ახალი ამბები

გვაქვს მზაობა, მინიმალურ სტანდარტებზე შევთანხმდეთ, მათ შორის, ოპოზიციის ტელევიზიებში ვიაროთ — ღარიბაშვილი

24 ივნისი, 2022 • 749
გვაქვს მზაობა, მინიმალურ სტანდარტებზე შევთანხმდეთ, მათ შორის, ოპოზიციის ტელევიზიებში ვიაროთ — ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციასთან “გარკვეულ თამაშის წესებზე” შეთანხმდებიან, მმართველი პარტია მზად არის, ოპოზიციის “მართულ და კონტროლირებად ტელევიზიებში” იაროს. მისი თქმით, “ქართული ოცნება” ამისთვის ყოველთვის მზად იყო.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა დღეს, 24 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა:

“ჩვენ გვინდა განვაცხადოთ საჯაროდ, გვაქვს და ყოველთვის გვქონდა მზაობა, რომ გარკვეულ თამაშის წესებზე, მინიმალურ სტანდარტზე შევთანხმდეთ ჩვენს ოპოზიციასთან. როგორიც არ უნდა იყოს ის, მოგვწონს თუ არ მოგვწონს. თუ ეს წესები არ შეთანხმდა და მათი ეს პოლიტიკა მიზანმიმართული იქნება მხოლოდ იმაზე, როგორ არიონ და დაანგრიონ ქვეყანა და როგორ გამოიწვიონ ქვეყანაში დესტაბილიზაცია, რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ.

მათ შორის, მზად ვართ, რომ მათ მიერ მართულ და კონტროლირებად ტელევიზიებში ვიაროთ, მოგცეთ ინტერვიუები, გაიმართოს რეალური დებატები, რეალური, საქმიანი შინაარსიანი [დებატები] და არა შეურაცხყოფა და ლანძღვა-გინება და ჩხუბი”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

უკვე რამდენიმე წელია, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უარს ამბობენ კრიტიკული მედიასაშუალებების ტელეეთერებში სტუმრობაზე, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ტეელვიზიები პერიოდულად აცხადებენ მზაობას მათი მიწვევის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი