ახალი ამბები

დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება — მედიაკოალიცია ტვ პირველის ჯგუფზე თავდასხმაზე

24 ივნისი, 2022 • 755
დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება — მედიაკოალიცია ტვ პირველის ჯგუფზე თავდასხმაზე

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა.

„კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება დოლიძის ქუჩაზე TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე“, – წერია კოალიციის განცხადებაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას გულისხმობს.

ტელეკომპანია „პირველის“ განცხადებით, მათს ჟურნალისტსა და ოპერატორს გადაღების დროს უცხო პირები თავს დაესხნენ.

„ტვ პირველის“ თანახმად, ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიას თავს უცნობი პირები დაესხნენ, აგინეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ტელეარხის თანახმად, შემთხვევა დღეს, 24 ივნისს, დოლიძის ქუჩაზე მოხდა. ტვ პირველის თანახმადვე, უცხო პირები ჟურნალისტს თავს მხოლოდ იმის გამო დაესხნენ, რომ მას „ტვ პირველის“ მიკროფონი ეჭირა.

„ტვ პირველი“ ხაზს უსვამს, რომ კიდევ ერთი თავდასხმა მათ გადამღებ ჯგუფზე ერთი კვირის წინ ბათუმში მოხდა. 19 ივნისს ბათუმში TV პირველის ოპერატორს მცირეწლოვანი შვილების თვალწინ სცემეს. TV პირველის გადამღები ჯგუფი ღამის ეთერში სტუმრის ჩასართავად ემზადებოდა, როცა მათთან უცხო პირები მივიდნენ და გინება დაუწყეს. მოგვიანებით კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ტვ პირველი“ ასევე ამბობს, რომ თავდასხმას წინ უძღოდა მამუკა მდინარაძის შეურაცხყოფა, რომელიც დეპუტატმა „შაბათის ეთერის“ ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას დას, ნატა ქაჯაიას მიაყენა.

კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, „ეთიკის საბჭოს ფარგლებში შეისწავლოს პარლამენტის წევრის, მამუკა მდინარაძის მიერ საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის შესაძლო დარღვევის შესახებ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი