შტომ და საზოგადოებამ ეფექტურად და შეთანხმებულად იმუშავა კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მისი თქმით, უკრაინას დანერგილი აქვს ევროკავშირის სტანდარტების 70% და მისი ხელისუფლება 100%-ით არის განწყობილი, გააგრძელოს რეფორმები კოპენჰაგენის კრიტერიუმებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

„უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ისტორიული გადაწყვეტილება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპის მომავლისთვის. ეს არ არის ავანსი უკრაინისთვის და არ არის წახალისება. ამ გადაწყვეტილებამდე უკრაინა 30 წლის განმავლობაში მოდიოდა, ამისთვის გამოვიდა უკრაინელი ხალხი მაიდანზე — ღირსების რევოლუციაზე, თავისუფალ, ევროპულ ქვეყანაში თავისუფლად ცხოვრების უფლებისთვის.

120 დღეზე მეტია, უკრაინა წინააღმდეგობას უწევს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ აგრესიას. უკრაინელები ყოველდღე იცავენ დემოკრატიას და ევროპას. სიცოცხლეს სწირავენ ჩვენი საერთო მომავლისთვის. უკრაინა კანდიდატი გახდა ევროკავშირის, რომელიც იცვლება, ის ხდება უფრო ძლიერი საკუთარი თავის და საკუთარი ღირებულებების დაცვაში, ხდება ძლიერი ეკონომიკური მოთამაშე, ნაკლებად დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე, და უფრო სწრაფად რეაგირებს საფრთხეებზე. ასევე შეიცვალა გადაწყვეტილებების მიღების სიჩქარე. ვფიქრობ, ასეთი დაჩქარებული ტემპები შემდეგში შენარჩუნდება და უკრიანა მზად არის, წვლილი შეიტანოს ახალი ევროპის მშენებლობაში“, — განაცხადა კასიანოვმა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პოზიტიური გადაწყვეტილება არის უკრაინის მიღწევების შედეგი.

ევროკავშირმა უკრაინას და მოლდოვას მიანიჭა კანდიდატის სტატუსი თანმხლები პირობებით, საქართველოს კი — არა და სტატუსის მისაღებად წინაპირობები განუსაზღვრა. სამივე ქვეყნის შემთხვევაში ევროპულმა საბჭომ აღიარა მათი ევროპული პერსპექტივა. „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ საქართველოს უკრაინაზე და მოლდოვაზე მეტად იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და უკრაინისთვის სტატუსის მინიჭება ევროკავშირის მხრიდან არის მისი მსხვერპლის სანაცვლოდ გაღებული „საჩუქარი“, „ავანსი“ და „წახალისება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი