ახალი ამბები

ომის 4 თვე — რა ხდება ფრონტებზე

24 ივნისი, 2022 • 1609
ომის 4 თვე — რა ხდება ფრონტებზე

უკრაინაში რუსეთის მიერ ომის წამოწყებიდან უკვე ზუსტად 4 თვე გავიდა.

ამ დროის განმავლობაში, რუსეთმა ვერ შეძლო თავდაპირველად დასახული მიზნისთვის მიეღწია, აეღო კიევი და შეეცვალა უკრაინის ხელისუფლება, ამიტომ ომის მეორე ფაზა წამოიწყო, რომლის მიზანიც დონბასის რეგიონში ტერიტორიული წარმატების მიღწევაა.

ომის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე რუსეთმა ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ცნო, ახლა კი, სხვა მიმართულებებთან ერთად, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების სრულ ოკუპაციას ცდილობს.

რა ტერიტორიებს აკონტროლებენ მხარეები

ამჟამად რუსეთი იმაზე მცირე ტერიტორიას აკონტროლებს, ვიდრე, მაგალითად, ომის დაწყების პირველი 2 კვირის თავზე, რაც საბრძოლო მიზნის ცვლილებითა და ჩრდილოეთ უკრაინიდან ჯარების გაყვანითაა განპირობებული.

ამჟამად საოკუპაციო ძალები, გარდა ყირიმის ნახევარკუნძულისა და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების იმ ნაწილებისა, რომელიც 2014 წლიდან მოყოლებული ოკუპირებულია, აკონტროლებენ ხერსონის ოლქის უდიდეს ნაწილს, ასევე, ზაპოროჟიის ოლქის სამხრეთს, ხარკოვის ოლქის ჩრდილოაღმოსავლეთს, დონეცკის ოლქის სამხრეთს და ლუგანსკის ოლქის დაახლოებით 90 პროცენტს.

ამჟამად განსაკუთრებული ბრძოლები სწორედ ლუგანსკის ოლქში მიმდინარეობს, სადაც რუსეთი ცდილობს სრულად დაიკავოს ქალაქი სევეროდონეცკი და შეტევა განაგრძოს მეზობლად მდებარე ქალაქ ლისიჩანსკის მიმართულებით.

სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს შორის მდინარე ჩრდილოეთის დონეცია, ხოლო ქალაქების დამაკავშირებელი ხიდები რუსულმა ძალებმა ააფეთქეს.

დონეცკის ოლქში მიმდინარე ბრძოლების რუკა – წყარო: Ukraine War Map

ლისიჩანსკზე რუსული შეტევის საფრთხე სამხრეთი მიმართულებიდანაცაა, სადაც რუსებმა მოახერხეს ქალაქ პოპასნას აღება და ახლა შეუძლიათ ჩრდილოეთით შეტევა, თუმცა ამ მიმართულებაზე მათ ძლიერი უკრაინული წინააღმდეგობა ხვდებათ.

უკრაინული მხარე პერიოდულად ახორციელებს მცირე კონტრშეტევებს, მათ შორის, ხარკოვის, ხერსონის, დონეცკისა და ზაპოროჟიის ოლქებში. უკრაინელებმა შეძლეს ხარკოვის ჩრდილოეთის გაწმენდა რუსული ძალებისგან და რიგ მიმართულებებზე რუსეთ-უკრაინის საზღვრამდეც კი მიაღწიეს.

უკრაინამ ინფრასტრუქტურის თანდათანობითი აღდგენა დაიწყო იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მანამდე დატოვა რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, მათ შორის, ჩერნიჰივის, კიევისა და სუმის ოლქებში.

რუსული საბრძოლო სტრატეგია და დასავლური დახმარება 

ტერიტორიული წინსვლისთვის რუსეთი ჯერ საჰაერო და საარტილერიო დარტყმებით ამუშავებს დასახლებებს, ხოლო შემდეგ ცდილობს ცოცხალი ძალით დაიკავოს ის.

ამ სტრატეგიის დროს იბომბება ქალაქები და სოფლები. შესაბამისად, როგორც წესი, ძალიან დიდია მსხვერპლი მშვიდონიან მოსახლეობაში.

გარდა ამისა, რუსეთი სარაკეტო დარტყმების დროს ცდილობს დააზიანოს ყველა შენობა ისე, რომ მისი გამაგრება შეუძლებელი იყოს, რის გამოც ქალაქები და სოფლები პრაქტიკულად ნადგურდება.

რუსული წინსვლის შეჩერებისა და კონტრშეტევაზე გადასასვლელად უკრაინა, მათ შორის, შორი მოქმედების საარტილერიო სისტემების მიწოდებას ითხოვს.

უკრაინაში უკვე ჩავიდა ბრიტანული, გერმანული, ავსტრალიური და ამერიკული სამხედრო დახმარების ნაწილი.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს, HIMARS-ს სარაკეტო სისტემების მიღებისთვის.

უკრაინამ ასევე მიიღო ამერიკული HARPOON-ის სარაკეტო სისტემები, რომლითაც ივნისის თვეში კუნძულ ზმეინთან რუსული საბუქსირე გემი ჩაძირეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი