ახალი ამბები

„გაგიჟებული ხარ… დაკარგე ადამიანური სახე“ — მდინარაძის დაპირისპირება ჟურნალისტთან

24 ივნისი, 2022 • 1379
„გაგიჟებული ხარ… დაკარგე ადამიანური სახე“ — მდინარაძის დაპირისპირება ჟურნალისტთან

„გატყობ, გაგიჟებული ხარ!.. თვალები გადმოყრილი გაქვს!“ — ასე მიმართა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა და დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტ  ნატა ქაჯაიას.

შემთხვევა, რომელიც ჟურნალისტმა გადაიღო, პარლამენტში, არასამუშაო გარემოში ხდება. ინციდენტის ამსახველი ორი ვიდეო გამოქვეყნდა – ერთი, რომელიც ჟურნალისტმა, სავარაუდოდ, ტელეფონით გადაიღო და ე.წ. სთორიში ატვირთა, ხოლო მეორე – ტელეკომპანიის კამერითაა გადაღებული.

ვიდეოები რამდენიმე წუთს გრძელდება. თუმცა თავდაპირველად გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ ინციდენტს ათამდე სხვა ჟურნალისტი ესწრება. ასევე, კადრებში ჩანს დეპუტატი გურამ მაჭარაშვილიც, რომელიც შორიახლოს დგას და დეპუტატს ესარჩლება.

ნატა ქაჯაია ჰყვება, რომ მდინარაძის მხრიდან აგრესია მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატს კითხვა დაუსვა. მამუკა მდინარაძე კი აცხადებს, რომ თავად იყო შეურაცხყოფის სამიზნე. ის ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

რას ჰყვება ჟურნალისტი

ნატა ქაჯაია ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობს, რომ გუშინ, 23 ივნისს, მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა პარლამენტარებისგან სიუჟეტისთვის პასუხები მიეღო. მას შაბათის გამოშვებისთვის რესპონდენტების ჩაწერა სჭირდებოდა, მათ შორის, მამუკა მდინარაძის.

ჟურნალისტი იხსენებს, რომ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა მდინარაძესთან საუბარს, „თუმცა რამდენჯერმე ის გამექცა“. ბოლოს, კი პარლამენტის სასესიო დარბაზთან ნახა, რა დროსაც ჟურნალისტებს არაფორმალურ გარემოში ესაუბრებოდა – „ხუმრობდნენ კიდეც“. სწორედ ამ დროს, როგორც ქაჯაია იხსენებს, დაუსვა კითხვა ნატა ქაჯაიამ დეპუტატს, რასაც ამ უკანასკნელის მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა.

გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც 1 წუთს გრძელდება დიალოგი ასე ვითარდება:

მამუკა მდინარაძე: შენთან ვერ ვიმეგობრებ იმიტომ, რომ თვალებგადმოყრილი ლაპარაკობ კორიდორში..

ნატა ქაჯაია: თვალებგადმოყრილი ვლაპარაკობ?

მამუკა მდინარაძე: კი!

ნატა ქაჯარია: კარგია, ყოჩაღ!

მამუკა მდინარაძე: ყოჩაღ კი არა, დაკარგე ადამიანური სახე

ნატა ქაჯაია: ახლა შენ ადამიანური სახე გაქვს?

მამუკა მდინარაძე: ახლა შენ მლანძღავ

ნატა ქაჯაია: შენ არ გამლანძღე?

მამუკა მდინარაძე: არა, მე სიმართლე გითხარი. მიხვდი, რაშია საქმე?

ნატა ქაჯაია: შენ, მამუკა, ახლა ხარ სამარცხვინო. ძალიან სამარცხვინო ხარ, ეს არ არის სწორი

„სამარცხვინო ხარო, გაუშვებ, რესპონდენტს რომ ეძახი?… თვალები გადმოყრილი გაქვს, ცუდად ხარ-მეთქი და გათიშე კამერა, წადი, წყალი დალიე-მეთქი. მართლა ცუდად ხარ. გატყობ, რომ გაგიჟებული ხარ და რატომ შვები?“ – ისმის მამუკა მდინარაძის ხმა.

კადრების ბოლოს მდინარაძის გაჩერებას, „ტვ პირველისვე“ ჟურნალისტი ცდილობს. ის ამბობს, რომ არ შეიძლება, „თვალებგადმოყრილს რომ ეძახით“, რაზეც მდინარაძე პასუხობს: „და მართლა ასეა, ხალხო!“.

„ნამდვილად არ იყო საქმიანი შეხვედრა, ხუმრობდნენ, იცინოდნენ, ლაპარაკობდნენ. ვერ ვიტყვი კითხვას, რომელიც მას დავუსვი, რადგან რეპორტაჟის გასვლამდე არ მინდა ეს გავაჟღერო, მაგრამ კითხვის გაგონების შემდეგ მამუკა მდინარაძემ დაიწყო პირდაპირი თავდასხმა. მითხრა, რამ გაგამწარაო, შემდეგ კი მოაყოლა, თვალები გაქვს გადმოკარკლული, რას ჰგავხარ, ცუდად ხარ, სახე გაქვს დაკარგული, გაგიჟებული ხარ და სხვა. მითხრა, ასევე, შენთან ვერ ვიმეგობრებო… ცხადია, მე არც მითხოვია მისთვის ეს.

ასევე, მიმართავდა ჩვენ გარშემო მყოფ ხალხს, დეპუტატებს, ჟურნალისტებს: შეხედეთ, რა დღეშია, თვალები ამოუვარდა, ვნერვიულობ, რამე არ დაემართოსო. დაახლოებით, აკეთებდა იმავეს, რასაც წინა დღეს აკეთებდა ირაკლი ღარიბაშვილი სხდომათა დარბაზში“.

ნატა ქაჯაია დასძენს, რომ შეურაცხყოფის დროს მდინარაძემ  ისიც გაიხსენა, რომ ტელეკომპანია „პირველამდე“  „იმედში“ მუშაობდა:

„მიწოდა მატყუარა, მითხრა, რომ ბიძინა ივანიშვილი ადრე შენთვის მისაღები იყო და ახლა რატომ არ არისო. მე, რა თქმა უნდა, განვუმარტე, თუ რატომ წამოვედი ტელეკომპანიიდან. მიმეორებდა, რომ არ სჯეროდა და მიწოდებდა მატყუარას.

გარეგნობასთან დაკავშირებით მაყენებდა შეურაცხყოფას, მიმეორებდა, რას ჰგავხარ, თვალები გადმოგივარდა… უნდოდა, შეურაცხყოფა მოეყენებინა ჩემთვის ჩემი კოლეგების, დეპუტატების თანდასწრებით. დავემცირებინე მათ დასანახად.“

ნატა ქაჯაია დარწმუნებულია, რომ მამუკა მდინარაძემ მასზე თავდასხმის გზა აირჩია, რადგან პასუხებისგნ თავი აერიდებინა.

„ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმა არა მხოლოდ ჩემ, როგორ ჟურნალისტის წინააღმდეგ, არამედ ასევე – ქალის წინააღმდეგაც. ამას ვამბობ გადაჭრით. საბოლოოდ, ეს დამოკიდებულება იმას ემსახურება, რომ თავი აარიდონ კრიტიკულ და არასასურველ კითხვებს, რომელიც ჩვენ, მათთვის მიუღებელ მედიას აქვს.

ასეთ დროს გადმოდიან თავდასხმაზე, რადგან ერიდებიან პასუხისმგებლობას. ხალხს რა კითხვებიც აქვთ მათთან, ცდილობენ, რომ მათ არ უპასუხონ. ანგარიშვალდებულებას ვერ გრძნობენ და ეს არის ყველაზე ცუდი რამ“, — დასძენს ის.

ინტერვიუს ბოლოს ჟურნალისტმა თქვა, რომ მომხდარმა მასზე დიდი ნეგატიური გავლენა იქონია — „ძალიან შეურაცხყოფილი ვარ. ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ ამას უყურებდა ორი დეპუტატი, რომლებმაც არაფერი გააკეთეს, ხმა არ ამოუღიათ“.

„ჩვენს გადაცემაზე შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც ჩვენ მივდივართ პარლამენტში, ყველას გვაყენებენ შეურაცხყოფას. არა მხოლოდ მდინარაძე, არამედ სხვა დეპუტატებიც. აქვე აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ როგორც წესი, მდინარაძე დერეფანში დგას ხოლმე, რომ  ჟურნალისტები „დააბულინგოს“, სხვადასხვა გზით გაარკვიოს, ვინ, რა კითხვა უნდა დასვას. ცდილობს, ყველასთან შევიდეს მეგობრულ ურთიერთობაში, რომ შემდეგ მასთან მწვავე კითხვების დასმა მოერიდოთ. ამ კაცის „მეორე საქმიანობა“ არის სწორედ ეს“ ,— ამბობს ნატა ქაჯაია.

მამუკა მდინარაძის პოზიცია

მანამ, სანამ უშუალოდ მამუკა მდინარაძე გვიპასუხებდა, ჩვენ დავუკავშირდით როგორც პრესსამსახურს, ასევე ვესაუბრეთ ფრაქციის აპარატის თანამშრომელს – არჩილ გორდულაძეს. ჩვენ ავუხსენით ვიდეოს შესახებ და მათ შორის ვკითხეთ, ხომ არ აპირებდა მდინარაძე ნატა ქაჯაიასთვის ბოდიშის მოხდას.

პირველი ზარიდან რამდენიმე საათში წერილობით გვიპსუხა თავად მამუკა მდინარაძემ. პასუხში ის ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ჟურნალისტთან ინტერაქცია მანამდე დიდხანს გრძელდებოდა. კერძოდ, ის წერს:

„ა, ბოდიშს თუ უხდისო, თქვენ დარეკეთ? ოცწუთიანი ლანძღვის, ყვირილის და მძიმე შეურაცხყოფის პასუხად ეტყვი ადამიანს, თან ჟურნალისტს, რომელიც ვითომდა ინტერვიუსთვის არის მოსული, დაწყნარდი, თვალები გამოგეყარა-თქო, იქით უნდა უხადო ამ დროს ბოდიშები? ვიდეო თუ გამოქვეყნდა, იქ არ არის ყველაფერი? რაღად უნდა განმარტება?“

ჩვენ ასევე მივწერეთ პარლამენტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარეს, ნინო წილოსანს და ვკითხეთ, რა რეაგირება ექნება მას. ნინო წილოსანს ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია ჩვენი კითხვისთვის.

მთავარი ფოტო: ტელეკომპანია „პირველი“

მასალების გადაბეჭდვის წესი